"აქაური რუსები უცებ შეიცვალნენ, აღარ გვეკონტაქტებიან და მტრებივით გვიყურებენ" - რას უამბობენ ყირიმელი თათრები ქართულ მედიას

"აქაური რუსები უცებ შეიცვალნენ, აღარ გვეკონტაქტებიან და მტრებივით გვიყურებენ" - რას უამბობენ ყირიმელი თათრები ქართულ მედიას

ყირიმში, რუსეთის ინიციატივით ჩატარებულ რეფერენდუმზე, ორი კითხვა იყო გატანილი და მათგან არც ერთი ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ამჟამინდელი სტატუსის შენარჩუნებას არ ეხებოდა. პირველი შეკითხვა ასეთი იყო: უჭერთ თუ არა მხარს ყირიმის შეერთებას რუსეთთან, რუსეთის ფედერაციის სამართლებრივ სუბიექტად? მეორე კითხვა კი, ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში ფორმალურად დარჩენას გულისხმობდა, - მხარს უჭერთ თუ არა ყირიმის რესპუბლიკის 1992 წლის კონსტიტუციის ამოქმედებას და ყირიმის, როგორც უკრაინის ნაწილის სტატუსს?.. ეგზიტპოლის მიხედვით, ამომრჩეველთა 93%-მა ყირიმის რუსეთთან შეერთებას დაუჭირა მხარი...

ადგილობრივ უკრაინელთა ნაწილის თქმით, დარღვევები თვალსაჩინო იყო და რეფერენდუმის ჩატარების ინიციატორებმა უბრალოდ მათთვის სასურველი შედეგი "დადეს". ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, პოლიტიკამ ადამიანურ ურთიერთობებშიც შეიტანა განხეთქილება და მეგობრები და ნათესავები მხარეებად დაიყვნენ. უკრაინის (როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ უკრაინის) სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს დავუკავშირდით, მათი განწყობა რომ გაგვეგო...

ირა ლებედენკო, ყირიმის მკვიდრი:

-  აქაურობა ერთ კვირაში შეიცვალა. ერთ დროს მეგობრულად მცხოვ­რები სხვადასხვა ეროვნების ადამიანები, ახლა სხვადასხვა მხარეებად დაიხლიჩნენ და საკუთარ თავს "ვიღაცისტებს" უწოდებენ... თუ ომი დაიწყო, აქედან წასვლა მოგვიწევს, რადგან ჩემი მეუღლე რუსეთის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში აქტიურად იყო ჩართული... ჩემი და ყირიმელ რუსზეა გათხოვილი, მისი ქმარ-შვილი სევასტოპოლში მსახურობს და სამხედრო მეზღვაურები არიან. მე რომ წავიდე, ის ვეღარ წამოვა, ოჯახს ხომ არ მიატოვებს?.. ვერც მე დავკარგავ ჩემს დას პოლიტიკის გამო, თუმცა, ვგრძნობ, რომ ის გაცივდა ჩემ მიმართ და უბრალოდ, გაოგნებული ვარ. ამ მდგომარეობაში ძალიან ბევრი ადამიანია... არ ვიცი, რისი ან ვისი იმედი უნდა გვქონდეს... მთელმა მსოფლიომ ნახა, როგორი სასაცილო სანქციები დაუწესა ევროკავშირმა რუსეთს. ვერც ამერიკისგან მივიღეთ ისეთი მხარდა­ჭერა, როგორსაც ველოდით.

-  რეფერენდუმის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა?

-  დაძაბულობამ იმატა... ადრე თუ რაღაცის იმედი გვქონდა, ახლა ყველამ იცის, რომ ომი გარდაუვალია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები თურმე მშვიდობიან მოსახლეობაზე იზრუნებენ, - ომის დაწყების შემთხვევაში, სარდაფებში ჩაგიყვანთო... სამხედრო ძალით უნდათ, წესრიგი დაამყარონ. შენობის კედლებზე უკვე გაჩნდა წარწერები, - "ტატარი, ვონ იზ კრიმა!.." ეს ნიშნავს, რომ მათ დღეს თუ ხვალ იარაღით განდევნიან ან სხვა გზით აიძულებენ, აქაურობა დატოვონ. დიდი ხანია, ამაზე კაზაკები ოცნებობენ, მაგრამ ვერ ბედავდნენ, ახლა კი, ხელ-ფეხი გაეხსნათ, - 20 მარტის შემდეგ, ყირიმი "გაიწმინდება". ვისგან უნდა "გაიწმინდოს", არ დაუკონკრეტებიათ. შეშინებული ვართ. არ მინდა რუსეთთან მიერთება, მაგრამ არც ჩემი სახლ-კარის დატოვება მინდა... 23 წლის წინ, როდესაც აფხაზეთში ომი იყო, ჩემს ქართველ ჯგუფელსა და მეგობარს, რომელიც გაგრაში ცხოვრობდა, ცოლ-შვილთან ერთად ჩემთან ვეპატიჟებოდი, დროებით ჩამოდი ან თუ გინდა, სამუდამოდ, სამსახურსაც გაშოვნინებ და აქ მშვიდად იცხოვრე-მეთქი, - არ გეწყინოს, ირა, თქვენებურები (უკრაინელებს გულისხმობდა) ძალიან მიყვარს, მაგრამ შვილები ქართველებად უნდა აღვზარდო და მირჩევნია, ჩემს ქვეყანაში გაჭირვებით ვცხოვრობდეო. ვიცი, რომ ახლა მშენებლობაზე შავ მუშად მუშაობს, მაგრამ მაინც არ წუწუნებს... მუდმივად ვსაუბრობთ ინტერნეტით. განსაკუთრებით - ბოლო დროს. აქაურ ამბებზე ძალიან შესტკივა გული და ახლა ის მეპატიჟება საქართველოში, - ჩამოდი ირა, სანამ რამე გამოჩნდება, ჩემთან იყავი, მერე კი ან საზღვარგარეთ წადი, ან რამეს მოვიფიქრებთო. აქ რომ დავრჩე, პუტინის ყირიმში, ვიცი, რა მომავალიც გველოდება... ჯერჯერობით წასვლას არ ვაპირებ, თუ ომი დაიწყო, შემდეგ რას ვიზამ, არ ვიცი. ვხვდები, რომ ჩემს ქართველსაც არ ულხინს, ვის მივადგე სამი შვილით? თუმცა, ისიც ვიცი, რომ ბომბების ქვეშ ვერ ვიცხოვრებთ...

ოლეგ მაჩუშუნი, ყირიმელი თათარი:

-  ჩემი ოჯახი დროებით ივანო-ფრანკოვსკში გავხიზნე. მითხრეს, სანატორიუმში დავბინავდით და ნორმალურად ვართ, ადგილობრივები ძალიან თბილად გვეპყრობიანო. ეს უკრაინიდან წასულ დევნილთა პირველი ნაკადია.

-  თქვენ რას აპირებთ?

-  აქ დავრჩები. ჩემი წინაპარი უკეთესი უკრაინისთვის იბრძოდა და მეც იმავეს გავაკეთებ... რუსი საკუთარ მიწაზე ვერ დაგვამარცხებს... ისინი პირველი ტყვიის გავარდნას ელოდებიან, საომარი მოქმედებები რომ დაიწყონ და სამხედრო წესრიგი დაამყარონ. შემდეგ კი, მიგვიერთებენ. ომი არავის უნდა, მით უმეტეს - ჩვენ, მაგრამ არც პუტინისგან სამადლოდ დანიშნულ 5 ათას რუბლიან პენსიაზე გვინდა ცხოვრება. ეს არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც პუტინს ჩვენთვის შეუძლია. ევროპა ჩვენი თავისუფალი არჩევანია, რომელიც წაგვართვეს. ვისაც ამერიკაში ცხოვრება უნდა, ცხოვრობს ამერიკაში, ვისაც ინგლისი ურჩევნია, - მიდის ინგლისში, მხოლოდ რუსებს უნდათ უკრაინულ მიწაზე რუსეთის "მოწყობა". ამ ერს ყველგან, სადაც კი ფეხი დაუდგამს, თავისი სახლი ჰგონია. ეს ჩვენი სახლია და მათ აქ ბატონებად არ შემოვუშვებთ...

-  თუმცა, რეფერენდუმი უკვე ჩატარდა...

-  დიახ, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. უბრალოდ, ამ რეფერენდუმმა დაგვანახვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მორცხვი პროტესტის კი არა, საკუთარი თავის იმედად უნდა ვიყოთ. რუსული, ტიპური საბჭოური იდეოლოგიით, უკრაინაში, რომელიც მუდმივად დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, თურმე ფაშისტები ცხოვრობენ. რუსეთში კი, რომლის კისერზეა ჩეჩნეთში არაერთგზის დატრიალებული ტრაგედია, დაღესტნისა და დნესტრისპირეთის სისხლიანი ამბები და აფხაზეთის ომი, მშვიდობისმყოფელები ცხოვრობენ. ეს ხომ პარადოქსია?!.

დარია მაჩუშუნი, ყირიმელი თათარი:

-  უკრაინული მენტალიტეტის მქონე თათარი ვარ. მგონი დანაშაული არ არის, ჩემს მიწაზე რომ მინდა ცხოვრება. თუ დამიშლიან, მე და ჩემიანები პასუხისთვისაც მზად ვართ, რადგან სხვა გზა არ გვაქვს... მშვიდობა და ნორმალური ცხოვრება გვინდა. ტერორისტები არ ვართ და ნუ გვაიძულებენ, ეს გავაკეთოთ. ეს მხოლოდ მოძალადე რუსეთს კი არა, მთელ მსოფლიოს ეხება...

ლუდმილა გიშუკი, ყირიმელი უკრაინელი:

-  ცუდ დღეში ვართ. არავინ იცის, როდის დაიწყება ომი. სროლების ხმა არ ისმის, მაგრამ ნერვების ომი გრძელდება. არავინ იცის, როდის რა მოხდება... რუსი სამხედროები თავიანთ ნებაზე დააბოტებენ. არაფერი არ მუშაობს. 6 საათის შემდეგ, ქუჩაში გამოსვლას ვერავინ ბედავს. სურსათის მაღაზიებიც კი დაკეტილია. ბოლო დროს, საღამოობით გარე განათება გამორთეს. ასე მგონია, სამარეში ვცხოვრობთ... ყველაფერი გაძვირდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი კანტიკუნტად დადის... გამართულად მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებები მუშაობენ. ადგილობრივ მოსახლეობას, მუდმივი სტრესის გამო ჯანმრთელობა ლამის ერთ დღეში შეერყა. განსაკუთრებით ცუდ დღეში მოხუცები და ბავშვები არიან. ყველგან შეიარაღებული რუსი სამხედროები არიან. ჩვენთან ურთიერთობა არ აქვთ. საერთოდ არავის ესაუბრებიან, უბრალოდ, მიზეზს ეძებენ, რომ გაისროლონ... მე არ მიმიღია რეფერენდუმში მონაწილეობა, მათ ეს იციან. აქაურმა რუსებმა მიაწოდეს ინფორმაცია. მათ ისიც იციან, რომ მეუღლე ადგილობრივი თათარი მყავს. არ ვიცი, რას გადაწყვეტს ჩემი მეუღლე, ალბათ მე და ბავშვებს დასავლეთ უკრაინაში მოგვიწევს გადასვლა. საშინელება ყოფილა ომის მოლოდინი. ტყვიაც რომ არ გავარდეს და უკრაინის ხელისუფლებამ ყირიმი უბრძოლველად დათმოს, ჩვენ აქ მაინც ვერ დავრჩებით. მათ ყველაფერი იციან ჩვენზე. მომხდურებზე მეტად, ადგილობრივი რუსების საქციელი მაკვირვებს.

-  რას გულისხმობთ?

-  აქამდე პუტინს ლანძღავდნენ, ახლა კი უცებ შეიცვალნენ, სახლებში ჩაიკეტნენ, აღარ გვეკონტაქტებიან. მტრებივით გვიყურებენ, - ჩვენთან ცხოვრება არ გინდათო... არადა, წლე­ბის კი არა, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში თბილი და მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. კიევის ამბების დროს, ჩუმად იყვნენ, ეტყობა, მოვლენათა განვითარებას აკვირდებოდნენ...

ზამირ ზაშკუნი, ყირიმელი თათარი:

-  რუსეთისგან რეპრესიების მო­ლოდინში ვართ, მაგრამ უკან დახევა არ შეიძლება, რუსეთის შემადგენლობაში არ ვიცხოვრებთ. ჩვენი წინაპარი ერთხელ უკვე განდევნეს საკუთარი მიწიდან და ტრაგედიის განმეორებას არ დავუშვებთ... ჩვენმა ლიდერმა დახმარების თხოვნით უკვე მიმართა თანამოძმეებს. ევროპისა და ამერიკის იმედი არც ადრე გვქონდა, - ვიცოდით, რომ რუსეთს ნემსის ჩხვლეტით ვერ შეაშინებდნენ.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია