ნიკოლოზ ვაშაკიძე - აშშ შეეცდება, საქართველოს MAP-ი მიენიჭოს და სირცხვილის ჭამა მეორედ არ დაუშვას

ნიკოლოზ ვაშაკიძე - აშშ შეეცდება, საქართველოს MAP-ი მიენიჭოს და სირცხვილის ჭამა მეორედ არ დაუშვას

მოახლოებულ ნატო-ს სამიტზე ამერიკის შეერთებული შტატები მაქსიმალურად შეეცდება, საქართველოს MAP-ი მიენიჭოს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ ვაშაკიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა.

ნიკოლოზ ვაშაკიძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის და ქართული დელეგაციის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა, რომ მაღალი რანგის ოფიციალური განცხადებებიდან, რაც ამერიკაში გაკეთდა, განსაკუთრებით შინაარსობრივი იყო სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებები.

"ტექსტისა და ტონის გაძლიერების თვალსაზრისით, სერიოზული ცვლილება იგრძნობა. პირდაპირი ტექსტით და ამ სიტყვის პირდაპირი გამოყენებით, დაგმობილია რუსეთის ოკუპაცია, მკაფიო მხარდაჭერაა გამოხატული საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.

პირდაპირ ითქვა - აშშ გააკეთებს ყველაფერს, რომ დააჩქაროს საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, ხოლო მოახლოებულ ნატო-ს სამიტზე ამერიკა მაქსიმალურად შეეცდება, საქართველოს მიენიჭოს ნატო-ში წევრობის სამოქმედო გეგმა, ე.წ. მაპ-ი. იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის ანალოგიური მცდელობა ბუქარესტის სამიტზე წარუმატებლად დასრულდა, გამოვრიცხავ იმას, რომ ვაშინგტონმა მეორედ დაუშვას სირცხვილის ჭამა",- განაცხადა ვაშაკიძემ.

მისივე თქმით, რადგან ამერიკის მხრიდან ამგვარ განცხადებები კეთდება, უნდა ვივარაუდოთ, რომ ნატო-ს ლონდონის სამიტისთვის ეს საკითხი სერიოზულად მზადდება.

"როგორც ჩანს, იმ ოპონენტებთანაც, რომლებმაც ბუქარესტში დაბლოკეს საქართველოსათვის მაპ-ის მიცემა, მიმდინარეობს შესაბამისი მუშაობა.

სხვათა შორის, გერმანიაშიც შეიმჩნევა გაღიზიანება ვლადიმერ პუტინით, რაც მთლად ასე არ იყო ბუქარესტის სამიტის წინ. როგორც ჩანს, იმისათვის, რომ საქართველომ ნატო-ში გაწევრიანების გზაზე შემდეგი დიდი ნაბიჯი გადადგას, დასავლეთში დღეს გაცილებით უფრო სასიკეთო განწყობაა, ვიდრე ეს იყო რამოდენიმე წლის წინ. ვაშინგტონში საქართველომ ძალიან სასიკეთო სიახლეები მიიღო. ვაშინგტონში გაკეთებული განცხადებები დატვირთულია კონკრეტული შინაარსით, რაც ოპტიმიზმის იმედს გვაძლევს.

თუმცა, ერთი რამ უნდა გვახსოვდეს - ამ ვიზიტის შედეგები არანაირად არ გამომდინარეობდა ქართული მხარის ნაყოფიერი მუშაობისაგან. ვითარებამ მოიტანა და რადიკალურად შეიცვალა დასავლეთის პოზიცია პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ. ამას პროვოცირება გაუკეთა უკრაინის მოვლენებმა და მასში რუსეთის ნეგატიურმა ჩარევამ და როლმა",- განაცხადა ვაშაკიძემ.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დასავლეთმა რუსეთს უკრაინის მოვლენებზე სერიოზული პასუხი გასცეს.

"ასე ვითარებაში, მიღებულია გადაწყვეტილება სერიოზულად დაუჭირონ მხარი საქართველოს და შესაძლოა სხვა ქვეყნებსაც, მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ - რუსეთის პასუხი ამ ყველაფერზე, პირველ რიგში, სავარაუდოდ, იქნება ისევ დარტყმა საქართველოზე, რადგან ისინი ევროკავშირსა და ამერიკას ვერ დაუპირისპირდებიან. ამ თვალსაზრისით, ჩვენს გარშემო ვითარება, რა თქმა უნდა, იძაბება და მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მზად, რომ ღირსეულად დავხდეთ ამ გამოწვევას", -დასძინა ვაშაკიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა