ქართველები მუდმივ ცაიტნოტში - რატომღაც დრო არავის არ ჰყოფნის

ქართველები მუდმივ ცაიტნოტში - რატომღაც დრო არავის არ ჰყოფნის

ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა დროის დეფიციტს განიცდის. მიზეზი მისი არასწორი გადანაწილებაა. "რეზონანსმა" გამოკითხვისა და დაკვირვების შედეგად დაადგინა, რომ მოსახლეობის უმეტესობა მუშაობას, ძირითადად, 11 საათზე იწყებს და 7-9 საათზე ამთავრებს.

რამდენიმე დღის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ერს დროის სწორად მართვისკენ მოუწოდა. ილია მეორემ საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებაში დროის ნაყოფიერად გამოყენების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მისი დაფასების თვალსაზრისით გერმანიის მაგალითი მოიყვანა. უწმინდესის თქმით, იქ პროფესორი მუშაობას დილის 6-7 საათზე იწყებს.

"რეზონანსი" დაინტერესდა როგორია ქართველების სამუშაო განრიგი. ჩვენ ამის გასარკვევად, პეკინის გამზირზე გავედით, სადაც დილის 10-11 საათზე მაღაზიები კვლავ დაკეტილი დაგვხვდა.

როგორც ჩანს, დროის მენეჯმენტის და მისი მოფრთხილების სწავლა მხოლოდ კონსულტანტებისთვის არ ყოფილა საჭირო. დავადგინეთ, რომ თურმე პატრიარქის ინიციატივა ყველა სფეროს წარმომადგენელმა უნდა გაითვალისწინოს.

"გვიან ვწვები და, შესაბამისად, დილით ადრე ვერ ვდგები ხოლმე. ამიტომ მუშაობას 12 საათზე, ხანაც 1-ზე, ხან კი სულაც 2 საათზე ვიწყებ. სამუშაოსთვის კონკრეტული დრო არ მაქვს გამოყოფილი. არ აქვს მნიშვნელობა, სამსახურში რომელზე მივალ, მთავარია ის საქმე გავაკეთო, რაც მევალება. უფროსი შედეგზეა ორიენტირებული და არა იმაზე, მე რა დროს დავყოფ ოფისში.

დღეს ვგეგმავ ისე, როგორც მინდა. მთავარია, ის საქმე გავაკეთო, რომელიც მევალება. ყოფილა შემთხვევა, 24-საათიან რეჟიმშიც კი მიმუშავია. ქართველებმა ნორმა არ ვიცით - ან თავი უნდა შევაკლათ რაღაცას, ან ბოლომდე არ მივიყვანოთ და დავიზაროთ", - ამბობს მარიამ ბუცხრიკიძე.

მარიამ ბუცხრიკიძის მსგავსად, ნათია ახალკაციც დროის სიმცირეს უჩივის. ქართველებში ორი უკიდურესობა არსბეობს. ჯერ დრო სიზარმაცის გამო უქმად გაჰყავთ და ბოლოს საქმეს უკანასკნელ წუთებში ძლივს აწსრებენ. ზოგიერთი კი სამსახურზეა თავგადაკლული და მზად არის მთელი ცხოვრება მუშაობას შესწიროს. მაგალითად, ასეთია 28 წლის ნათიაც.

"ერთ-ერთ მაღაზიაში ვმუშაობ, რომელიც 11 საათზე იღება და 9 საათზე იკეტება. 10 საათი გვიწევს მუშაობა, ფაქტობრივად, მთელი დღე იკარგება. რა თქმა უნდა, ასეთ რეჟიმში ყოფნა ახალგაზრდა გოგოსთვის რთულია. სჯობს, საქმეს დღის მეორე ნახევრამდე მორჩე და დანარჩენი მონაკვეთი პირად ცხოვრებას დაუთმო.

არ მიყვარს დროის ტყუილად ფლანგვა. ამიტომ ქართველების ფუქსავატობა და საქმის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ძალიან მაღიზიანებს. ჩემ გარშემო ბევრია ისეთი, ვინც დროს ფლანგავს და საქმე ბოლო წუთებამდე მიჰყავს. ჩვენნაირ მოუწესრიგებელ ერს რეჟიმში ჩადგომა ნამდვილად არ აწყენდა," - ამბობს ნათია ახალკაცი.

გიორგი ასპანიძე უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ქადაგებას ეხმიანება და იმ დადებით მხარეებზე საუბრობს, რაც მისი გათვალისწინების შემთხვევაში შეიძლება მოხდეს. იგი, მიუხედავად დადებითი განწყობისა, ამ ინიციატივის შესრულებას საკმაოდ რთულად მიიჩნევს.

"პატრიარქის თქმის არ იყოს, ქართველები დროს სათანადო ყურადღებას მართლაც არ ვაქცევთ. მე პირადად სამსახური 11 საათზე მეწყება. გვიან დაძინების გამო, ძლივს ვასწრებ მომზადებას. ყოფილა შემთხვევა 10-15 წუთითაც კი დამიგვიანია ხოლმე.

საზღვარგარეთ შრომას მართლაც 6-7 საათზე იწყებენ, ჩვენ კი, ძირითადად, 11-ზე. სხვაობა 5 საათია და ეს პატარა დრო არ არის. ჩვენც ადრე რომ მივეჩვიოთ გაღვიძებასა და სამსახურში წასვლას, რამდენს მოვიგებთ? ეს სათქმელად ადვილია, მგარამ გასაკეთებლად ძალიან რთული გახლავთ. როგორია მთელი ერი სხვა რეჟიმზე გადმოეწყოს", - ამბობს გიორგი ასპანიძე.

თამარ კოხტაშვილიც დროის დეფიციტს განიცდის. იგი ზოგჯერ საქმის მოსწრებასაც ძლივს აღწევს. ძნელი სათქმელია, ეს არასწორი გადანაწილების თუ ქართული ხასიათის ბრალია. ფაქტი ერთია, რომ 19 წლის გოგონას არ ჰყოფნის 24 საათი იმისთვის, რომ მუშაობაც მოასწროს და სწავლაც. ამიტომ იძულებული შეიქნა, არჩევანი ერთ-ერთ მათგანზე გაეკეთებინა.

როგორც თამარმა "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, ამ ეტაპზე მან უარი განაცხადა მუშაობაზე და ლექციები შუადღის საათებში აირჩია. აღმოჩნდა, რომ დილის ძილი ქართველების უმეტესობას ძლიერ ჰყვარებია.

"დროის დეფიციტს განვიცდი. ვიცი, საჭიროა მისი სწორად გადანაწილება, მაგრამ ვერ ვახერხებ. არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას - რა მნიშვნელობა აქვს საქმეს, როდის გააკეთებ.

მთავარია, ხარისხი და ამის მისაღწევად კი დროის სწორი გადანაწილებაა საჭირო. რა მონაკვეთში მოახდენ შენი შესაძლებლობის აფიშირებას, ამას ძალიან დიდი დატვირთვა აქვს.

დილით გონება უფრო ფხიზელია და მეტად სწრაფად და უკეთ აზროვნებ, ამიტომ სჯობს, 24- საათიან მონაკვეთში საქმე თუნდაც გამთენიისას 6-7 საათზე დაიწყო. ეს საკუთარ თავზე მაქვს რამდენიმეჯერ გამოცდილი და კარგი შედეგიც მიმიღია. ვაღიარებ, ძალიან რთულია, რადგან, უკვე 15 წელია მუშაობას 10 საათზე ვიწყებ და ახლა სხვა რეჟიმზე გადაწყობა გამიჭირდება.

მეორე მხრივ, პატრიარქის ეს ინიციატივა მხიბლავს, რადგან დროის დეფიციტს მართლაც განვიცდი და მისი აღმოფხვრა ძალიან მსურს. რა სჯობს შვილებთან, მშობლებთან, მეგობრებთან ყოფნის შესაძლებლობა რომ მოგეცემა. მე ამას ჯერჯერობით ვერ ვახერხებ", - ამბობს პაატა ვარდიაშვილი.

მარიამ აფციაური

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია