"სექსუალური რევოლუცია" თუ ქართული საზოგადოების კრიზისი

"სექსუალური რევოლუცია" თუ ქართული საზოგადოების კრიზისი

მარტი დადგა და როგორც ჩანს, ადამიანებიც გამოცოცხლდნენ... ზოგი სექსუალური ცხოვრების შესახებ საჯარო საუბარს ამჯობინებს, ზოგიც - შოუში შიშვლდება, გარკვეული ჯგუფი კი - სხვების ამ საქციელს კრიტიკულად აფასებს. ვიღაცები მიიჩნევენ, რომ რაკი ამ საკითხების ასე საჯარო განხილვა მიმდინარეობს, ე.ი. საზოგადოება სერიოზული პრობლემის წინაშე დგას...

ამ თემაზე საუბრისას პირველი მაინც მსახიობ თინა მახარაძის თამამი განცხადება გვახსენდება, როდესაც ერთ-ერთ გადაცემაში ორალურ სექსზე ილაპარაკა... მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო გასულ კვირას ყურადღების ცენტრში მოექცა, აქტუალობას დღესაც არ კარგავს და საზოგადოების განსახილველ საკითხებში მოწინავე პოზიციებზეა.

ხალხს სექსუალურ საკითხებზე საჯარო მსჯელობა, უამრავი პრობლემის მიუხედავად, პრიორიტეტულად მიაჩნია... ამაზე კი ინტერნეტ-პორტალებზე განთავსებული ამ ხასიათის სტატიების მაღალრეიტინგულობა მეტყველებს. ამიტომ აზრი სპეციალისტებსაც ვკითხეთ, რათა გასული კვირაში ჩვენს ცხოვრებაში გაჩაღებული "სექსის კვირეული" შეგვეფასებინა...

- როგორ გგონიათ, რა არის რო დიდ პრობლემა - ის, რომ სატელევიზიო გადაცემაში ადამიანი ინტიმურ საკითხებზე გახსნილად ლაპარაკობს, თუ ის, რომ ამ ფაქტის შესახებ შემდგომ საზოგადოება საუბრობს?

გია ბეროშვილი, სექსოლოგი:

- სამწუხაროდ, ქართველების უმრავლესობას დაბალი სექსუალური კულტურა აქვს. ადამიანებმა არ იციან, სად, რაზე და რატომ უნდა ილაპარაკონ. თუმცა ნებისმიერი მათგანის ნება და არჩევანია, თუ რაზე ისაუბროს...

ისე, რომ იცოდეთ, ორალური სექსი პათოლოგიად არ მიიჩნევა. თუ ადამიანს ის მოსწონს, დაკავდეს ამით, მაგრამ ტელევიზიაში ამის აფიშირება, რომ ორალური სექსი მოსწონს, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ცოტა უცნაურად ჟღერს. ამ საქციელზე კომენტარები ადაკვატურიც და არაადეკვატურიც, გასაკვირი არ არის. რაკი ტელევიზიით ასეთი ინფორმაცია გავიდა, ტრადიციულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და ამას ვიღაც აუცილებლად ნეგატიურად გამოეხმაურება. მაგრამ აქ სახარებიდან ეპიზოდიც მახსენდება, როდესაც ქრისტე მეძავზე ამბობს, ვინც უცოდველია, პირველი ქვა იმან ესროლოსო...

საქართველოში ორალური სექსით ალბათ, არიან დაკავებულები, უბრალოდ ისინი ამას არ აფიქსირებენ და ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობენ... არავის საქმეა, ლოგინში ვინ რას აკეთებს. თუ ეს მათთვის მისაღებია, აკეთონ და ვიმეორებ, ორალური სექსი სამედიცინო სექსოლოგიის თვალსაზრისით, პათოლოგიად არ მიიჩნევა, მაგრამ ამის აფიშირება, ქუჩაში პლაკატების გაჭიმვა, რომ ასეთი სექსი გიყვარს, არაეთიკურია. თუ თინა მახარძეს საქართველოში "სექსუალური რევოლუციის" მოხდენა უნდა, ამით მაინცდამაინც კარგ შედეგს ვერ მიიღებს, გარდა იმისა, რომ უარყოფით კომენტარების მსხვერპლი გახდება, რადგანაც ვიმეორებ, ამაზე ადამიანები საჯაროდ, ტელევიზიაში არ ლაპარაკობენ.

- მაგრამ ამ თემაზე საზოგადოების დებატები რატომ არ სრულდება, ეს რაღას უნდა მივაწეროთ? თავად საზოგადოებას ხომ არ აქვს რაიმე პრობლემა?

- მსგავსი პრობლემა ყველა ერშია. მაინცდამაინც არც საზღავრგარეთ მიესალმებიან ასეთ თამამ გამოსვლებს. მეტიც, საკმაოდ პურიტანულად უყურებენ მსგავს რაღაცებს. აქ საზოგადოების იმ ნაწილს ვგულისხმობ, ვისაც ჭკუა მოეკითხება. ახალგაზრდები საკმაოდ ბევრის უფლებას აძლევენ საკუთარ თავებს. ცოტა ხანში შეფასებები შეეცვლებათ, ისევე როგორც ჩვენ, ახალგაზრდობაში ბევრი სისულელე ჩაგვიდენია, რაზეც წლების მერე გვინანია.

ყველაფერი კი საბოლოოდ დაბალი სექსუალური კულტურის ბრალია და ზოგადად კულტურის...

სოფია ვერულაშვილი, პრაქტიკოსი ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტი:

- თუ ადამიანს უხერხულ შეკითხვას უსვამენ, მასზე პასუხის გაცემა არ გაცემა, მისი ნებაა და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ... არ მინდა, კონკრეტულად თინაზე ვილაპარაკო, რადგან პირადად არ ვიცნობ და მასზე საუბარი ჭორაობას არ დაემსგავსოს, თუმცა თინაზე ბერი კარგი მსმენია. იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც მაქვს, თქვენ წარმოიდგინეთ, მისაბაძი ადამიანიც კია, თავისი თაობის საუკეთესო წარმომადგენელი.

როდესაც ადამიანი ინტიმურ, თუ პირად საკითხებზე ლაპარაკობს და ამით სხვა ადამიანის უფლებები არ ირღვევა, სრული უფლება აქვს, გამოთქვას აზრი. მოკლედ, მისი აზრის გამოთქმა ჩემი უფლების დარღვევას არ უნდა გულისხმობდეს. ის, რომ ერთმა ადამიანმა თქვა, ჩემთვის ორალური სექსი მისაღებია, - ეს ჩემს უფლებას ნამდვილად არ არღვევს!

ფსიქოლოგიური და სექსოლოგიური თვალსაზრისით, ყველაფერი ნორმალური და ჯანმრთელია, რაც ორ ადამიანს შორის საწოლში სექსის დროს ხდება, ნებისმიერი ფორმის სექსუალური აქტივობა და თუ ის ორივეს სიამოვნებს და ერთი ადამიანის მიერ მეორეზე ძალადობა არ ხდება, მისაღებია. მაგრამ სხვა საკითხია, ისინი ამის შესხებ საჯაროდ ილაპარაკებენ თუ – არა. თუმცა ინტიმი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ეს საჯარო არ არის! თუმცა ესეც მათი ნებაა. მე ერთ კონკრეტულ ადამიანს რომ მკითხოთ, არ ვილაპარაკებდი, ჩემთვის პირადი ხელშეუხებელია, ჩემია, ინტიმურია და საკუთარი ნებით არ გავასაჯაროებდი. თუმცა თინას ეს ნათქვამი, არ ნიშნავს, რომ პირადი ცხოვრება გარეთ გამოფინა. ეს უბრალოდ მისი მოსაზრებაა, რომელსაც მგონია, რომ უფრო გადატანითი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე პირდაპირი (პირდაპირი, რომ ჰქონდეს არც ესაა არანორმალური და ასეთი აჟიოტაჟის ასატეხი). ჩემთვის პრობლემური ის უფროა, როდესაც საზოგადოებამ მისი ის სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო და მის ქვე აზრს არ დაუფიქრდა და საოცარი აურზაური მოჰყვა. ეს საზოგადოებაში (მსგავს საკითხებზე მსჯელობის ფონზე) არსებული პრობლემის მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს. თუ სექსუალური თავლსაზრისით, ყველა დაკმაყოფილებულია, ჯანმრთელია, მაშინ ასეთი ადამიანები სექსზე ნაკლებად ლაპარაკობენ. ეს აქსიომაა! ამ ყველაფრის ასე ატაცება იმის მაჩვენებლია, რომ საზოგადოებას უჭირს, "ვერბალური ანანიზმით" არის დაკავებული! ჩემი უცხოელი კოლეგები, ვისაც საქართველოსთან კავშირი აქვს, ასეთი ფაქტებით გაკვირვებულები რჩებიან, ვერ ხვდებიან, ადამიანები ამ საკითხებთან დაკავშირებით ასე აჟიტირებულები რატომ არიან.

- და მართლაც რატომ არიან?

- ადამიანებში ფსიქო-სექსუალური განათლების დეფიციტია. ზოგს ამ საკითხში "ჩაუხედავს" ფსიქო-სექსუალური განათლება სექსის პოზებისა და სექსის სწავლება ჰგონია. ამას არ გუისხმობს, როგორც მავანს მიაჩნია. ეს თითქმის გენედერული განათლებაა, როდესაც ასაკის შესაბამისად, ვაჟის და გოგონას ქცევაა, ჰიგიენური ნორმების შესახებ განათლებაა, ანუ ამა თუ იმ ასაკში როგორია გოგონას და ვაჟის ფსიქო-ემოციური თუ სექსუალური (ანუ სქესიდან გამომდინარე) ქმედება. მაგალითად, რომელ ასაკში რა სახის ჰიგიებური წესების დაცვაა საჭირო, როგორი ქცევაა მიზანშეწონილი, რა სახის საფრთხეები არსებობს მოუმწიფებლად რაიმე მოქმედების (თუნდაც სქესობრივი ცხოვრების დაწყების) განხორციელებისას და როგორ უნდა დავიცვათ თავი შესაძლო ბიო-ფსიქო-სოციალური პრობლემებისაგან. ფსიქო-სექსუალური განათლება, პრევენციული ხასიათისაა და ცხოვრების ჯანსაღ წესს უწევს პროპაგანდას. ის, ცალკეული ადამიანის, თუ საზოგადოების ჯანმრთელი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია! ფსიქო-სექსუალური განათლების დეფიციტი რომ არსებობს, ამაზე უპირველეასად ის მეტყველებს, რომ ადამიანები ელემენტარულად დაუბანელ-ჩაუბანლები დადიან (საზოგადოებრივ ტრანსპორტით ვერ იმგზავრებ). ეს პირველ რიგში გაუნათლებლობის ბრალია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბევრი ინფექცია ჰიგიენური ნორმების არ დაცვით არის გამოწვეული... ამის გარდა ფსიქო-სექსუალური გაუნათლებლობის ნიშანია, ადრეული ქორწინებები, ადრეული ფეხმძიმობები (ქორწინებაში მყოფი ძალზე პატარა ასაკის მქონე თუ ქორწინების გარეშე გოგონების), ხელოვნური აბორტების კატასტროფული მაჩვენებლები (სამწუხაროდ, ეს 13-14 წლის ასაკში გვხვდება და ასევე მოწიფული ასაკის ქალბატონებში) და უამრავი სხვა მართლაც პრობლემა!

ამიტომ პროფესიონალების მიერ მიწოდებული ინფორმაცია ნორმისა და პათოლოგების შესახებ, იმისგან გვიცავს, რომ თინა მახარაძის ნათქვამი ისე არ გაიგონ, რომ ყველანი ორალური სექსით დავკავდეთ. ვიმეორებ, ნებისმიერი წყვილის საქმეა, რითიც უნდა, იმით დაკლავდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თინას ის პირდაპირი მნიშვნელობით არ უთქვამს. ხომ შეიძლება ეს მისგან დიდი პროტესტის გამოხატულება იყოსნს, იმ სიბნელის წინააღმდეგ რომელიც ასეა გამეფებული საზოგადეობაში?!

- ამ ნათქვამით ის ანგრევს სტერეოტიპს?

- კი არ ანგრევს, უბრალოდ ამ თემაზე გალაპარაკებს. ამ საკითხზე ადრე თუ გვიან ჩამოყალიბდება სწორი აზრი, მაგრამ თუ პროფესიონალების ჩარევა არ მოხდა, მსგავსი აჟიტირებებით ამის განხორციელბა არ მოხერხდება.

მე მაგალითად ისიც მაწუხებს, რომ ახალგაზრდები კომპიუტერთან არიან მიჯაჭვულები და რეალურად სექსი ნაცვლად, ვირტუალური სექსით არიან დაკავებულები. ეს პრობლემა საქართველოში ნამდვილად არის, სექსის დეფიციტია. გაუნათლებლობა და სიბნელეა ამ მხრივ, ოჯახში პირადი მაგალითი არ კმარა, მაგრამ მშობლებიც აღრეული არიან როლებში და ოჯახური იერარქია დარღვეულია. ახალგაზრდა კაცი მიჩერებულია კომპიუტერს და ირიბად თავს დაკმაყოფილებულად გრძნობს... რელურ ცხოვრებაში კი უჭირს თანატოლებთან ურთიერთობა და კომუნიკაციის პრობლემები აქვს. მომრავლდნენ ადამიანები სოციოფობიით.…მოკლედ, აქ ნახსენები სიმპტომთა ერთობლიობა იმის მაჩვენებლია, რომ საზოგადოება ამ მხრივ სერიოზულად ავადაა და მკურნალობა სჭირდება!

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია