გოგა ხაჩიძე ომიდან "გაქცეული" ჩინოვნიკების გამო ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს

გოგა ხაჩიძე ომიდან "გაქცეული" ჩინოვნიკების გამო ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს

ოპოზიციონერი დეპუტატი გოგა ხაჩიძე, რომელსაც ოპონენტებთან პოლიტიკური ბრძოლის არაორდინალური მეთოდები აქვს, საზოგადოების ყურადღების მიქცევას მორიგი ხერხით ცდილობს. ვახტანგ ხმალაძის შემდეგ (რომლის მოსაზრება, რომ მარკირების სითხეს "კოკა-კოლა" აცილებს, ხაჩიძემ სპეციალური ექსპერიმენტით "გააბათილა"), მისი "სამიზნე" ირაკლი სესიაშვილია.

დეპუტატმა დღეს კოლეგასთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა და ამით, იმის დემონსტრირებას შეეცადა, რომ მმართველ გუნდში არც კი აქვთ ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მაღალჩინოსნების შესახებ, რომლებზეც ხშირად აპელირებენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს გაეცალნენ.

"ბ-ნ ირაკლი სესიაშვილთან საუბარს არანაირად არ გავასაჯაროებდი, რამე კერძო, ან პირად საკითხზე რომ გველაპარაკა. უკაცრავად, მაგრამ აქ დასამალი და მითუმეტეს, პირადი არაფერია. ბ-ნ ირაკლის, ამ მომენტისთვის არ აქვს კონკრეტული ინფორმაცია 2008 წელს "გაქცეული" თანამდებობის პირების შესახებ, თუმცა დახმარებას დამპირდა, რასაც ძალიან ვაფასებ და ვიმედოვნებ, რომ პირობას შეასრულებს", - წერს გოგა ხაჩიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საკუთარ გვარდზე და საუბრის აუდიოჩანაწერსაც იქვე აქვეყნებს. 

პარლამენტის თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ხაჩიძის ქმედებით აღშფოთებული და გაკვირვებულია. "ეს მინიმუმ არაეთიკური საქციელია. მეორე – კოლეგას ასეთი რამ უბრალოდ არ უნდა გაუკეთო. მესმის, რომ შესაძლოა პოლიტიკურად დაპირისპირებულები ვიყოთ და განსხვავებული აზრი გვქონდეს, მაგრამ კოლეგის მიმართ ქმედება რაღაც ჩარჩოში უნდა ჯდებოდეს. არანორმალურია და ცდება ეთიკის ყოველგავრ ნორმებს. მომავალში რა ურთიერთობა უნდა მქონდეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან? – მუდმივად უნდა ვფიქრობდე, რომ საუბარს ან იწერენ, ან პროვოკაციით მოდიან? რას გავს ეს საქციელი?", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ეთიკის ნორმების დარღვევის გარდა გოგა ხაჩიძეს სხვისი საუბრის აუდიოჩანაწერის გამოქვეყნება, შესაძლოა, ძვირად დაჯდომოდა. შეიძლება ითქვას, რომ "ბეწვზეა" გადარჩენილი. როგორც ცნობილია, კანონმდებლობით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული უკანონოდ მოპოვებული აუდიო თუ ვიდეომასალის გამოქვეყნებისთვის, თუმცა, გარკველი "გამონაკლისი" ამ საკანონმდებლო რეგულაციასაც ახლავს – კერძოდ, როგორც იურისტებმა განგვიმარტეს, ხაჩიძის მიერ აუდიოჩანაწერის გამოქვეყნება კანონდარღვევა იქნებოდა იმ შემთხვევაში, მისი "მოქმედი გმირი" რომ საჯარო პირი არ ყოფილიყო... როგორც ჩანს, ხაჩიძე შესაბამისი კანონის რეგულაციას ჩანაწერის გამოქვეყნებამდე კარგად გაეცნო...

ნინია სიხარულიძე

ambebi.ge

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს