რა ქონებას ფლობს კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი

რა ქონებას ფლობს კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი

დღევანდელი დეკლარანტი ის ციცოა, თუ ცუცა, წყაროზე რომ ჩაგიყვანს, და წყალს არ დაგალევინებს, სამაგიეროდ, თვითონ წყლით სავსე კოკები უდგას, მაგრამ მარტო საკუთარ მამას, გივი ბერიკაშვილს ასმევს.

ჩვენი ჩინოვნიკი გახლავთ კულტურის დღევანდელი მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი.

"არასოდეს დამიმალავს ჩემი დამოკიდებულება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, თუმცა პოლიტიკაში არასოდეს ჩავერევი, რადგანაც ვფიქრობ, რომ ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ტყუილით არ მიცხოვრია და არც მომავალში ვიცხოვრებ!"

ამ დროს ბერიკაშვილი და მისი ოჯახი ხელთათმანივით იცვლის "კუმირებს": ამ რიგში პირველები ჯერ ცეკას მდივნები იყვნენ, მერე ბადრი პატარკაციშვილი, მერე სააკაშვილი და ახლა... თუმცა, ახლა ვინც არის, თავად გამოიცანით. ისე, კულტურის სამინისტროში დღესაც ვერ გაუგიათ, ასეთი რა დამსახურებისთვის დანიშნეს გივის გოგო ამ თანამდებობაზე, რადგანაც დღესაც ნაცების პოლიტიკას ატარებს და ზურგსუკან სამინისტროს ბაჩიკოსაც ეძახიან. ამ კითხვაზე ჩვენი პასუხი გაინტერესებთ? - მამის დახმარებით და მისი დამსახურებისთვის! ახლა არ მკითხოთ, მაგას კი რა დამსახურება აქვს ერის წინაშეო, პასუხი არ მაქვს, უფრო სწორად, მაქვს, მაგრამ არ გეტყვით.

მანანა ბერიკაშვილი, დასამალი არ არის, რომ დღესაც ვერ იტანს ბასა ფოცხიშვილს, რადგანაც ყველას გვახსოვს, რომ ნაციონალების "გრიმიტობის" დროს, სწორედ ინგა გრიგოლიას გადაცემაზე ჰკითხა ბასამ, რას ფიქრობდა გივიევნა 7 ნოემბერზე და ისიც გვახსოვს, როგორი პასუხი გასცა ბერიკაშვილმა, ნაციონალები შეაქო, რაზეც დარბაზს ყბა ჩამოუვარდა. ამის შედეგია, რომ ფოცხიშვილს არ სწყალობს სამინისტრო, რადგანაც ყველა დიდი ღონისძიების რეჟისორი ბერიკაშვილია და რომელსაც ძალიან უყვარს ფონოგრამა. როგორც გვახსოვს, გასულ 26 მაისს სწორედ ამ ფონოგრამების არევას ჰქონდა ადგილი და ერთი ცნობილი მომღერალი სულ სხვა ასევე ცნობილი მომღერლის ფონოგრამაზე ამღერა. ისე, თუ უცნაურ კალამბურს გამოვიყენებთ, თავად მინისტრის მოადგილეც შეცვლილი ფონოგრამით მოსაუბრე გეგონებათ: ქალი აშკარად არაქალური ხმით ლაპარაკობს.

პირი ქვისკენ მიქნია, ნაციონალების დამცველი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ რაც რაფალიანცის საქმესთან დაკავშირებით მოხდა კახეთის სოფელ კოლაგში, გიორგი ღვინიაშვილს თანავუგრძნე: ასეთი ამბის ბრალდება ნამდვილად არ არის მარტივი ამბავი... ყოველ შემთხვევაში მთელ საქართველოს ახსოვს ის სტრესი, რაც ბერიკაშვილის სიტყვების გამო განვიცადეთ და, საინტერესოა, რომ ეს ამბავი ჯეროვნად დღესაც არ გამოძიებულა. ამბობენ, ბერიკაშვილს ამ ამბის გამო ყური აეწია ყოფილი პრემიერისგანო, მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ შემდეგ უკვე მის საქმეებზე მისთვის ყური არავის აუწევია, რადგანაც ვერ სწვდებიან, ამიტომ კუთხეში მაინც დააყენეთ, თუნდაც კინოცენტრის ამბებისთვის, სადაც რეჟისორი ლევან ანჯაფარიძე პირდაპირ მინისტრის მოადგილეს ადანაშაულებს და ასევე თეატრალური უნივერსიტეტის განთავისუფლებულ პროფესორ-მასწავლებლებსაც ქალბატონ მანანასთან აქვთ საქმე, რადგანაც მასში ხედავენ მთავარ მიზეზს იმ ანარქიისა, რის გამოც უამრავი საკითხი კულტურის სფეროში დღესაც გადაუწყვეტელია.

მანანა ბერიკაშვილი, დაბადებული საქართველოში, თბილისში, 1958 წლის 27 აპრილს.

შვილი, ანო მაისურაძე, დაბადებული საქართველოში, თბილისში, 1992 წლის 9 მაისს.

ჩვენი ჩინოვნიკის უძრავი ქონება, ანუ ბინა, მდებარეობს ბახტრიონის ქუჩა ნომერ 37-ში, ფართობი 200.00 კვადრატული მეტრი.

მინისტრის მოადგილეს ფასიანი ქაღალდები არ გააჩნია და არც მანქანას ფლობს.

რაც შეეხება გრაფას, "საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო, ან სხვა საკრედიტო დაწესებულებებში არსებული ანგარიში, ან შენატანი, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს დეკლარანტს, ან მისი ოჯახის წევრებს", ეს გრაფა ასე გამოიყურება:

მანანა ბერიკაშვილი, "ბანკი ქართუ", სახელფასო 200.00 ლარი.

მანანა ბერიკაშვილი "თიბისი ბანკი", საკრედიტო 1000.00 ლარი.

ჩინოვნიკს ნაღდი ფული, რომელიც აღემატება 4000 ლარს, დეკლარაციის შევსების დროს არ გააჩნდა და არც სამეწარმეო საქმიანობით არ იყო დაკავებული.

"საქართველოში, ან სხვა ქვეყანაში დეკლარანტისა და მისი ოჯახის წევრების მიერ შესრულებული ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაო, სამეწარმეო საქმიანობის გარდა" (სამსახური, რომელშიც პირს უკავია თანამდებობა, ან ასრულებს სამუშაოს, ასევე რომელშიც წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ეკავა თანამდებობა, ან ასრულებდა სამუშაოს).

მანანა ბერიკაშვილი, მუსიკისა და დრამის თეატრი, რეჟისორი, 095.00 ლარი.

მანანა ბერიკაშვილი, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, 8 884.00 ლარი.

მანანა ბერიკაშვილი, კავკასიის უნივერსიტეტი, პედაგოგი, 7 875.00 ლარი.

მანანა ბერიკაშვილი, ტელეკომპანია "მე-9 არხი", სამხატვრო ხელმძღვანელი, 15 000.00 ლარი.

"საქართველოში, ან სხვა ქვეყანაში თქვენი, ან თქვენი ოჯახის წევრის მიერ წინა წლის პირველი იანვრიდან დღემდე დადებული, ან მოქმედი ხელშეკრულება, რომლის საგნის ღირებულება აღემატება 3000 ლარს (მათ შორის, წილის მინდობის ხელშეკრულება ღირებულების მიუხედავად)".

მოკლედ, ამ გრაფაში ვკითხულობთ, რომ წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლთი მიღებული მატერიალური შედეგი ჩინოვნიკისთვის შემდეგია:

მანანა ბერიკაშვილი, სამომხმარებლო სესხი 4600 ლარი "თიბისი ბანკიდან".

ოდიშარიას მოადგილე სადეკლარაციო დოკუმენტის მიხედვით ძვირფას საჩუქრებს არ იღებს და რაც შეეხება გრაფას: "წინა წლის პირველი იავნრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ჩინოვნიკის ნებისმიერ შემოსავალს, ან გასავალს, რომელიც თითოეულ შემთხვევაში აღემატება 1 500 ლარს," შემოსავლად დაფიქსირებულია მანანა ბერიკაშვილის ჰონორარი, 8 250.00 ლარი.

ბერიკაშვილის სახლი ბახტრიონის ქუჩაზე საუკეთესო ადგილას დგას, სახლი ქუჩის ბოლოსაა და მის ახლოს იპოდრომის სუფთა ჰაერის ნაკადი უხვად მოდის. მანანას უბანში არავინ, თითქმის არავინ იცნობს, უახლოესი მეზობლების გარდა. მისი ძველი სახლი თამარაშვილის ქუჩაზეა, სადაც გივი ბერიკაშვილი და მისი მეუღლე ცხოვრობენ ამჟამად. სანამ ჩინოვნიკის ახალ სახლს ვიპოვიდე, კითხვა-კითხვით მივდივარ. კარგად ჩაცმულ კაცს ვაჩერებ. ბერიკაშვილი არ ვიციო, - იცინის, - ჩემი ძმაკაცი კორჟიკა ცხოვრობს და იმასთან მოვდივარო.

- კი, მაგრამ კორჟიკა იცით და ბერიკაშვილი სად ცხოვრობს, არა?

- კორჟიკა კლასელია, ბავშვობაში უყვარდა კორჟიკი და ეგრე შევარქვით და მაგ ქალის კლასელი არ ვარ.

- "ეგ ქალი" არის მინისტრის მოადგილე და მეფის ტოლი ადამიანი.

- ვიცი, ვიცი. მაგას ხო ხვდებით, ვისი მფარველობა აქვს. გივი ძმაკაცი ტიპია და ყველაფერს პატიობენ. მაგათი ამბები ცოტა ვიცი. მემანიშვილის მოხსნაზე რომ იყო ლაპარაკი, მაგაზე იძახდა, როგორც ჩემი შვილი, ისე მყავს და ამას არავის დავაჩაგვრინებო. ანუ, მემანიშვილის დარღვევები მაგიდაზე უდევთ და მინისტრს ყველაფერზე თვალები დაახუჭვინა.

- ოდიშარია "ვანკასტანკა" მგონია და თვალხუჭულაცაა?

- როცა უნდა, ეშმაკი კაცია. იმ მემანიშვილმა კი დაარეკინა თორაძეს და პატრიარქსაც კი, რომ არ მოეხსნათ. მაგრამ, ხომ გეუბნებით, კბილებით იცავდა. მაგ სამინისტრომ სამ-ნახევარი მილიონი წელს ვერ აითვისა და ფინანსთა სამინისტრომ აახია. ამ დროს ან ხელფასი მოემატებინათ ვინმესთვის, ან რამეში გამოეყენებინათ.

- თქვენ საიდან ეგ ამბები?

- კორჟიკა მანდ მუშაობს (ხარხარებს). სადაც გამოდიოდა ეგ ქალი სულ ნაციონალებს იცავდა, მერე შეიცვალა სიტუაცია და ეგაც შეიცვალა. რაც თვითონ აწყობს, იმას აწვება. მოკლედ, რა, გივის შვილია და გასდის. სანამ ეგ ქალია, არაფერი არ იქნება. ვაბშე, მემანიშვილის მანდ დატოვება არის დიდი შეცდომა, ჯრე იყო და ხალხი გაყარა გარეთ, მერე ფინანსური დარღვევები ჰქონდა და ყველაფერი აპატიეს. მაშინ ყველას ყველაფერი აპატიონ, ან არავის არაფერი, ეგრე არაა? ლოგიკა სად არის? ამას წინათ გავიგე, მაგასთან დადიოდა კახა კალაძეო, მეტყველება გაისწორაო.

- რა სჭირდა კახას გასასწორებელი?

- "ლ!" (გამოთქმით ამბობს). კაი მეტყველების პედაგოგია. ეგ იცის.

- ფულს იღებს ამაში?

- არა მგონია, კალაძისთვის ფული გამოერთმიოს. მეეჭვება. კულტურის სამინისტრო კი დაქცეული რომ არის, ჩემი ლაპარაკი რად უნდა?

სახლის ეზოში კაცი ლურჯ მანქანას აყენებს, სავარაუდოდ, ცოლი ეძახის ზემოდან, პური იყიდეო და ქვემოდან ჩუმად აგინებს, უჩემოდ მშივრები დაიხოცებიანო.

- ეს სახლი იყო სამსართულიანი პატარა და მერე დააშენეს ზემოდან, ბერიკაშვილები ცხოვრობენ მაღლა, მაგათ დიდი მოშენება აქვთ და ძაან დიდი ფართი აქვთ. ეგ სახლი დიდი ხნის წინ იყიდეს, მაგრამ "ტუდა-სუდა", "რემონტი-შემონტი" და შარშან გადმოვიდნენ. ეგ არავის ელაპარაკება და მამა "აბშიწელნია", ის და ცოლი რომ მოდიან, სუ გველაპარაკება, ანეკდოტები და რამე. მაგას დილით მანქანა ელოდება, ჩახტება და მიდის.

- დაცვა ჰყავს?

- არ დამინახია. ახლა სახლში არ არის. დილით მოდი, თუ საქმე გაქვს ან დამიტოვე წერილი და მე მივცემ.

ამას წინათ, ერთი ამბავი ატყდა ფრანკფურტში წიგნის ბაზრობაზე ოდიშარიამ და მისმა მოადგილეებმა სასტუმრო "ლა მერიდიენში" სამ ღამეში 16 500 ევრო დახარჯესო. სამეფო აპარტამენტებში იყვნენ? გამოვიდნენ ეგენიც ბურბონის დინასტიის წარმომადგენლები, თუმცა, რა ენაღვლებათ, გასდით და...

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი "ალია"