პედოფილიის შემზარავი ფაქტები საქართველოში: "ჩემი კლიენტების 20% წარსულში სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი არიან"

პედოფილიის შემზარავი ფაქტები საქართველოში: "ჩემი კლიენტების 20% წარსულში სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი არიან"

ბოლო დროს გაუპატიურების ფაქტებმა იმატა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყება, მხოლოდ ერთ რეგიონში 10-ზე მეტი ფაქტია დაფიქსირებული: 10 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ 46 წლის მამაკაცს, რომელიც ამნისტირებული იყო, პროკურატურამ ბრალი შეუმსუბუქა, სასამართლომ კი წელიწად-ნახევრით პატიმრობა მიუსაჯა;

პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა 4 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულ 65 წლის მამაკაცს. სასამართლომ მას 6 თვით პატიმრობა შეუფარდა;

10 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის, სიღნაღის რაიონში 50 წელს გადაცილებული მამაკაცი დააკავეს... ბრალდებული დაზარალებული ბავშვის ნათლიაა;

ლაგოდეხში 48 წლის მამაკაცი 14 წლის გოგონასთან სქესობრივი კავშირის დამყარების გამო დააკავეს;

ახმეტაში 57 წლის მამაკაცი 9 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისათვის დააკავეს.

ერთი რეგიონისთვის, ალბათ, ძალიან ბევრია და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საგანგაშო სიტუაციაა! ალბათ, საინტერესოა თუ რა იწვევს ზოგადად მსგავს ფაქტებს და რა პრევენციული ღონისძიებები უნდა ჩატარდეს, რომ ბავშვები პედოფილების მსხვერპლნი არ აღმოჩდნენ.

"ამბები.გე" სოფია ვერულაშვილს, პრაქტიკოს ფსიქოლოგსა და ფსიქოთერაპევტს, ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტს დაუკავშირდა...

- როგორც გაირკვა, გაუპატიურებისა და ბავშვებთან გარყვნილი ქმედების ფაქტები გახშირდა. ამ მიმართულებით, კახეთის რეგიონი "აქტიურობს". როგორ გგონიათ, დანაშაულის გახშირებას რა განაპირობებს?

- ალბათ, გამიჭირდება იმის თქმა, რომ მაინცდამაინც ახლა გახშირდა გაუპატიურებისა თუ ბავშვებთან გარყვნილი ქმედების ფაქტები, მსგავსი შემთხვევები ყოველთვის ხდებოდა. საერთოდ, რაც კი ხდება - ნორმაც და პათოლოგიაც, მას ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური მიზეზები აქვს... ფსიქო-სოციალურის მიმართულებით მუშაობა შეიძლება, ბიოლოგიურს ვერაფერს უშველი. ეს გენეტიკაა, რომელიც ადამიანში სხვადასხვანაირად ყალიბდება. დიახ, გარკვეული ქცევებისკენ მიდრეკილება გენში იბადება. პედოფილია, რაზეც ახლა ვლაპარაკობთ, ანუ არასრულწლოვანების წინააღმდეგ განხორციელებული სექსუალური ძალადობაა (პედოფილია ბერძნული სიტყვაა: პედო ბავშვს ნიშნავს, ფილია - სიყვარულს, ოღონდ, გაუკუღმართებულ, ავადმყოფურ სიყვარულს). ეს დარღვევა-დაავადებაა, რომელიც ბავშვის მიმართ სექსუალურ ლტოლვაში ვლინდება.

ასეთი რამ დაბალი განვითარების ადამიანებში მეტად ხდება და ჯერ კიდევ პირველყოფილი თემური წყობილებიდან მოყოლებული ხდებოდა. მაშინ მაგალითად, ინცესტიც ჩვეულებრივი ქმედება იყო. მას მერე კი, რაც ადამიანი განვითარდა, შემოიტანა აზრობრივი, მორალური ნორმები და ისიც დააწესა, ვისთან შეიძლება სექსუალური ურთიერთობა, ქორწინება და ა.შ. ამ ყველაფერს კიდევ რელიგიურ-კულტურული ფაქტორებიც წყვეტს... მაგალითად, გარკვეულ რელიგიაში ბიძაშვილ-მამიდაშვილ-დეიდაშვილებს შორის ქორწინება (ინცესტი) მისაღებია... ჩვენი ადამიანურობა, აზროვნება, მორალი კი გარკვეულ კულტურულ-რელიგიურ ნორმებში გვსვამს... პედოფილიის შემთხვევები სხვათა შორის, ცხოველებთან არ გვხდება...

თუ ჩვენში ეს ფაქტები გახშირდა, ამის მიზეზი ის არის, რომ ზემოთ აღნიშნული სამივე ფაქტორი (ბიოლოგიურ-ფსიქოლოგიურ-სოციალური) მოქმედებს. თუ ქვეყანაში ძლიერი ფსიქო-სოციალური პირობებია და ასეთივე ფსიქო-სოციალური სამსახურები, იქ ბევრი პრევენციული ღონისძიება ხორციელდება. მაგალითად, ამერიკაში პედოფილებზე სერიოზული სანქციებია, კანონით უმკაცრესად ისჯებიან. ამ ქმედებაში შემჩნეულებზე მკაცრი კონტროლი ხორციელდება. დიახ, ეს კონტროლი არის თავდაცვა და ასევე ბევრი საგანმანათლებლო საქმიანობა მშობლებთან, თუ როგორ დაიცვან ბავშვები ამ საშინელებისგან და როგორ ასწავლონ უსაფრთხოების ნორმები. პედოფილები ხშირად დაზარალებულებისთვის უცხო ადამიანები სულაც არ არიან.

- კი, ხშირად მამინაცვლები, ძმები, ბიძაშვილები, მეზობლები, ნათლიები, მამიდაშვილები სახელდებიან ხოლმე...

- დიახ, ამიტომ მშობელმა შვილებს ის კი არ უნდა ასწავლონ, მხოლოდ უცხო კაცს მოერიდოს, არამედ ზოგადად მამაკაცს მოერიდოს...

- ბოლო დროს ციხიდან ბევრი მსჯავრდებული გათავისუფლდა (ამნისტიის შედეგად), მათ შორის პედოფილებიც. შეიძლება ეს მივიჩნიოთ იმის მიზეზად, რომ ამ ამაზრზენმა ფაქტებმა მოიმატა?

- შეიძლება ეს ერთ-ერთ მიზეზად განვიხილოთ. გარდა იმისა, რომ ფსიქოლოგიური სამსახური სახელმწიფო დონეზე ვერ მუშაობს, ასეთი მასშტაბური ამნისტიის დროს, უნდა გვქონდეს ასეთი სამსახურები, ასევე სამართლებრივი სამსახურებიც, რომლებიც მათზე როგორც ფსიქო-სოციალურ, ასევე სამართლებრივ კონტროლს განახორციელებენ. როგორც გითხარით, ეს არის სწორედ თავდაცვა.

- ე.ი. შეუძლებელია პედოფილის საბოლოო განკურნება, ხომ?

- არსებობს პედოფილიის მკურნალობის მეთოდები: ეს არის ქცევაზე გარეგანი კონტროლი, ლტოლვის დაქვეითება, დინამიკური ფსიქო-თერაპია... მაგრამ ამ დაავადებისგან განკურნება არ ხდება, მართვა კი შესაძლებელია. მოკლედ, მკურნალობა არა განკურნების ეფექტით, არამედ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის კუთხით, რომ ის საზოგადოებისთვის ნაკლებად მავნე იყოს. ჩვენი სასჯელაღსრულების სისტემა მათ ამ სერვისს ვერ სთავაზობს. ციხეში იზოლაციით, მისი რეაბილიტაცია ნამდვილად ვერ მოხდება, საზოგადოებას ის ჯანმრთელი არ უბრუნდება და ვერც მისი ინტეგრაცია ხდება. მოკლედ, მათთან დაკავშირებით მუშაობა არ მიმდინარეობს, არადა, მართლაც სპეციფიკური მუშაობაა საჭირო. ამიტომ, პედოფილების გამოშვება ისე, რომ მათზე შემდგომ არანაირი დაკვირვება არ მოხდეს, რისკია. მისგან განმეორებითი დანაშაული შეიძლება დაფიქსირდეს.

- კონკრეტულად მშობლებმა როგორ უნდა დაიცვან პატარები. როგორ უნდა გაიზარდოს ბავშვი ისე, რომ პედოფილის მსხვერპლი არ გახდეს. კონკრეტულად ვინ, რა უნდა გააკეთოს ამისთვის?

- აშშ-ში სერიოზული კვლევებია ამ მიმართულებით ჩატარებული: 400.000 სექსუალური მოძალადეა აღნუსხული. უცანურია, მაგრამ ფაქტია, რომ დაზარალებულთაგან მინიმუმ 5% ძალადობის ფაქტებს მალავს, რომ ბავშვობაში ისინი მსგავსი ძალადობის მსხვერპლნი გამხდარან. სხვათა შორის, ჩემს პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც უკვე ზრდასრული კლიენტები ყვებიან იმის შესახებ, ბავშვობაში თუ როგორ გახდნენ მათზე განხორციელებული ძალადობის მსხვერპლნი, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ეს აშშ-ში, იმ ღია საზოგადოებაშიც იმალება, რაც იმის მაჩვენებელია, რომ მსხვერპლი გადახდენილზე საუბარს თავს არიდებს. გეტყვით, რომ მოძალადეების 96% მამაკაცია, მხოლოდ 4% მოდის ქალებზე...

- თქვენს კლიენტებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც წარსულში ძალადობის მსხვერპლნი გამხდარან, მაგრამ ამაზე არავისთან ულაპარაკიათ?

- დიახ, ჩემი კილენტების 20% ბავშვობაში სექსუალური ძალდობის მსხვერპლნი არიან. სექსუალური ძალადობა ბავშვზე უმეტესად ბოლომდე აქტის განხორციელება არ არის. როგორც წესი, დიდი პროცენტი ორალური გზით გაუკუღმართებულ ურთიერთობაზე მოდის. მათ პოტენციის პრობლემებიც აქვთ. ამ ყველაფერზე ლაპარაკიც კი მიმძიმს, მაგრამ ეს ფაქტია და ეს უნდა ითქვას. პედოფილიის ერთგვარი გამოვლინებაა ისიც, როდესაც ისინი მიმართავენ ეგზიბიციონიზმის გარკვეულ ფორმებს. მაგალითად, იშიშვლებენ ინტიმურ ადგილებს და ალბათ, ასეთები ქუჩაში ზოგიერთ თქვენგანსაც შეხვედრია...

- უშუალოდ მშობელმა რა უნდა გააკეთოს, რა პრევენციული ღონისძიებები უნდა ჩაატაროს?…

- მშობლებმა ბავშვის აღზრდა მხოლოდ სკოლას არ უნდა გადააბაროს. ყველა სახის სოციალური გართულებები ასაკისთვის გასაგები ენით, პირველ რიგში, სახლში, მშობლებისგან უნდა მიიღოს. მაგალითად, პატარა მშობლებმა საწოლში არ უნდა ჩაიწვინონ, სადაც რა თქმა უნდა, იმის ალბათობაა, რომ ისინი იქ სექსუალურ ქმედებას ახორციელებენ... პატარის ლოგინში ჩაწვენა მხოლოდ 4 წლამდეა დასაშვები. აჯობებს, რომ ემოციური სითბო მათ მიმართ ცოტა სხვანაირად გამოვხატოთ. მოკლედ, ცოდნაა საჭირო და მშობლები ამ კუთხით უნდა გავანათლოთ. ზედმეტად არც გოგონასი და არც ვაჟის კალთაში ჩასმაც არ არის სწორი საქციელი და მიზანშეწონილი მაშინაც კი, როცა მშობელი ფსიქიკურად ჯანრთელია და არანაირი პედოფილური მიდრეკილება არ აქვს (კალთაში ერთმანეთს მხოლოდ სექსუალური პარტნიორები შეიძლება რომ ჩაუსხდნენ). ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. შეიძლება 5 წლამდე ბავშვს თვითონ გაუჩნდეს რაიმე არასწორი ლტოლვა და გრძნობები მშობლებთან მიმართებაში.

ხოლო იმისათვის, რომ ბავშვი პედოფილის მსხვერპლი არ გახდეს, უნდა ვასწავლოთ, რომ ინტიმურ, რეპროდუქციულ ორგანოებზე თითი არავის უნდა დააკარებინს (არც ახლობელს და არც უცხოს) და თვითონაც არ უნდა დაიკაროს, გარდა ჰიგიენური ნორმების დაცვისა. გენდერული აღზრდა (სქესთა შორის ურთიერთობის აღზრდა) უნდა ვასწავლოთ, რომ დისტანცია დაიცვან, უმეთვალყურეოდ არ უნდა დავტოვოთ, რომ არავის გაუბან ზედმეტი დიალოგი.

მოკლედ, მშობელიც უნდა დავარიგოთ და სახელმწიფომაც უნდა დააწესოს პედოფილებზე კონტროლი. ამ ყველაფრის შესახებ მცირედი მინიშნებაც რომ ვნახოთ, სოციალურ სააგენტოებს, სამსახურებს ვაცნობოთ, რომ მათზე იქნებ კონტროლი გაძლიერდეს. ბავშვმაც უნდა ჩააყენოს საქმის კურსში მშობელი, თუკი ვინმეს რაიმე მსგავსს ეცდება. სწორედ ამგვარი საქციელია ერთგვარი პრევენციაც...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია