მიხეილ მაჭავარიანი - არ მესმის, რამ გამოიყვანა წყობიდან კახი კალაძე და რატომ დაკავდა წყევლა-კრულვით

მიხეილ მაჭავარიანი - არ მესმის, რამ გამოიყვანა წყობიდან კახი კალაძე და რატომ დაკავდა წყევლა-კრულვით

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, მიხეილ მაჭავარიანს არ ესმის, "რამ გამოიყვანა წყობიდან კახი კალაძე და რატომ დაკავდა წყევლა-კრულვით".

კალაძის მხრიდან "ნაციონალური მოძრაობისადმი" წაყენებულ ბრალდებებს დღეს მაჭავარიანი გამოეხმაურა. როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები გადაჭრას ვერ ახერხებს, გამოსავალს ოპოზიციასთან ბრძოლაში ხედავს.

"პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ არასერიოზული და ძალიან ცუდი ტონია, როცა პოლიტიკოსი – ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი და მმართველი პარტიის გენერალური მდივანი უწმაწური სიტყვებით საუბრობს. მეორე – მიხეილ სააკაშვილი დგას უკრაინელი ხალხის გვერდით. პირველივე დღეებიდან, როცა მაიდანზე ხალხი თავისი ევროპული არჩევანის დასაფიქსირებლად შეიკრიბა, მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, მათ შორის გია ბარამიძე, გიორგი ვაშაძე, სერგო რატიანი, დავით საყვარელიძე ამ ხალხის გვერდით იყვნენ, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, ვინც ამართლებდა და იძახდა, რომ "უკრაინა მხოლოდ მაიდანი არ არის". გაიხსენეთ, ვის ეკუთვნის ეს განცხადება. ჩვენ უკრაინელ ხალხს სოლიდარობა თავიდანვე გამოვუცხადეთ და პარლამენტში რეზოლუციის პროექტიც შევიტანეთ. რეზოლუცია მხოლოდ მეორე ცდაზე გავიდა – ის პირველ ცდაზე უმრავლესობამ დაბლოკა. მიხეილ სააკაშვილი დგას დღეს უკრაინაში და ეხმარება უკრაინელ ხალხს იმისთვის, რომ საქართველომ წარმატებულად გაიაროს პერიოდი, როცა მართლაც სახიფათო, ახალი აგრესიული ტალღა შეიძლება დაიწყოს რუსეთიდან", – განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მაჭავარიანმა.

მაჭავარიანი განმარტებას დეპუტატ გიორგი ვაშაძის განცხადებასთან დაკავშირებითაც აკეთებს და ამბობს, რომ სატელევიზიო ეთერში ვაშაძემ არა საოკუპაციო, არამედ რუსული ბაზების არსებობის საკითხზე ისაუბრა.

"იანუკოვიჩმა უკრაინაში რუსულ ჯარების ყოფნაზე ხელი მოაწერა. ეს შეიძლება კალაძემ არ იცოდეს. ჩვენ, ზეწოლის მიუხედავად, ეს არ გაგვიკეთებია. დღეს, დე-იურე რუსული სამხედრო ბაზები საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფება. არის საოკუპაციო ჯარი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია და მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ეგონა, რომ ის შეჩერდებოდა, არ ჩერდება. აქ კი არ უნდა ვიკინკლაოთ, ერთმანეთს ნიშნის მოგებით კი არ უნდა ველაპარაკოთ, ერთად უნდა ვიფიქროთ, როგორ გავუმკლავდეთ მავთუხლართების, მცოცავი ოკუპაციის პრობლემას", – აცხადებს მაჭავარიანი.

რაც შეეხება ამერიკაში ქართული დელეგაციის ვიზიტის თემას, მაჭავარიანის თქმით, ამასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" რეაქცია ადეკვატური იყო.

"მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშველოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ამერიკაში გამართული ვიზიტები პრეზიდენტთან და ყველა იმ ადამიანთან, რომელიც საქართველოს მხარდამჭერია. ეს პოლიტიკა გრძელდება, რასაც მივესალმებით და არ ვადარებთ ერთმანეთს, ვინ სად შეხვდა პრეზიდენტს, ვინ მარტომ ჩამოართა ხელი, ვინ ესაუბრა და ვინ შეადარეს ამერიკის დამფუძნებელ მამებს და ასე შემდეგ. ამაზე ხომ არ ვსაუბრობთ დღეს? ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ მოვაგვაროთ პრობლემები, მაგრამ სამწუხაროდ, იმის მაგივრად, რომ პრობლემები მოაგვარონ, უმუშევრობას ებრძოლონ, საქმე აკეთონ და ხალხი დაასაქმონ, ოპოზიციაზე თავდასხმით არიან დაკავებული, რაც არის ყველაზე დიდი შეცდომა", – აცხადებს მაჭავარიანი.

მაჭავარიანი "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას კალაძის განცხადების იმ ნაწილსაც გამოეხმაურა, რომელიც ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახებისთვის ბოდიშის მოხდას ეხება და განაცხადა, რომ ისინი ამ ხალხის წინაშე ქედს იხრიან, მათ გვერდით იდგნენ და დღესაც დგანან.

"უბრალოდ, არ მესმის, რამ გამოიყვანა წყობიდან ეს ადამიანი. იმის მაგივრად, რომ მთავრობის წარმომადგენელმა ხალხის გაერთიანებაზე, პრობლემების მოგვარებაზე იფიქროს, ასეთი წყევლა-კრულვით არის დაკავებული. როგორც ჩანს, სხვა გზა არა აქვს, სხვა გზას ვერ ხედავენ, გარდა იმისა, რომ ებრძოლონ ოპოზიციას", – აღნიშნა მაჭავარიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა