31-ე ბატალიონის სამხედროებმა სოფელ ჩრდილო მუჰამადაბადში წმენდის ოპერაცია ჩაატარეს

31-ე ბატალიონის სამხედროებმა სოფელ ჩრდილო მუჰამადაბადში წმენდის ოპერაცია ჩაატარეს

ISAF-ის მისიაში მონაწილე 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ავღანეთში, ჰელმანდიის პროვინციის სოფელ ჩრდილო მუჰამადაბადში წმენდის ოპერაცია კოდური სახელით "გრიფონი III" ჩაატარეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ოპერაცია მოწინააღმდეგის მოსალოდნელი ორგანიზებული შეტევის აღკვეთას ისახავდა მიზნად.

სამინისტროს ინფორმაციით, 31-ე ბატალიონის "ალფას" ასეულმა სოფლის იზოლირება ამერიკელი სამხედროებისგან დაკომპლექტებული მხარდამჭერი ჯგუფით განახორციელა. ოპერაციის შედეგად, მოწინააღმდეგემ ვერ შეძლო დასახლებული პუნქტიდან გასვლა და მომაკვდინებელი მასალის გატანა. მათ არც სხვა დაჯგუფებების დახმარების მიღების საშუალება მიეცათ. ობიექტის იზოლირებას დასახლებული პუნქტის წმენდა მოჰყვა, რომლის დასრულების შემდეგაც ქართველმა სამხედროებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა ("შურა") გამართეს. "შურას" დროს ყურადღება სოფელში არსებულ პრობლემებზე, უსაფრთხოების საკითხებსა და ადგილობრივებთან სამომავლო თანამშრომლობაზე გამახვილდა. "ალფას" ასეულის სამხედროებმა მოსახლეობას პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარეს და საჩუქრებიც გადასცეს.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, "გრიფონი III" 12 საათს გაგრძელდა. ოპერაციას "ალფა" ასეულის მეთაური, კაპიტანი ზაზა გორგოძე ხელმძღვანელობდა. მასში მონაწილეობა 130-მა ქართველმა და 14-მა ამერიკელმა სამხედრომ მიიღო. ჩართული იყო 24 ჯავშანმანქანა MRAP-ი. ასეულის უსაფრთხოებას ჰაერიდან "ოსპრი"-ს და "ჩინოკი"-ს ტიპის ორი საბრძოლო ვერტმფრენი უზრუნველყოფდა. ოპერაციის მსვლელობას ადგილზე 31-ე ბატალიონის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი მეშველიანი და ტაქტიკური დაჯგუფების მეთაური პოლკოვნიკი პიტერ ბაუმგარტენი ზედამხედველობდნენ.

"გრიფონი III" წარმატებით დასრულდა. ოპერაციაში მონაწილე ჯარისკაცები ბაზა "ლეზერნეკზე" მშვიდობით დაბრუნდნენ.

"გრიფონი III" იმ ოპერაციების სერიის გაგრძელებაა, რითაც 31-ე ბატალიონი საკუთარი პასუხისმგებლობის რაიონის სრულ კონტროლს ახორციელებს. ოპერაციამ ზემდგომი ამერიკული ხელმძღვანელობის მხრიდან მომზადებას, დაგეგმვასა და განხორციელებაში მაღალი შეფასება დაიმსახურა", - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე