"შვილს იმაზე ველაპარაკებოდი, სად უნდა დაკრძალულიყო" - 17 წლის ტრაგიკულად აღსრულებული ქართველი ბერის ცხოვრება - ამბავი ''ამბებისთვის''

"შვილს იმაზე ველაპარაკებოდი, სად უნდა დაკრძალულიყო" - 17 წლის ტრაგიკულად აღსრულებული ქართველი ბერის ცხოვრება - ამბავი ''ამბებისთვის''

17 წლის ბერის ცხოვრებისა და ტრაგიკული აღსასრულის შესახებ საზოგადოებამ კარგად იცის... ის 3 წლის წინ გარდაიცვალა და ანტონ მარტყოფელის სახელობის სამონასტრო კომპლექსის ეზოშია დაკრძალული... 23 თებერვალს 20 წლის გახდებოდა...

სიცოცხლის ბოლო პერიოდში საოცარ ტანჯვას გაუძლო. ის მშობლების ერთადერთი შვილი იყო (ოჯახი სოხუმიდან არის დევნილი), თუმცა როგორც დღეს დედამისი, მილედი (თინა) ჩხვიმიანი ამბობს, ის უფლის შვილი იყო და მისთვის ეწამა...

სიკვდილის წინ დედას საოცარი ანდერძი დაუტოვა: ეზრუნა ონკოლოგიური პრობლემების მქონე ბავშვებზე. დედამ შვილს ანდერძი აუსრულა, დღეს ის "ბერი ანდრიას სახელობის ფონდს" ხელმძღვანელობს, რომელიც ონკოდაავადებების მქონე პატარებს პატრონობს და დედურ მზრუნველობას უწევს.

გუშინ დედის დღე იყო და სწორედ ამიტომ, გვინდა კიდევ ერთხელ შეგახვედროთ ამ ქალბატონს. ბერი ანდრიას შესახებ საუბარი კიდევ ერთხელ ვთხოვეთ, რომ მათი საოცარი დედაშვილობის შესახებ კიდევ მოგვეთხრო მკითხველისთვის.

- როგორი იყო ბერი ანდრია ბავშვობაში?

- ძალიან მშვიდი და საყვარელი ბავშვი იყო, ნიჭიერიც, კარგად წერდა, მაგრამ ცოდნა რომ გამოევლინა, ამისთვის არასდროს აქტიურობდა. ამის გამო ცოტას ვუბრაზდებოდი, ვურჩევდი, გააქტიურებულიყო... საოცარი მოსმენა იცოდა. მერე იმ სკოლაში გადავიყვანეთ, სადაც ქართული ენა და ლიტერატურა გაძლიერებულად ისწავლებოდა. იქვე ასწავლიდნენ სახარებასაც. იქ მიღებულმა განათლებამ მასზე დიდი გავლენა მოახდინა... მისი ჩანახატები, მოთხრობები ხელიდან ხელში გადადიოდა. ნუგზარი (ყრმობაში ასე ერქვა) 12 წლის იყო, რომ მისი ნამუშევრების ბროშურად გამოცემის სურვილი გამიჩნდა და ჩანახატები, რომელებიც განსაკუთრებულად მომწონდა, დავბეჭდეთ. იმ კრებულს თუ ვინმეს ვაჩუქებდი, ძალიან რცხვენოდა... დადიოდა ცეკვაზე, უყვარდა ცურვა. გალობდა. დედა-შვილი ქუთაისში, ტაძარში დავდიოდით, დეკანოზ ნიკოლოზის მრევლის წევრები ვიყავით. უკრავდა ხალხურ საკრავებზე. ბოლოს გიტარაზე დაკვრას სწავლობდა. კომპიუტერში თავისით აწყობდა რაღაც კომპოზიციებს. ფორტეპიანოს კლასიც დაასრულა. სადაც იყო, ყველაგან სიკეთე, სითბო და სიყვარული დათესა...

- როგორც გავიგე, საკმაოდ პატარას გასჩენია სურვილი, მომავალში ბერად აღკვეცილიყო. მაინც რამ მოახდინა მასზე გავლენა, რომ ასეთი სურვილი გასენოდა?

- მეექვსე კლასელმა მიიღო ეს გადაწყვეტილება; მაშინ სკოლოდან ეკლესია-მონასტრებში ბევრს დადიოდნენ... ერთხელაც, ინგლისურის მასწავლებელმა, მარინა გიორგობიანმა დამიბარა და მითხრა, - იცით, რომ თქვენს შვილს ბერობა უნდა? ამის მოსმენა ჩემთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ მაშინ ღვთის მადლით, ასეთი სიტყვები წარმოვთქვი: დიდება უფალს, თუ იმის ღირსი გავხდები, ჩემი შვილი უფლის სამსახურში ჩადგება, ბერად აღიკვეცება, სასულიერო პირი გახდება-მეთქი. ნუგზარის ამ სურვილზე მამამისს ცოტა მწვავე რეაქცია ჰქონდა. - ერთადერთი შვილი ბერად რატომ უნდა აღიკვეცოსო?!

- მოგვიანებით მამა ანდრიას უკურნებელი სენი შეეყარა. როდის და როგორ მოხდა ეს?

- მეცხრე კლასი რომ დაამთავრა, შევატყვე, რომ სწავლას ცოტათი მოუკლო, რისთვისაც ვსაყვედურობდი. მეუბნებოდა, - დედა, არ შემიძლია, უენერგიოდ ვარ, მალე ვიღლებიო. არადა, რა ვიცოდი, რომ თურმე უკურნებელი სენი ჰქონდა შეყრილი. გასაოცარი კი არის, რომ ყოველწლიურად, პროფილაქტიკის მიზნით, შემოდგომით და გაზაფხულზე გამოკვლევებს ვუტარებდი და აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო. არადა, მეოთხე სტადიის მეორე ნახევარში კიბო ჰქონია და ამას ვერც ერთი სპეციალისტი ამჩნევდა. როგორც ჩანს, ყველაფერი ღვთის ნება იყო, როგორც ჩანს, ის მძიმე დღეები უნდა გაევლო, რაც გაიარა...

სხვათა შორის, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, თავს სუსტად რომ გრძნობდა, თურმე იცოდა, რაც სჭირდა, მაგრამ ამას იმის გამო ვერ ამტკიცებდა, რომ კვალიფიციური სპეციალისტები მის ორგანიზმში საგანგაშოს ვერაფერს ხედავდნენ. თურმე მუხლებში მეტასტაზები ჰქონდა და ექიმებმა რენტგენის სურათის მიხედვით, შლატერის დაავადებააო, თქვეს. მის სისუსტეს ძირითადად გარდატეხის ასაკს აბრალებდნენ. ტუბდისპანსერში მხოლოდ მაშინ დაეჭვდნენ, როდესაც ფილტვში 2 დიდი ინფილტრატი აღმოუჩინეს, სავარაუდოდ, ტუბერკულიომააო. არადა, თვითონ ამბობდა, რომ ტუბერკულიოზი არ სჭირდა... შემდეგ ფილტვზე ოპერაცია გაუკეთდა და დადასტურდა, რომ ტუბერკულიოზი კი არა, კიბო ჰქონდა. ონკოლოგიურში რომ გაგვიშვეს, მეკითხებოდა, რა მჭირსო? ვეუბნებოდი, - დედა, სიმსივნე, ოღონდ, კეთილთვისებიანი-მეთქი. ქიმიოთერაპია რომ დაუნიშნეს, - მკითხა, თუ კეთილთვისებიანია, "ქიმია" რატომ დამინიშნესო? მოკლედ, ნელ-ნელა მივყავდი იქამდე, რომ მეც შევგუებოდი მის უმძიმეს დაავდებას, რადგანაც ხომ გითხარით, იცოდა, რომ კიბო ჰქონდა. ერთხელ ჩემი ონკოლოგი მეგობარი მის სანახავად მოვიდა, რომელსაც ჰკითხა: პაციენტებს, როდესაც ავთვისებიანი სიმსივნე უდგინდებათ, თუ ეუბნებით ამის შესახებ? ვერ ვეუბნებიო, - მიუგო მან. ამის უფლება არ გაქვთ, უნდა უთხრათ, რადგანაც იმ ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ სულის საცხონებელი დაავადება სჭირს და ამ სოფლიდან გასვლისთვის უნდა მოემზადოსო. თუ პაციენტებს ამას არ ეტყვით, მაშინ მოძღვარს აღსარებაში უთხარით, რომ ავადმყოფებს ატყუებთ და ეს ცოდვა მოინანიეთო. ჩემი მეგობარი ცუდად გახდა, იტირა... იმის შემდეგ გადავწყვიტე, რომ მისთვის არაფერი დამემალა...

მერე როდესაც ჩვენ შორის უკვე არაფერი იყო დამალული, შენდობა მთხოვა იმისთვის, რომ ასე გაგტანჯე. ვინ იცის, როგორ ინერვიულე, როდესაც ჩემი სენის შესახებ შეიტყვეო. ამას ძალიან ჯავრობდა. ყოველი მეორე-მესამე დღეს სხეულზე ახალ წარმონაქმნს რომ პოულობდა, ამბობდა, - თუ ღვთის წყალობა იქნება, როგორც გაჩნდა, ისევე გაქრებაო... მაგრამ ბოლოს ისიც იცოდა, რომ ეს არ მოხდებოდა და ამ ქვეყნიდან მალე გავიდოდა. მამშვიდებდა: რას იზამ, დედა, ასეა, ამ ქვეყნიდან 17 წლის ასაკში უნდა წავიდე. როცა ამის დრო მოვა, შენც გარდაიცვლები, მე კი იქ დაგელოდებიო...

- ონკოლოგიურ საავადმყოფოში რამდენ ხანს იწვა?

- დიდი ბჭობისა და ფიქრის შემდეგ, როდესაც უკვე საბოლოოდ დიაგნოზი დაუსვეს - კანქვეშა ნეიროენდოკრინული კარცინომა მერკერის ტიპის უჯერედების; დავინტერესდით, ვიკითხეთ - სად, რომელ ქვეყანაში შეიძლებოდა მისი სამკურნალოდ წაყვანა. ისიც გავარკვიეთ, რომ ამ ტიპის კიბო თურმე მხოლოდ ხანდაზმულ მამაკაცს შეიძლება, დაემართოს და ამის პრეცედენტი მსოფლიოს მასშტაბით იშვიათია. საქართველოში ეს სენი არათუ მოხუცს, მამა ანდრიას გარდა, არავის ჰქონია. ჩვენთან, ონკოლოგიურ საავადმყოფოში გვითხრეს, რომ ყველაფერი დაგვიანებული იყო. გერმანიიდან, ამერიკიდან, ისრაელიდან იგივე პასუხები მოგვწერეს... პირველი ქიმიოპროცედურის წინ, ქუთაისიდან ჩვენი მოძღვარი - მამა ნიკოლოზი ჩამოვიდა. ნუგზარმა მამაოს სთხოვა, მისთვის სახელი გადაერქმია. ვინაიდან წმინდანებიდან გამორჩეულად წმინდა ნიკოლოზი უყვარდა, ისურვა, ეს სახელი დარქმეოდა. მამაომ სურვილი შეუსრულა და შემდგომ უკვე ნიკოლოზად მოვიხსენიებდით. ონკოლოგიურში 15 თვე ვიწექით. პირველი "ქიმიის" შემდეგ საავადმყოფოდან გამოვედით და სახლში - ქუთაისში ჩავედით. შუალედი 21 დღე ჰქონდა და იმ ხნის განმავლობაში არაერთი ეკლესია-მონასტერი მოილოცა. საავადმყოფოში შემდეგი ქიმიოთერაპიის კურსისთვის რომ მივბრუნდით, იქიდან ვეღარ გამოვედით. სიარული აღარ შეეძლო, რადგანაც თითქმის ყველა ორგანოზე ჰქონდა მეტასტაზები მოდებული, მათ შორის - ძვლებზეც. ექიმების პროგნოზი ასეთი იყო, რომ ამქვეყნად მაქსიმუმ, 2-3 თვე თუ გაძლებდა, მაგრამ მამა ანდრიამ წელიწად-ნახევარი იცოცხლა და უმძიმეს სენს ებრძოლა... მისი მკურნალი ექიმი, ონკოლოგი მამუკა ჩუთლაშვილი მისთვის თავდაუზოგავად ზრუნავდა. მამა ანდრია ამბობდა, მე თუ ამ ქვეყნად ვცოცხლობ, ღვთის ნებით და მამუკა ექიმის დახმარებითო. ამიტომ, მთლიანად მინდობილი იყო მასზე. მამუკა ბოლომდე მის გვერდით იდგა და ძალიან მადლიერად ემსახურა. მამა ანდრია ყოველდღე მადლობდა უფალს იმ განსაცდელისთვის, რისი გადატანაც უწევდა...

ბოლოს ნელ-ნელა დამძიმდა. გაუნძრევლად, სულ ზურგზე იწვა. ფეხებს ვერ ამოძრავებდა. ერთხელ ექიმმა უთხრა, როგორ უძლებ ასეთ ტანჯვასო? გაეღიმა... ყველანაირი განსაცდელი მორჩილად და მშვიდად მიიღო. ამბობდა, რომ ამის ღირსი იყო და მუდმივად მადლობდა ამისთვის უფალს. საავადმყოფოში უმძიმესმა ავადმყოფმა სკვნილების ქსოვა ისწავლა. ყოველი დილა იმ სიხარულით თენდებოდა, რომ სკვნილი მოექსოვა...

- როდის და როგორ მოხდა მისი ბერად აღკვეცა?

- იმ პერიოდში ჩემმა მეუღლემ მითხრა, ბერად აღკვეცა ხომ უნდოდა ბავშვს და თუ შეიძლება, ვიკითხოთ, იქნებ აღკვეცონო. მამის ის ნათქვამი გადავეცი მამა ანდრიას. გაგიჟდა სიხარულით და მადლობა გადაუხადა უფალს. თურმე ღმერთს სულ იმას ევედრებოდა, შემაძლებინე, ბერობის ღირსი გავხდე და თუ შენი ნება იქნება, ეს მანიშნეო. რაკი მამამისმა მის ბერად აღკვეცაზე თანხმობა თავისით თქვა, მამა ანდრიამ ეს უფლის ნიშნად მიიჩნია. ჩემი მეუღლე მართლმადიდებელი კი არის, მაგრამ იმ პერიოდში აღმსარებელი და მაზიარებელი არ იყო. ასეთი ადამიანი რომ იტყვის ამას, რა თქმა უნდა, ეს უკვე ღვთის ნება იყო... სწორედ მაშინ ჩვენთან იღუმენი მამა შალვა შენგელია მოვიდა. ის ანტონ მარტყოფელის მონასტრის ბერია, რომელიც ჩვენთან კვირაში სამ-ოთხჯერ მოდიოდა და მამა ანდრიას აზიარებდა. მამა ანდრიამ მამა შალვას უთხრა იმის შესახებ, რომ მზად იყო მორჩილად აღკვეცილიყო. მამა შალვამ გახედა და მიუგო, - ნიკოლოზ, ამაზე მეტი მორჩილება რა გინდა, წელიწადია წევხარ და უმძიმეს ტანჯვას იტანო. მოკლედ, მას ის ერთი წელი და ერთი თვე მორჩილებაში ჩაეთვალა და პატრიარქის კურთხევით, მორჩილი ნიკოლოზი ბერად აღიკვეცა... მამა შალვამ აღკვეცის დღეს მონასტრიდან შესამოსები და ტრაპეზის ხის ჯვარი მოუტანა, რომელიც ხელში მუდმივად ეჭირა ისე, რომ გარდაიცვალა, ჯვარი ხელიდან არც გავარდნია. მოკლედ, აღკვეცის შემდეგ მამა ანდრია ეწოდა. როდესაც იმ ცერემონიის შემდეგ ვეამბორე, მივულოცე კიდეც: - დე, გილოცავ-მეთქი. - არა დედა, დღეს მე შენთვის მოვკვდი. დედა, აღარ მითხრაო. გამეცინა და ღმერთს მადლობა შევთხოვე ამისთვის.

- რა მოხდა მისი ბერად აღკვეცის შემდეგ?

- 4 თვე ბერულად იცხოვრა. სულიერად ძალიან გაიზარდა. გარეგნულადაც შეიცვალა. აღკვეცის დღეს ანათებდა, ისეთი იყო. მამა შალვამ ადამიანების მოსახსენიებლები დაუტოვა. მათი მოხსენიება დიდი მადლიაო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმედ იყო, მათი კითხვა არ მიუტოვებია. ამ ადამიანებს ჩემი იმედი აქვთ, როგორ ვუღალატო? უფალი შემაძლებინებს და წავიკითხავო. უმძიმდა, მაგრამ მაინც არ ეშვებოდა. მის სანახავად მამები მოდიოდნენ და ესაუბრებოდნენ; მოდიოდნენ ჩვეულებრივი ადამიანები, მომლოცველები. კურთხევას სთხოვდნენ. ის ეუბნებოდა, ერთი პატარა ციდვილი ბერი ვარ და კურთხევის გაცემის უფლება არ მაქვსო. ვისაც ძალიან უჭირდა და განსაცდელში იყო, მათ მოუსმენდა და გარკვეულ რჩევას აძლევდა. თავის მოქსოვილ სკვნილებს მომლოცელებს ურიგებდა. პატრიარქსაც გაუგზავნა მარგალიტებით მოქსოვილი სკვნილი... მოკლედ, საკუთარი საქციელით მისი გარდაცვალებისთვის მომამზადა და ის დროც დაგვიდგა, იმაზე გველაპარაკა, სად უნდა დაგვესაფლავებინა. ეს კი ნამდვილი სასწაული იყო, რომ შვილს ამ თემაზე ველაპარაკებოდი... ბერი რომ იყო, ჩვეულებრივ სასაფლაოზე მისი დაფვლა არ შეიძლებოდა. რაკი დევნილები ვართ და ქუთაისში ვცხოვრობდით, ჩემი ნათესავები ამბობდნენ, იქნებ იმერეთის რომელიმე მონასტრის ტერიტორიაზე დავკრძალოთო. მეუფე იაკობმა და მამა შალვამ კი თქვეს, რომ ჩვენი მონასტრის ბერი ჩვენი მონასტრის ტერიტორაზე უნდა დაიფლასო. იმ დროს მამა ანდრიამაც ასე თქვა: ჩემი ხორცი, სხეული მარტყოფის მონასტერს ეკუთვნის, სული კი - უფალს. მაგრამ თუ თქვენ ასე დაგამძიმებთ, მაშინ როგორც გნებავთ, ისე იყოსო... როდესაც უკვე გაირკვა თუ სად უნდა დაკრძალულიყო, მამა ანდრიამ თქვა: რისი ღირსი გავხდი მე, ცოდვილი ბერი, ანტონ მარტყოფელის გვერდით ვიქნები დასაფლავებულიო. ამას ისეთი გაბადრული სახით მეუბნებოდა, გასაოცარი იყო. ვუსმენდი, ვუყურებდი და არაფრის შემშინებია. მისი გარდაცვალება, ხორციელი სიკვდილი ვერ შევიგრძენი... 2011 წლის 28 ივლისს გარდაიცვალა... 28-ში ძალიან რომ დამძიმდა, მითხრა, მე დღეს გარდავიცვლებიო... მამუკა ექიმს, რომლის იმედიც ყოველთვის ჰქონდა, რომ უშველიდა, იმ დღეს უთხრა, - აქ დადექი და არაფერი გამიკეთოთო...

- როგორც გავიგე, ის ყველაზე ახალგაზრდა ბერია საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, რომელიც 17 წლის ასაკში აღესრულა...

- კი, ასეა. მამა ვარახიელმა წაუკითხა ამ სოფლიდან გასვლის ლოცვები... სულ ბოლოს გაიღო პალატის კარი და 7 მღვდელ-მონაზონი შემოვიდა. ასე ამბობენ, ბერს 7 ანგელოზი იცავსო. გადავხედე ხატებს და უფალს მადლობა შევწირე. მივხვდი, რომ უფალმა გამაძლიერა და მამა ანდრიას მადლმა დამანახა ის, რასაც ვერ ვხედავდი. მამების შემხედვარეს, სიმშვიდე დამეუფლა. მინდოდა, რომ იმ დღეს გარდაცვლილიყო, თან, კვირიკეს დღესასწაული იყო და ეს დღე განსაკუთრებულად უყვარდა... ბერები გავიდნენ პალატიდან და მამაო მალე გარდაიცვალა...

- როგორც ვიცი, როგორც ბერის დედას, ანდერძი დაგიტოვათ...

- ზუსტად ისევე მოვიქეცი, როგორც დამიბარა. მითხრა, მეცხოვრა როგორც ბერის დედას ეკადრებოდა. ამას შევპირდი; ასევე დამიბარა, რომ ონკოლოგიურ საავადმყოფოში უმძიმესი სენით დაავადებული ბავშვები არ მიმეტოვებინა და მათთან, კვირაში ერთხელ მაინც მივსულიყავი და როგორც შევძლებდი, ისე დავხმარებოდი...

თუ აქამდე ერთი შვილი მყავდა, ახლა ბევრი მყავს, რომელთაც ყურადღებას არ ვაკლებ.…მათი ტკივილითა და პრობლემებით ვცხოვრობ...

არც გარდაცვალების შემდგომ შეწყვეტილა ჩემსა და ბერ ანდრიას შორის კავშირი. ძალიან მაძლიერებს. დამპირდა, რომ სულ ჩემ გვერდით იქნებოდა... მადლობა უფალს იმისთვის, რომ მე ამას ვგრძნობ.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია