შს მინისტრის განცხადება მოქალაქეების უკანონო მიყურადებასთან დაკავშირებით

შს მინისტრის განცხადება მოქალაქეების უკანონო მიყურადებასთან დაკავშირებით

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის მტკიცებით, მოქალაქეებისადმი უკანონო მიყურადება არ ხდება.

როგორც ჭიკაიძემ ჟურნალისტებთან საუბარში სახალხო დამცველის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, მოქალაქეების უფლებები არ იზღუდება.

"მინდა დაგარწმუნოთ, რომ უკანონოდ არაფერი ხდება. საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ამას ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძნობს. არ იზღუდება მათი უფლებები. პირიქით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ადამიანის უფლებათა, მათი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დამცველი და ეს საფუძველი ნამდვილად არ გააჩნიათ. როცა რეალური საფუძვლები იყო, რატომღაც მაშინ დუმდა ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომლებიც დღეს ამის შესახებ აქტიურად საუბრობენ", - განაცხადა ჭიკაიძემ.

ამასთან, შს მინისტრის განმარტებით, ფარულ მოსმენასთან დაკავშირებული საკითხის დასარეგულირებლად კონსულტაციები მიმდინარეობს.

"შევჯერდებით იმ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც მისაღები იქნება ჩვენთვისაც და საქართველოს მოქალაქეებისთვისაც", - აღნიშნა მინისტრმა.

სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას ნამდვილად აქვს ბერკეტი, რომ ათასობით ადამიანს ფარულად მოუსმინოს, თუმცა ეს რამდენად გამოიყენება პრაქტიკაში, ამის თაობაზე ინფორმაცია არ აქვს. როგორც ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ზოგადად ეს საკითხი დასარეგულირებელია.

"ეს არის თემა, სადაც მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრის გათვალისწინება იმ ფონზე, როდესაც წლების განმავლობაში ხდებოდა მოქალაქეების მოსმენა. მნიშვნელოვანია, გარკვეული მექანიზმის შექმნა, რომელიც დაარეგულირებს და შესაძლებელს გახდის მონიტორინგი და კონტროლი განხორციელდეს და საზოგადოების ჩართულობა მოხდეს", - აღნიშნა ნანუაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა