როგორი მამაკაცები ჭარბობენ ნინო მუმლაძის თაყვანისმცემელთა სიაში

როგორი მამაკაცები ჭარბობენ ნინო მუმლაძის თაყვანისმცემელთა სიაში

მსახიობი ნინო მუმლაძე სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი გახლავთ, მაგრამ ვირტუალურ სამყაროში პირადი ამბების გამოქვეყნებისგან თავს იკავებს. სამაგიეროდ, ნინოს გვერდზე ხშირად ნახავთ მისთვის სახალისო, საინტერესო ფოტოებს, სტატიებსა თუ ვიდეოებს... ერთ-ერთი ინფორმაცია, რამაც ნინო გაამხიარულა, მეცნიერების კვლევა გახლავთ (რომლის სარწმუნოობაზე თავს ვერ დავდებ): თურმე დიდმკერდიანი ქალბატონები მატერიალურად გაჭირვებულ მამაკაცებს მოსწონთ, მდიდრებს კი - მომცრო ზომის მკერდის მქონე ქალები...

- შემთხვევით, ერთ-ერთი მეგობრის "კედელზე" გაზიარებული სტატია ვნახე, სათაურით - "დიდმკერდიანი ქალები მშიერ და ღარიბ მამაკაცებს იზიდავენ", რაზეც ბევრი ვიცინე. ასეთი სტატიების "გადმოზიარება" მიყვარს. ძირითადად, "ფეისბუკს" სახალისოდ და კომუნიკაციისთვის ვიყენებ, თორემ ჩემი ფიქრების, შეხედულებებისა და სევდიანი განწყობილების სტატუსებად გამოქვეყნება არ მიყვარს. ზოგს მოსწონს, როცა ყველაფერს აღწერს, რაც მის ცხოვრებაში ხდება. რა ვჭამე, რას ვაკეთებ და მსგავს რაღაცებს "ფეისბუკზე" არასოდეს ვწერ. თუკი ვინმეს გვერდზე რაიმე სახალისოს, საინტერესოსა და ლამაზს დავინახავ, ჩემს გვერდზეც ვდებ, რომ მეგობრებს განწყობილება გავუუმჯობესო, მათთან ერთად ვიცინო... ზემოთ ნახსენებ სტატიას მივაწერე: აი, თურმე რაში ყოფილა საქმე. ხომ ვამბობ, - დამღუპავს-მეთქი (იცინის)?.. სტატიაში ეწერა, რომ თურმე, გამოკვლევის შედეგად დადასტურდა: "მშიერ კაცს დიდი ძუძუ უნდა". ახლა რა ვქნა? მოდი, ჯერ რამე შეჭამონ და მერე შემომხედონ (იცინის).

- პირადი გამოცდილების საფუძველზე გვითხარი, - სტატიის შინაარსი სიმართლეს შეესაბამება?

- შალვა ნათელაშვილის ნათქვამისა არ იყოს, თუკი გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს მოსახლეობის 95%-ს მატერიალურად უჭირს, ბუნებრივია - ჩემი "პაკლონიკების" სიასაც რომ გადახედო, იქაც გაჭირვებული ადამიანები ჭარბობენ (იცინის), მაგრამ ვერ ვიტყვი, - ვინც ჩემი გულის დაპყრობას ცდილობდა, ყველა ასეთი იყო-მეთქი; მათ შორის შეძლებული მამაკაცებიც გახლდნენ, მაგრამ ჩემი გულის საბოლოოდ მონადირება ვერავინ შეძლო.

- დღის განმავლობაში სოციალურ ქსელს რამდენ დროს უთმობ?

- ამჟამად, რადიო "აფხაზეთის ხმაზე" ვმუშაობ და როცა 5-საათი­ანი ეთერი მაქვს, ჩემი ერთ-ერთი მო­ვალეობაა, რადიოს "ფეისბუკის" გვერდზე გარკვეული ინფორმაციები, ლინკები "დავყარო". ბუნებრივია, ამ დროს "ფეისბუკის" პირადი გვერდიც ჩართული მაქვს. სოციალური ქსელით ღამით, დაძინებამდეც ვსარგებლობ - თვალს გადავავლებ ხოლმე, მაგრამ ინტერნეტდამოკიდებული არ ვარ. ჩემთვის სოციალური ქსელები პრიორიტეტული არ არის. უბრალოდ, "ფეისბუკზე" თითქმის ყველა ადამიანია დარეგისტრირებული. როცა რაღაც ინფორმაცია ან ვინმეს სასწრაფოდ პოვნა მჭირდება და მისი ტელეფონის ნომერი არ მაქვს, სოციალური ქსელის მეშვეობით დაკონტაქტება ძალზე კომფორტულია.

- სოციალური ქსელით მიღებულ ინფორმაციას ისე თუ გაუღიზიანებიხარ, რომ პირადი გვერდის გაუქმებაზე გეფიქრა?

- საერთოდ, ასეთი რაღაცები გულთან იშვიათად მიმაქვს. როცა სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები" ჩემი პერსონაჟი გამოჩნდა, დიდი ამბავი ატყდა - ეს ქალი დათოს ოჯახს როგორ უნ­გრევსო?!. რა თქმა უნდა, სოციალურ ქსელში უფრო მეტი პრეტენზია მესმოდა, ვიდრე - რეალურ ცხოვრებაში, მაგრამ არც ამას გავუღიზიანებივარ: ვხვდებოდი, რომ პრეტენზია ჩემთან კი არა, პერსონაჟთან ჰქონდათ. ვინც რეალობასა და სერიალს ერთმანეთისგან ვერ არჩევს, მასზე მხოლოდ მეცინება. გულჩვილი ადამიანი ვარ, მაგრამ ჩემს გასაბრაზებლად ისეთი რამ უნდა თქვა, რაც პირადად მე მეხება. უცნობი ადამიანების კრიტიკა არ მაწუხებს. მხოლოდ კომპეტენტური პიროვნების აზრს ვითვალისწინებ, ასევე - იმ ხალხის, ვინც რეალურად მიცნობს. არ მიყვარს, როცა ჩემი ცხოვრების რაღაც ეტაპები სხვისი განსახილველი ხდება. ამიტომ თავგადასავლებს სტატუსებად არ ვაქვეყნებ. ტუალეტში გადაღებულ ფოტოებზე ძალიან მეცინება, არადა, მთელი "ფეისბუკი" ამით არის აჭრელებული. ჩემთვის ეს ყველაზე სახალისო თემა გახლავთ: ვერაფრით ვხვდები - საპირფარეშოში სურათი რატომ უნდა გადაიღო (იცინის)? ასევე, არ მესმის - ფოტოებზე იმის აღბეჭდვა რატომ უნდა გინდოდეს, თუ რას ჭამ, რას იცვამ, ქუჩაში როგორ მიდიხარ?!. ალბათ, ამას ის ადამიანები აკეთებენ, ვისაც ყურადღება აკლიათ და ოცნებობენ, გარკვეულწილად მაინც იყვნენ პოპულარულები.

- როცა იმავეს ცნობილი ადამიანები აკეთებენ, შენი აზრით, მათ რა უნდათ?

- ალბათ - მეტი პოპულარობა. სურთ, რომ სულ ყურადღების ცენტრში იყვნენ...

- არადა, "ბანალური საკითხებით" ჟურნალისტების ინტერესი აღიზიანებთ.

- ვინაობის დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ მინახავს - ცნობილი ადამიანი ფოტოს აქვეყნებს, თუ როგორ წევს ლოგინში მეუღლესთან ერთად და წერს: "ძალიან ბედნიერები ვააართ". ბუნებრივია, ასე იმიტომ იქცევა, რომ ვიღაცამ პასუხი გასცეს. თუკი სხვების ცნობისმოყვარეობა აღიზიანებთ, ასეთ ფოტოს არც დადებდნენ.

- "ფეისბუკზე" აღგინიშნავს, - სად იმყოფები?

- ვისი რა საქმეა, სად ვარ და რას ვაკეთებ? არსად "ვჩექინდები". ერთადერთი გამონაკლისი შეიძლება, მაშინ იყოს, თუკი მინდა, მეგობრებიც იქ მოვიდნენ, სადაც მე ვარ და ვერთობი. როცა კონცერტზე ან ფილმის სანახავად მიდიან და ამას მიუთითებენ, ეს უბრალოდ, "მარიაჟობაა" და სხვა არაფერი.

- მეგობრებისთვის შენს "კედელზე" "დაპოსტვის" უფლება შეზღუდული გაქვს?

- არა, "დაპოსტვა" შეუძლიათ, მაგრამ პასუხს ყველას ვერ ვცემ. ხანდახან მწერენ, - რა ცუდი გოგო ყოფილხარ, რატომ არ მელაპარაკებიო? უცნობებისგან დღეში იმდენ წერილს ვიღებ, რომ შეუძლებელია, ყველას ვუპასუხო. ჩემს ინტერესებში არც შედის, რომ ვინც სოციალურ ქსელში დამიმეგობრებს, ყველასთან რეალურად ვიმეგობრო. ვისაც ჩემი "პოსტებისა" და სურათების თვალიერება სურს, ღმერთმა შეარგოს. მათ სამეგობრო სიაში მხოლოდ იმიტომ ვიმატებ, რომ არ ვაწყენინო. შეძლებისდაგვარად ვცდილობ, მათ შეტყობინებებს ვუპასუხო, მაგრამ ბევრნი არიან და რა ვქნა (იცინის)? "ფეისბუკზე" უამრავი მეგობარი მყავს. თავდაპირველად, როცა "ოდნოკლასნიკის" ბუმი იყო, იქ დავრეგისტრირდი, მაგრამ შემდეგ, მეგობრების სიაში ბევრი ხალხი დამემატა და "ანგარიში" გავაუქმე. მერე, "ფეისბუკსა" და "მაისპეისზე" ერთდროულად დავრეგისტრირდი, მაგრამ "მაისპეისით" ჩემი ძალიან ცოტა მეგობარი სარგებლობს - ინფორმაციის გაცვლისა და კომუნიკაციისთვის ნაკლებად მოსახერხებელი აღმოჩნდა. ამიტომ წლებია, ამ საიტზე არ შევსულვარ. "ფეისბუკზე" ყველა დარეგისტრირებულია და კომუნიკაცია უფრო ადვილია. თავდაპირველად, უცხო ადამიანებს მეგობრობის თხოვნაზე უარს ვეუბნებოდი, რის გამოც კრიტიკის წერილები მომდიოდა: მეგობრების სიაში იმიტომ არ მიმატებ, რომ თავში აგივარდაო და ა.შ. ჰოდა, ჩემი რა მიდის? უკვე ყველას ვიმატებ. გარკვეულწილად, ეს კარგია: სხვადასხვა ადამიანისგან ბევრი ინფორმაციის მიღება შემიძლია. თუკი ინფორმაციის გავრცელება თავად მინდა, ძალზე კომფორტულია, როცა ბევრი "ფრენდი" მყავს. მაგალითად, როცა რაღაც საღამო მიმყავს და მინდა, ბევრი ადამიანი გვეწვიოს, ამის შესახებ პირად გვერდზე "დაპოსტვა" უკვე დიდი რეკლამაა.

- სოციალურ ქსელში კამათში თუ ჩაბმულხარ?

- კამათს თავად არასოდეს ვიწყებ. რამდენჯერმე მივქარე და გარკვეულ საკითხზე საკუთარი მოსაზრება დავწერე. მაშინვე წინააღმდეგობის ტალღა წამოვიდა. როცა ჩემს მოსაზრებას აბსოლუტურად უცხო ადამიანი აკრიტიკებს, ბუნებრივია, ვღიზიანდები.

- "მოწონებების" ("ლაიქების") რაოდენობა შენს განწყობილებაზე მოქმედებს?

- არანაირად. ეს "ლაიქები" რას მაძლევს? ბევრი "მოწონება" თუ გაქვს, უფრო მაგარი ადამიანი ხარ თუ რა?

- "ფეისბუკზე" შეყვარებულისგან "ურთიერთობის" სტატუსის გამოგზავნა რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნია? შენი აზრით, ეს ნაბიჯი პირველად გოგონამ უნდა გადადგას თუ - ბიჭმა?

- ისეთი სერიოზული ურთიერთობა არავისთან მქონია, რომ ამაზე საჯაროდ ლაპარაკი მომინდეს. როცა ცხოვრებაში სერიოზული ნაბიჯის გადადგმას გადავწყვეტ და ვიტყვი, - აი, ჩემი რჩეული ეს გახლავთ-მეთქი, შესაძლოა, "ურთიერთობა" "ფეისბუკზეც" აღვნიშნო, რადგან ამის შესახებ ისედაც მთელი საქართველო შეიტყობს. თუკი წყვილს დემოკრატიული, თავისუფალი ურთიერთობა აქვს, ალბათ უმნიშვნელოა, "ფეისბუკზე" "ურთიერთობის" სტატუსს პირველად ვინ გაგზავნის ან საერთოდ - გაგზავნის თუ არა. მთავარია, ურთიერთობა რეალურად "დალაგებული" და გარკვეული ჰქონდეთ. ალბათ მაინც ძველი თაობის ადამიანად მივიჩნევი. თინეიჯერები სოციალურ ქსელზე ისე არიან დამოკიდებულნი, რომ ყველა ნიუანსს ყურადღებას აქცევენ.

- შენი ინტერნეტნაცნობობა რეა­ლურ ურთიერთობაში გადაზრდილა?

- კი, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა. რომანს - არა, მეგობრობას ვგულისხმობ. ხშირ შემთხვევაში, მიმოწერით გაცნობილი ადამიანი რეალურად სულ სხვანაირია.

- რეალურ მეგობარს ვირტუალური საქციელით (კომენტარით, სტატუსით...) გაუოცებიხარ?

- თუ გაოცდი, ე.ი. კარგად არ იცნობ. შეიძლება, უცნობ ადამიანთან მიმოწერით მოტყუვდე - თავი კარგ ტიპად მოგაჩვენოს, მაგრამ როცა ერ­თად ხართ გაზრდილები, "მოხარშულს" იცნობ, იმასაც ხვდები - ამა თუ იმ დროს ესა თუ ის სტატუსი რატომ დაწერა.

- სოციალურ ქსელში ვინმე "დაგიბლოკავს"?

- ძალიან ბევრჯერ.

- რა მიზეზით?

- უზრდელობის გამო. ხანდახან უხეშად მწერენ ან ზედმეტად ფამილიარულები ხდებიან. ჰგონიათ, თუ მეგობრების სიაში დავამატე ან ქათინაურის გამო მადლობა გადავუხადე, მათი უახლოესი მეგობარი ვარ და ყველაფრის თქმის უფლება აქვთ. ცხადია, ასე არ არის. ყველაფრის თქმას ხშირად, უახლოესი ადამიანებიც ვერ მიბედავენ, რადგან ეს ელემენტარულად, ზრდილობის საკითხია. უცნობ ადამიანს არაეთიკური, უხეში გამონათქვამები როგორ ვაპატიო? ასეთ ხალხს აუცილებლად "ვბლოკავ".

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება