სოფია სებისკვერაძე - "ტრუსებსა" და ვირტუალურ სამყაროზე

სოფია სებისკვერაძე - "ტრუსებსა" და ვირტუალურ სამყაროზე

მსახიობ სოფია სებისკვერაძისთვის ტელევიზია ინტერნეტმა ჩაანაცვლა: ბევრ გადაცემას სწორედ ინტერნეტში უყურებს მაშინ, როცა სცალია... ამჟამად სოფიას ახმეტელის თეატრში რეპეტიციები აქვს: პაველ პრიაშკოს პიესის - "ტრუსები" მიხედვით ბელორუსი რეჟისორი - კალევ კუდუ სპექტაკლს დგამს.

- სპექტაკლი ერთ გოგონაზეა, რომელიც ტრუსებს აგროვებს. ჩემს პერსონაჟს - ნინას ხალხთან ურთიერთობა არ გამოსდის. ძირითადად, ერთ ბიჭთან, ვირტუალურად მეგობრობს... ყველაფერს ვერ მოგიყვებით (იცინის).

- მაშინ შენი ვირტუალური სამყაროს შესახებ გვიამბე: სოციალური ქსელით ხშირად სარგებლობ?

- დღის განმავლობაში სოციალური ქსელით რამდენჯერმე ვსარგებლობ, განსაკუთრებით - "ფეისბუკით". ეს უკვე ჩვევაში გადამეზარდა: როცა მცალია, "ფეისბუკზე" შევდივარ, ამბებს ვიგებ და გამოვდივარ ან შეიძლება, ჩართულიც დავტოვო.

- სოციალურმა ქსელმა ხომ არ გაგაზარმაცა? მეგობრებთან პირადად შეხვედრას ვირტუალურ მოკითხვას ხომ არ ამჯობინებ?

- მხოლოდ მე კი არა, მგონი, ეს პრობლემა მთელ ცივილიზებულ სამყაროს აწუხებს, XXI საუკუნის სენია: ადამიანები ერთმანეთთან რეალურ ცხოვრებაში ურთიერთობას გადაეჩვივნენ. ურჩევნიათ, მეგობრებს ვირტუალურ სივრცეში ელაპარაკონ, ალბათ იმიტომ, რომ ეს კომფორტულიც არის. ხომ იცი, ადამიანთან შეხვედრა წინასწარ უნდა დაგეგმო, ინტერნეტსივრცეში კი მაშინ დაელაპარაკები, როცა გინდა. შეიძლება, რამდენიმე თვე ისე გავიდეს, მეგობრებმა ერთმანეთი ვერ ვნახოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველდღე არ ვკონტაქტობთ.

- სოციალურ ქსელში შენს ყურადღებას რა სახის ინფორმაცია იპყრობს? შენს "კედელზე" რას აქვეყნებ ხოლმე?

- რაც მაინტერესებს და ჩემზე ზეგავლენას ახდენს, იმას ვაქვეყნებ. შესაძლოა, ეს იყოს: მუსიკა, სტატია, ფოტოგრაფების ნამუშევრები... მოკლედ, სხვადასხვა სახის ინფორმაციას "ვაზიარებ", მაგრამ ჩემს ფოტოებს - არასოდეს.

- შვილთან - მარიამთან ურთი­ერთობის შესახებ წერ ხოლმე, როცა მაგალითად, შენი გოგონა "არასაბავშვო" შეკითხვებს გისვამს. ამ "პოსტებს" თავად მარიამი თუ კითხულობს და როგორი რეაცია აქვს?

- ხანდახან აპროტესტებს. ზოგჯერ, თუ რაღაც სასაცილო ამბავი გადაგვხდება, ღიმილით ამბობს, - დედა, იცოდე, ახლა ეს არ "დაპოსტოო" (იცინის). ვფიქრობ, ეს უწყინარი "პოსტებია": გულსატკენი არ არის, პირიქით - სასაცილოა. მარიამიც ზუსტად ხვდება, როდის და რას დავწერ.

- რამდენი ხანია, რაც მარიამი სოციალურ ქსელშია ჩართული?

- დაახლოებით 4 წელია.

- რამდენი წლის არის?

- 11-ის.

- როგორც ვიცი, "ფეისბუკზე" დასარეგისტრირებლად ასაკობრივი შეზღუდვა არსებობს.

- ჰო, მაგრამ მისი თანატოლებიც, მისი სკოლის მეგობრებიც სოციალურ ქსელში არიან ჩართული.

- მარიამს ვირტუალურ სამყაროში თუ აკონტროლებ?

- არა. ხანდახან ვფიქრობ, - ეს საჭირო ხომ არ არის? ის თავისებური და ჭკვიანი ბავშვია. არასდროს გამჩენია სურვილი, რომ "ფეისბუკზე" მისი პირადი გვერდის პაროლი მცოდნოდა. ვფიქრობ, არ შეიძლება, მის სამყაროში უხეშად ჩავერიო, მით უმეტეს, რომ დროს თავადაც ზუსტად ანაწილებს: იცის, კომპიუტერთან როდის დაჯდეს, როდის იმეცადინოს... ვამპირების შესახებ სერიალებს უყურებს და ძირითადად, ამის გამო "ვჩხუბობთ". ასეთ დროს ვეუბნები, რომ იმეცადინოს, დრო უქმად არ დაკარგოს.

- სოციალურ ქსელში კამათში ჩაბმულხარ?

- ასეთი რამ ბევრჯერ მომხდარა. ყოფილა შემთხვევა, როცა რაღაც სწორად არ გაუგიათ და შეურაცხყოფაც მოუყენებიათ. სოციალურ ქსელში ვინმეს ლანძღვა არ მიყვარს. ისედაც, კონფლიქტური ადამიანი არ ვარ. ჩემს აზრს კორექტულად ვაფიქსირებ.

- რა მიზეზით შეიძლება, ადამიანი "დაბლოკო"?

- ადრე მეგობრების სიაში უფრო მეტ ადამიანს ვიმატებდი, ახლა - თუ 50-100 საერთო მეგობარი არ გვყავს, აღარ ვიმატებ... "ფეისბუკზე" 4000-მდე მეგობარი მყავს და დღეში 20-30 ადამიანს მაინც აინტერესებს, - როგორ ვარ, რას ვაკეთებ? ცხადია, ყველას ვერ ვუპასუხებ. ამიტომ ძირითადად, "სამეგობროში" ისეთ ადამიანებს ვიმატებ, ვისაც ვიცნობ ან ბევრი საერთო მეგობარი გვყავს. როცა მწერენ, - რა ლამაზი ხარო და სადმე ყავის ან ჩაის დასალევად მეპატიჟებიან, მას მაშინვე "ვბლოკავ"... აგრესიულ ადამიანებსაც ანალოგიურად ვექცევი. მაგალითად, ამას წინათ ერთი გოგო "დავბლოკე", რომელიც სულ გატყავებული ძაღლების, კატების, დამხრჩვალი ადამიანების, ჩონჩხების ფოტოებს აქვეყნებდა. შეიძლება, ასეთი ფოტო ადამიანმა რამდენჯერმე დადოს, მაგრამ როცა სულ ასე იქცევა, ცოტა არ იყოს, დამთრგუნველია... მოკლედ, ვისი პოსტებიც მთრგუნავს, ისეთ ადამიანებს "ვბლოკავ" ხოლმე.

- უცნობ ადამიანთან ვირტუალური ურთიერთობა რეალურ ცხოვრებაში თუ გაგიგრძელებია?

- როგორ არა! ვირტუალურად მეგობრები ვყოფილვართ, მერე ქუჩაში შემთხვევით შევხვედრივართ. ადამიანს 1-2 წელი ინტერნეტით რომ ეკონტაქტები და მერე მოულოდნელად, ქუჩაში ხვდები, რაღაცნაირად სასიამოვნოა...

- ვირტუალური მეგობრის პირადად გასაცნობად შეხვედრა არასდროს დაგიგეგმავს?

- არა (იცინის). ადამიანის ცხოვრებაში ეს ყველაზე სასაცილო მომენტად მიმაჩნია და ამას ალბათ, ვერასოდეს გავაკეთებ.

- შენი "ფრენდების" ვირტუალურ აქტიურობას გონების თვალი გადაავლე და გვითხარი, - საზოგადოებაზე როგორი წარმოდგენა გაქვს?

- ეს ძალიან რთული შეკითხვაა. სოციალურ ქსელში ნებისმიერი შეგნების, დონის, განათლების, ინტელექტის ადამიანი შეიძლება იყოს ჩართული. მაგალითად, ზოგი ყველაფერს, რასაც აკეთებს, ინტერნეტში "პოსტავს". ვიღაცისთვის სოციალური ქსელი მართლა დღიურივით არის. ხანდახან ისეთ რაღაცებს აქვეყნებენ, რომ ხვდები, ადამიანი კონკრეტულ ერთ დღეს როგორ ატარებს; ზოგი ლექსებს აქვეყნებს... ადამიანის პირად გვერდზე რომ შევდივარ, მისი პიროვნების ფსიქოტიპს მაშინვე ვხვდები

- "პოსტებით", "დაშეარებული" მასალით ეს მარტივი გამოსაცნობია.

- "ფეისბუკით" "ხმამაღალი" განცხადება თუ გაგიკეთებია ან ისეთი რამ თუ დაგიწერია, რაც შემდეგ გინანია?

- ახლახან იყო შემთხვევა, როცა ჩემი "პოსტი" სტატიისთვის გამოიყენეს. ის "სტატუსი" მართლა გულისწყვეტით დავწერე. მინდოდა, ხალხი გამეფრთხილებინა, რადგან საკითხი ადამიანების დამცირებას ეხებოდა და არა - წარმატებას. გულისტკივილით დაწერილი "პოსტი" ერთ-ერთ საიტზე ისეთი სათაურით გამოაქვეყნეს, რომელიც კონტექსტში საერთოდ არ "ჯდებოდა". თან, ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ ბევრმა ადამიანმა (მათ შორის - ჩემმა მეგობრებმაც), რომელმაც "პოსტი" "დამილაიქა", სტატიის გამოქვეყნების მერე, ჩათში მომწერა, - შენ ხომ არ გაგიჟდი, ეს რა დაგიწერიაო? სტატია ცოტამ წაიკითხა, შინაარსი მხოლოდ სათაურით განსაზღვრეს.

- რამდენი ხანია, რაც სოციალური ქსელებით სარგებლობ?

- დაახლოებით 8 წლის წინ, პირველად "მაისპეისზე" დავრეგისტრირდი, შემდეგ "ოდნოკლასსნიკით" ვსარგებლობდი, რომელიც მალევე გავაუქმე; მერე "ფეისბუკზე" დავრეგისტრირდი. სხვა ქსელებით არ მისარგებლია - ამდენი თავისუფალი დროც არ მაქვს.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება