როგორ ავიცილოთ გაზაფხულზე ალერგიული ფონი

როგორ ავიცილოთ გაზაფხულზე ალერგიული ფონი

გაზაფხული წლის ყველაზე რთული სეზონია, რადგან ამ დროს ალერგია ყველაზე ხშირად გვახსენებს თავს. როგორ ავიცილოთ თავიდან ალერგიული ფონი, თქვენს კითხვებს ალერგოლოგი, დავით თელია პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები:

ბათა:

მაქვს ალერგია ვაშლზე, ასევე მაწუხებს თვალების ქავილი. გთხოვთ მირჩიოთ რამე ან რა აბები მივიღო?

-თუ საკვები პროდუქტის მიმართ არის ალერგია და ეს პროდუქტი არის ან ერთი ან ორი, ან მცირე რაოდენობის, კონკრეტულად ეს თუ არის ვაშლი, აქ გამოსავალი გახლავთ ერთადერთი, ეს პროდუქტი უნდა იქნეს ამოღებული ხმარებიდან, მინიმუმ ექვსი თვე ან უფრო მეტი. შემდეგ შეიძლება იმუნურმა სისტემამ მოხსნას ის აღრიცხვიდან და გაიაროს ალერგიამ. აქ სხვა გამოსავლის ძებნას აზრი არ აქვს. რაც შეეხება თვალების ქავილს, აქ აუცილებელია გავიგოთ რისგან არის ეს გამოწვეული. საჭიროა მივმართოთ ექიმს და გავარკვიოთ ეს არის სეზონური ქავილი თუ არასეზონური. თუ არასეზონური ქავილია ეს შეიძლება იყოს განპირობებული საყოფაცხოვრებო ალერგენებით, ამ ყველაფერს უნდა გამოკვლევა და დაგენა. თუ ეს სეზონური ქავილია, შეიძლება განპირობებული იყოს მცენარის მტვრის, ან სხვადასხვა ალერგენების მიერ. ამ ალერგენების პოვნას და შემდგომ მათთან ურთიერთობის შეწყვეტას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. შეიძლება აბებიც მიიღოს ადამიანმა, არის უამრავი ანტიჰისტამინური, ანტიალერგიული მედიკამენტები, რომლებასც არ აქვს ძილის ეფექტი, მაგრამ ეს პრეპარატები გახლავთ არა მიზეზზე, არამედ შედეგზე ორიენტირებული. მათ მუდმივად მიღებას, ფაქტიურად დროებით ეფექტი აქვს.

ნანა:

ვის და რაზე შეიძლება გამოაჩნდეს ალერგიული რეაქცია?

-ალერგიული რეაქცია პირველ რიგში აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც გენეტიკურად არიან განწყობილები ალერგიის მიმართ. ალერგია გახლავთ გენეტიკურად განპირობებული მდგომარეობა.ეს პირველი რისკ ფაქტორია. ალერგია შეიძლება გამოუვლინდეთ ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც გარკვეული რისკის გარემოში იმყოფებიან. ამ რისკებს გენეტიკური ფაქტორების გარდა გარემო ფაქტორები მიეკუთვნება. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ადამიანის პროფესიასთან, საქმიანობასთან. ზოგჯერ ალერგიული დაავადებები ვითარდება რომელიმე სხვა დაავადების გადატანის შემდეგ, მაგალითან რაიმე ინფექციის გადატანის შემდეგ, მოწამვლის შემდეგ და ა.შ

ნანა:

რომელი ალერგიული დაავადებები მწვავდება გაზაფხულზე?

-გაზაფხულზე უპირველეს ყოვლისა მწვავდება სეზონური ალერგიული დაავადებები. ეს არის ზემო სასუნთქი გზების ალერგოზები, ეს არის ალერგიული რინიტი, კონუკტივიტი, შეიძლება ბრონქული ასთმაც იყოს გაზაფხულთან დაკავშირებით სეზონური ალერგია. ანუ მწვავდება ყველა ის დაავადება, რომელიც დაკავშირებულია მცენარის მტვრის გამოფრქვევასთან. ეს შეიძლება დაიწყოს ადრეულ გაზაფხულზე. ამ პერიოდში ძირითადად ყვავილობს: ხე-მცენარეები, შემდგომ ბალახები, სარეველები, მერე ზლაკები, სოკოები. ამის მიხედვით ჩვენ ვადგენთ, თუ კონკრეტულად რომელი ალერგენის მიმართ არის ადამიანი ალერგიული, რომ შემდგომ ადვილად შევძლოთ მისი მკურნალობა.

გვანცა:

ალერგიულ ბრონქიტი რაიმე კავშირი თუ აქვს კანის ალერგიასთან?

-ხშირად, როდესაც პაციენტს აქვს კანის ალერგიული რაიმე გამოვლინება, ანუ მას აქვს მომატებული მგრძნობელობა, ასეთ პაციენტებს ხანდახან ახლავთ სასუნთქი სისტემის ალერგოზები. უფრო დიდი შანსია, თუ ადამიანს აქვს კანის ალერგია, მას ქონდეს სასუნთქი სისტემის ალერგია და პირიქით, როდესაც ალერგიული მდგომარეობა არის სასუნთქ სისტემაში, შესაძლებელია მას დაემართოს კანის ალერგიული დაავდება. ალერგია აზიანებს სხვადასხვა სიტემებს. ყველაზე ხშირად ალერგია ებრძვის სასუნთქ სისტემას, კანს და გასტროენტერალურ, საჭმლის მომნელებელ სისტემას. შესაბამისად სასუნთქი სისტემის, კანისა და გასტროენტერალური სისტემის ალერგიული დაავადებები, შეიძლაბა იყოს ერთმანეთთან იზოლირებულად, თუმცა უფრო ხშირად ისინი ერთად არის ხოლმე გამოვლენილი.

სოფო:

ნარკოზის შემდეგ დამეწყო ალერგია, განსაკუთრებით გაზაფხულობით. მაწუხებს ხშირი ცემინება და თვალების წვა. მირჩიეთ რომელიმე პრეპარატი, ან რა ზომებს მივმართო?

-არსებობს პოსტინფექციური ალერგია და ნარკოზის შემდგომი ალერგიაც არსებობს, ისევე როგორც მოწამვლის შემდეგ. როდესაც პაციენტი ღებულობს სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებებს, მათ შორის მედიკამენტებს, მათ შორის ტკივილ გამაყუჩებლებს და საანესთეზიო საშუალებებს, ზოგჯერ ადამიანს უნვითარდება დროებითი ტრანზიტორული ჰიპერეაქტიობა, მომატებული მგრძნობელობა. ასეთი რამ მოსალოდნელი არის და როგორც წესი ეს არის განვლადი, რაღაცა პერიოდის შემდეგ გადის. მდგომარეობის სიმწვავის მიხედვით პაციენტს ენიშნება ანტიალერგიული, ანტიჰისტამინური პრეპარატები, თუმცა ყველაზე კარგად ამ მდოგომარეობაზე მაინც ჰორმონალური მედიკამენტები მოქმედებს, ანუ პრედნიზოლონის ჯგუფის მედიკამენტები. ხშირად ამ მედიკამენტების როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ისე ექიმებსაც ეშინიათ, თუმცა დაუმსახურებლად, იმიტომ რომ, როდესაც ჩვენ ვიცით, თუ როგორ დავნიშნოთ ეს მედიკამენტი, ის ყოველგვარი გვერდითი მოვლენების გარეშე იძლევა საკმაოდ შთამბეჭდავ ეფექტს. ზოგჯერ უკეთესია მისი დანიშვნა, ვიდრე მისი დანიშვნისგან თავის შეკავება.

მარიკა:

გაზაფხულობით მაქვს პოლინოზი.  5 თვის ბავშვი მყავს ბუნებრივ კვებაზე.  აქამდე avamys-ს ვიყენებდი, მაგრამ მითხრეს, რომ ლაქტაციის დროს არ შეიძლება გამოყენება. რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე წელს?

-არ არის სასურველი, როგორც ადგილობრივი, ისე ზოგადი პრეპარატები იყოს მიღებული მეძუძური ქალისაგან, ვინაიდან გარკვეულ წილად ის მაინც გადის რძეში. თუ პაციენტს აქვს პოლინოზი, პოლინოზსაც ახასიათებს ტრანზიტორული გამოვლენა. პოლინოზის დროს ფეხმძიმე ქალებში არსებობს, ორი ყველაზე უფრო უვნებელი მდგომარეობა. ეს არის, ზემოსასუნთქი გზების რეგულარული გამოვლება. გამოვლების ტექნიკა პაციენტმა უნდა ისწავლოს და ამას ექიმები ასწავლიან. ასევე არსებობს ნედოკრომილი და ხრომოგლიკატი ასეთი პრეპარატი, რომელიც შედარებით მსუბუქ პრეპარატად ითვლება. ეს არ არის ჰორმონალური წარმოშობის. ნედოკრომილის და ხრომოგლიკატის შეფრქვევა ცხვირში, დროებით, ნორმალურ შედეგს იძლევა. თუმცა თუ პაციენტმა დააფიქსირა მდგომარეობის თანდათან გამწვავება, მან უნდა იფიქროს ბავშვისთვის ბუნებრივი კვების შეწყვეტის შემდგომ აცრების ჩატარებაზე. როდესაც დადგინდება, რომელი ალერგენი იწვევს ალერგიას, შემდგომ მოხდება ამ ალერგენის მიმართ ტოლერანტობის ჩამოყალიბება. რასაკვირველია ეს მხოლოდ კლინიკის პირობებში.

ქეთი:

ბავშვობიდან ალერგიული ვარ: მტვერზე, მცენარეებზე (პომიდვრის ნერგები, გოგრას ფოთლები, გვირილა ყვავილი), ნესტზე, ცხოველის ბეწვზე და ფრინველის ბუმბულზე, კარადში შენახული ტანსაცმლის გამოღებაზეც კი. წლებია სხვადასხვა საშუალებებით ვცდილობ ამ ალერგიის დამარცხებას, მაგრამ უშედეგოდ, გთხოვთ მირჩიეთ მკურნალობის ეფექტური მეთოდი

-აქ არის მკურნალობის სამი მეთოდი. პირველი არის გამწვავებების დროს, როდესაც გაუსაძლისი მდგომარეობაა ინიშნება ანტიალერგიული მედიკამენტები, რომ პაციენტმა თავი კარგად იგრძნოს. მეორე მიმართულებაა, რომ მაქსიმალურად გააკონტროლოს გარემო. იმისთვის, რომ მან მაქსიმალურად გააკონტროლოს გარემო, საჭიროა, რომ მაქსიმალურად წაიკითხოს ყველაფერი, რაც ამასთან დაკავშირებით არსებობს. მან უნდა იცოდეს თუ რასთან აქვს საქმე და ის ალერგენები, რომელიც თვალით უხილავია, უნდა გრძნობდეს ამას სად, როგორ და რანაირად უნდა იმოქმედოს. მესამე მეთოდი არის დიაგნოსტიკის ჩატარება, რომ ჩამოვყალიბდეთ ზუსტად რომელი ალერგენები არის წამყვანი პაციენტის სიმპტომების ჩამოყალიბებაში. შემდეგ ამ ალერგენებით, უნდა ჩატარდეს მისი ჰიპოსენსიბილიზაცია, ანუ აცრები, რათა ის შეეჩვიოს ამ ალერგენებს.

მაია:

ცემინება, ცრემლდენა, თვალების ქავილი, ეს სიპტომები მაქვს წელიწადის ნებისმიერ დროს, როცა დასავლეთში ჩავდივარ. რას მირჩევთ, რომ ეს პრობლემა აღარ მქონდეს?

-ეს არის ზემო სასუნთქი გზების ალერგოზი, არასეზონური ალერგია სავარაუდოდ. რაკი დასავლეთშია, ეს არის ალერგია ოთახის მტვრის ტკიპების და სოკოების მიმართ, რამეთუ ოთახის მტვრის ტკიპები და სოკოები გახლავთ სწორედ ის ალერგენები, რომლებიც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით არის მაღალი ტენიანობის, ნესტის პირობებში. ამ ქალბატონმა აუცილებლად დიაგნოსტიკური გამოკვლევა უნდა ჩაიტაროს. ამის მიხედვით გადაწყდება შემდეგ რა უნდა გავაკეთოთ, როგორ არის შესაძლებელი თავიდან მოვიცილოთ ეს ალერგენები, შემდგომ უნდა გადავწყვიტოთ რამდენად არის მიზანშეწონილი პაციენტისთვის აცრების ჩატარება.

ქეთი ანანიძე:

ბავშვობიდან მაქვს ალერგია, (ცხოველის ბეწვზე და ფრინველის ბუმბულზე), ძალიან ბევრი ანტიალერგიული წამალი მივიღე, მაგრამ უშედეგოდ. გთხოვთ მირჩიოთ, როგორ ვიმკურნალო.

-თუ ქალბატონი დარწმუნებულია, რომ მას აქვს ალერგია ფრინველზე და ცხოველზე, მან უნდა გადაამოწმოს ეს ლაბორატორიული მეთოდებით, თუ ეს დადასტურდება, მაშინ უნდა მოერიდოს ცხოველებს და ფრინველებს. თუ ამ ქალბატონისთვის პრობლემაა ფრინველთან და ცხოველთან განშორება, მაშინ ისევ და ისევ აცრებზე უნდა ვიფიქროთ. თუმცა ფრინველებისა და ცხოველების ალერგენებით ჩატარებული აცრები, იმდენად არ არის ეფექტური, როგორც საყოფაცხოვრებო ალერგენებისა და მცენარეული მტვერის მიმართ, თუმცა ეს გამოიყენება და საკმაოდ კარგი შედეგებიც არის ხოლმე.

ნანა:

რას ნიშნავს სპეციფიკური ალერგია და როგორ ავიცილოთ თავიდან ალერგიული ფონი?

-ალერგია და სიტყვა სპეციფიკა ეს სინონიმებია პრაქტიკულად, იმიტომ რომ ალერგია, როგორც წესი ეს სპეციფიკური მდგომარეობაა. არსებობს ალერგიული დაავადებები, სადაც სპეციფიკურად ვერ ვიკვლევთ რაღაც დრომდე რომელი ალერგენის მიმართ არის, მაგრამ ალერგია თავის ბუნებით, შინაარსით და მექანიზმებით გახლავთ სპეციფიკური მდგომარეობა. ეს ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტული რომელიღაცა ალერგენის მიმართ აქვს ალერგია, ანუ მას აქვს მომატებული ანტისხეულები ორგანიზმში. სწორედ ამიტომ, როგორც წესი ალერგია მოიაზრება სპეციფიკურ მდგომარეობად.

2) ამბობენ თეთრი ბავშვისთვის წაბლის თაფლის მიღება არ შეიძლება ალერგიას იწვევსო, თქვენ რას გვირჩევთ?

-ეს ალბათ ხალხური თქმულებიდან გამომდინარე არის და არასწორია. ერთ წლამდე ასაკის ბავშვები ყველაზე უფრო ძლიერად რეაგირებენ ძროხის რძეზე და რძის ნებისმიერ პროდუქტზე, კვერცხზე, თევზზე, თეთრ ხორბალზე. უფრო მოზრდილ ასაკში ეს არის თევზი, ზღვის პროდუქტები. შეიძლება ალერგია იყოს შოკოლადზე, თაფლზე, ნებისმიერ ტკბილზე და ხილზე. ეს არის სპეციფიკური მდგომარეობა და პაციენტმა უნდა იცოდეს, რის მიმართ არის ალერგიული. თუ პაციენტი ღებულობს კარგად თაფლს, მაშინ მას არ აქვს პრობლემა. ერთი კი უნდა ვიცოდეთ რომ როცა რეგულარულად პაციენტი ღებულობს რაიმე პროდუტს, მაშინ უფრო დიდი შანსია, რომ პაციენტი გახდეს ამ პროდუქტის მიმართ ალერგიული. ვინაიდან თანდათან შეძლება მოხდეს პაციენტის სენსიბილიზირება კონკრეტული პროდუქტის მიმართ. ყველაზე ნაკლებად ალერგიას იწვევენ ის პროდუქტები, რომელიც ყველაზე ნაკლებად გამოიყენება ადამიანის მიერ.

3) როგორ გავაძლიეროთ იმუნური სისტემა გაზაფხულზე, რომ ალერგიას ორგანიზმი მომზადებული შეხვდეს და ამ პრობლემამ ნაკლებად შეგვაწუხოს?

-ალერგია გახლავთ იმუნური სისტემის გადაჭარბებული მოქმედება, ამიტომ ალერგიის მუკრნალობის დროს ჩვენ ვიყენებთ მეთოდებს, რომლის საშუალებითაც იმუნურ სისტემას ვთრგუნავთ და არა ვაძლიერებთ. ალერგიის დროს თუ იმუნური სისტემა გაძლიერდება, ალერგია კიდევ უფრო გაუარესდება. ყველაზე ხშირად იმუნური სისტემის მოქმედება უნდა დაითრგუნოს. სამწუხაროდ იმუნური სისტემის დამთრგუნველი პრეპარატები საშიში პრეპარატებია და მათ უამრავი გვერდითი ეფქტები აქვთ, თუ ისინი ხანრგძლივი დროის განმავლობაში და არასწორედ არის დანიშნული. ერთ-ერთ ასეთ მედიკამენტს წარმოადგენს ჰორმონები-კორტიკოსტეროიდები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ- დექსამეტაზონი, პრედნიზოლონი და ა.შ. ამ პრეპარატებს ახასიათებთ იმუნური სისტემის ფუნქციონირების შესუსტების უნარი. აწორედ ამიტომ არის, რომ ეს პრეპარატები მოქმედებენ კარგად ალერგიაზე. ამიტომ თუ ვართ ალერგიულები, იმუნური სისტემის გაძლიერებაზე არ უნდა ვიფიქროთ.

ლალი:

როგორ მოქმედებენ ორგანიზმზე ანტიჰისტამინური საშუალებები და რამდენად ეფექტურია მისი გამოყენება ალერგიის სამკუნალოდ?

-ჰისტამინი გახლავთ ნივთიერება, რომელიც გამოიტყორცნება უჯრედებიდან. ეს უჯრედები გახლავთ ბაზოფილები, პოხიერი უჯრედები, რომლებიდაც მოფენილი არის მთელი ორგანიზმი, ეს არის კანში ძირითადად. ჰისტამინი გამოიტყორცნება ორგანიზმში ალერგენის ზემოქმედების შედეგად და შემდგომ ჰისტამინი მოქმედებს ორგანიზმზე ცუდად. რას ნიშნავს ცუდად- იწყება სისხლძარღვების განვადობის გავლა, ქავილი და ა.შ. ანტიალერგიულ მედიკამენტებს უძახიან ანტიჰისტამინურ მედიკამენტებს. ანტიჰისტამინური მედიკამენტები გახლავთ მედიკამენტები, რომლებივ ამ გამოტყორცნილი ჰისტამინის ზემოქმედებას უჯრედებზე და ქსოვილებზე აბლოკირებენ. ეს მედიკამენტები არ არიან მიზეზზე ორიენტირებულები, ისინი შედეგზე ორიენტირებულნი არიან. ისინი იძლევიან ეფექტს, მაგრამ ეს ეფექტი არის დროებითი. რამეთუ მთავარი ამოცანა გახლავთ, რომ ჰისტამინი, ანუ ალერგიული ნივთიერება არ უნდა გამოიტყორცნოს. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ეს ნივთიერება დავბლოკოთ. გამოტყორცნის შემდეგ, მეორე ეტაპია, რომ მისი ზემოქმედება ორგანიზმზე უნდა შევანელოთ. ეს არის ანტიჰისტამინური პრეპარატები, მათ დროებით ეფექტი აქვთ და ეს მედიკამენტები არ განიხილება, როგორც სტრატეგიული სამკურნალო საშუალებები, ვინაიდან მათ არ აქვთ შორეული გათვლილი ეფექტი გამოჯანმრთელებაზე.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას