სახელფასო უფსკრული კერძო სექტორში - საქართველოში ტოპმენეჯერები თანამშრომლებზე 100-150-ჯერ მეტ ხელფასს იღებენ

სახელფასო უფსკრული კერძო სექტორში - საქართველოში ტოპმენეჯერები თანამშრომლებზე 100-150-ჯერ მეტ ხელფასს იღებენ

საქართველოში ტოპმენეჯერთა ყოველთვიურ ანაზღაურებასა და უბრალო თანამშრომლებს შორის კატასტროფული სახელფასო სხვაობაა. ამიტომ დასაქმებულებში მუდმივად უკმაყოფილებაა. სახელფასო დისბალანსი, როგორც სახელმწიფო უწყებებში, ასევე კერძო სტრუქტურებში საკმაოდ დიდია.

"ამერიკაში, ასევე ევროპაში ტოპმენეჯერისა და მუშა-მოსამსახურის ხელფასებს შორის სხვაობა არის არაუმეტეს 1/15-თან. ეს ნიშნავს, რომ თუ მუშის ხელფასი არის 100 დოლარი, ტოპმენეჯერის - 1500 დოლარია. საქართველოში კი ეს დისბალანსი არის 1/150-თან, 1/120-თან და 1/100-თან, ნაკლები პრაქტიკულად, არსად არ არის. ასეთი დამოკიდებულება, ბუნებრივია, იწვევს უსამართლობის განცდას", - აცხადებს პროფკაშვირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.

კომპანიებში დასაქმებულ რიგით თანამშრომელსა და ტოპმენეჯერის ხელფასებს შორის დისპროპორცია რომ არსებობს და თანაც მაღალი, სტატისტიკოსი სოსო არჩვაძეც ადასტურებს. მისი თქმით, ზოგადად ყველაზე მაღალი რანგისა და ყველაზე დაბალი რანგის პირების ხელფასებს შორის განსხვავება არ უნდა იყოს 8-10-ჯერ მეტი.

"იაპონიაში დასაქმებულმა იცის თუ რა ფინანსები აქვს იმ კომპანიას, სადაც ის მუშაობს. მან ზუსტად იცის, რომ მენეჯერს მასზე მეტი ხელფასი აქვს, მაგრამ არა 100-150-ჯერ მეტი, როგორც საქართველოა, არამედ მაქსიმუმ 15-ჯერ მეტი. იაპონიაში სახელფასო ბალანსი სრულად არის დაცული. დაახლოებით ეს სიტუაციაა გერმანიაში, საფრანგეთში და განვითარებულ ქვეყნებში. ასეთი რამ ხდება მხოლოდ საქართველოში და საქართველოს მსგავს ქვეყნებში, სადაც იმის ამბიცია, რომ გარკვეული ნორმები დაწესდეს, სახელმწიფოს არ გააჩნია.

მერე რა, რომ კერძო კომპანიაა. კერძო კომპანია ხომ იმ ბიზნეს-გარემოში მუშაობს, რომელსაც მთავრობა და სახელმწიფო ქმნის. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს ინტერესებსაც უნდა ემსახუროს", - აღნიშნა პეტრიაშვილმა.

იმისათვის, რომ პრობლემა მოგვარდეს და დასაქმებულებში უსამართლობის გრძნობა შემცირდეს, პროფკავშირები გამოსავალს სპეციალური კომისიის შექმნაში ხედავს, რომელიც სახელფასო პოლიტიკაზე იმუშავებს.

"მე არ მაინტერესებს კომერციული სტრუქტურების კომერციული საქმიანობა. მე მაინტერესებს ის, რომ გამჭვირვალე იყოს ხელფასები შტატების მიხედვით. მაგალითად, გერმანიაში მთავრობა, პროფკავშირები და დამსაქმებელთა ასოციაცია ერთობლივად მუშაობს ანაზღაურების გეგმაზე. ხდება შეთანხმება ამა თუ იმ სექტორში რამდენი შეიძლება იყოს ხელფასის ზედა და ქვედა ზღვარი. დანარჩენს კი უკვე ბაზარი არეგულირებს, ვიღაცას აწყობს ეს ანაზღაურება და მუშაობს, ვიღაცას კი არა.

გერმანიაში ეს წესი დგინდება წელიწადში ერთხელ. შემდეგ ისევ იკრიბება სამთავრობო უწყება პროფკავშირებთან და დამსაქმებელთა ასოციაციასთან ერთად და დგინდება ახალი განაკვეთი. ასე ცხოვრობენ იმ ქვეყანაში, სადაც ხელფასი არის ნორმალური, მოსახლეობა დაცულია, სადაც შრომითი კონფლიქტი, პრაქტიკულად, არ არის, სადაც ეკონომიკური კრიზისი არაა. მესმის, რომ საქართველო გერმანია არ არის და ვერც იქნება ვერასდროს თუ ამ საკითხისადმი მიდგომა იქნება ისეთი ველური, როგორც დღესაა", - დასძინა პეტრიაშვილმა.

კომპანიებში დასაქმებულ რიგით თანამშრომელსა და ტოპმენეჯერის ხელფასებს შორის დისპროპორცია რომ არსებობს და თანაც მაღალი, სტატისტიკოსი სოსო არჩვაძეც აღიარებს. მისი თქმით, ზოგადად ყველაზე მაღალი რანგისა და ყველაზე დაბალი რანგის პირების ხელფასებს შორის განსხვავება არ უნდა იყოს 8-10-ჯერ მეტი. თუ სხვაობა უფრო მეტია, ეს უკვე სოციალურ უკმაყოფილებას, დაძაბულობას და საშემოსავლო სეგრეგაციას იწვევს.

"კერძო სტრუქტურებში ხელფასების დისპროპორციაზე როცა ვსაუბრობთ, გასათვალისწინებელია ერთი მომენტი. კერძოდ, კერძო კომპანიებში ხელფასი აღარ არის შემოსავლის ერთადერთი ან ძირითადი წყარო. ხელფასის პარალელურად, კერძო სექტორის ნებისმიერ ინსტიტუტში, ხელფასის გარდა, მენეჯერმა შეიძლება მიიღოს საკუთრების უფლების წილი, აქციებიდან შემოსავალი და ა.შ.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ დაქირავებული პირი იღებს მხოლოდ ერთი სახის შემოსავალს, ანუ თავისი შრომის ანაზღაურების შედეგს, ხოლო ტოპმენეჯერმა შეიძლება მიიღოს სხვა სიკეთეც. ამის გათვალისწინებით შეიძლება მართლაც იყოს მნიშვნელოვანი სხვაობა შემოსავლებში ერთი მხრივ დაქირავებით მუშაკსა და მეორე მხრივ მმართველობითი სფეროს წარმომადგენლებს შორის", - აცხადებს არჩვაძე.

საბაზრო ეკონომიკისა და კერძო საკუთრების წარმოებითი ურთიერთობებიდან გამომდინარე, ყოველთვის არსებობს სტიმულირების ფუნქცია და ხელფასს აქვს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, თითქმის გადამწყვეტი როლი. რამდენად არის ეს ზომა, პროპორცია დაცული და რამდენად შეესაბამება ეს რეალობას, არჩვაძის აზრით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევიდან გამომდინარეა შესასწავლი.

"ყველაზე მაღალი რანგისა და ყველაზე დაბალი რანგის პირების ხელფასებს შორის განსხვავება არ უნდა იყოს დაახლოებით 8-10-ჯერ მეტი. ჩვენთან, სხვაობა არის საკმაოდ დიდი. ბევრ მარეგულირებელ კომისიებში ხელფასები არის არა მარტო ქართული სინამდვილისთვის, არამედ მსოფლიო მასშტაბით ძალიან მაღალი.

გარდა მარეგულირებლებისა, საკმაოდ მაღალია დისპროპორცია კერძო კომპანიებში. მათ, ვგულისხმობ კერძო კომპანიებს, სრული თავისუფლება გაიგეს აბსოლუტურ თავისუფლებად და "მე ვარ და ჩემი ნაბადი"-ს პრინციპით მუშაობენ. არადა, ეკონომიკას აქვს თავისი შინაგანი კანონზომიერება და ასე მიშვება არ შეიძლება.

ის, რომ სახელფასო პოლიტიკაში მთლად ყველაფერი რიგზე არ არის, ერთ მაგალითსაც გეტყვით: დღეისათვის ჩვენთან საშუალო ხელფასის თანაფარდობა, მშპ-სა და მოსახლეობისერთ სულზე 160%-ის ფარგლებშია, მაშინ როცა ამერიკაში წლების განმავლობაში ეს თანაფარდობა 90%-ის ფარგლებში მერყეობს. იგივე სიტუაციაა ბალტიისპირეთში. ჩვენი ჩამორჩენა ამერიკასთან ეკონომიკური თვალსაზრისით უფრო მეტია, ვიდრე ხელფასების ჩამორჩენის მხრივ. გარდა ამისა, საქართველოში ხელფასების მიმღებთა სოციალური წრე იმდენად მცირეა, რომ სამუშაოების მოძიება გახდა ეგზისტენციალური პრობლემა", - დასძინა არჩვაძემ "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

ელზა წიკლაური

გაზეთი ”რეზონანსი”

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ