"დიახ, ჩემი გმირი ტრუსებს აგროვებს" - სოფია სებისკვერაძის სკანდალური როლი და მეგობართან გადაღებული ერთი ფოტოს ამბავი

"დიახ, ჩემი გმირი ტრუსებს აგროვებს" - სოფია სებისკვერაძის სკანდალური როლი და მეგობართან გადაღებული ერთი ფოტოს ამბავი

ახმეტელის თეატრში ბელორუსი დრამატურგის, პაველ პრიაჟკოს პიესა "ტრუსები" მოწვეულმა ესტონელმა რეჟისორმა კალევ კუდუმ დადგა.

პაველ პრიაჟკოს პიესა თამამი, გამომწვევი, სკანდალური და მწვავედ სოციალურია... მთავარ როლს (ნინა) მსახიობი სოფია სებისკვერაძე ასრულებს. მშვენიერი, სექსუალური, ბავშვური, თავქარიანი ნინა პროვინციულ ქალაქში ცხოვრობს და თავისებური ფანტაზიები აქვს - ტრუსებს აგროვებს. მის ამ საქციელს პროვინციის მაცხოვრებლები ვერ იგებენ და ნინას სდევნიან. ბოლოს კი გოგონა საზოგადოების დაუნდობლის მსხვერპლი ხდება...

მსახიობი სოფია სებისკვერაძე ამბობს, რომ პრემიერის შემდეგ ზოგიერთმა ჟურნალისტმა არასწორი შეფასება გააკეთა და ის  ქართული თეატრის სექსიმბოლოდ შერაცხეს...

სოფია სებისკვერაძე:

- ალბათ, ეს ყველაფერი იმას მოჰყვა, რომ პიესას სკანდალური სახელწოდება აქვს. რეალურად კი იქ სკანდალური არაფერია, გარდა პიესის იდეისა. წარმოდგენა ძალიან ერგება დღევანდელ ყოფას და ამის საილუსტრაციოდ, ბევრი მესიჯი და სიმბოლოა.

- მთავარი როლი გაქვს. მოგწონს ნინას პერსონაჟი?

- კი, მთავარ როლში ვარ. ჩემი გმირი არის გოგონა, რომელიც პროვინციულ ქალაქში ცხოვრობს. სოფლის მოსახლეობისგან განსხვავებული აზროვნება აქვს და ასეთივე დამოკიდებულებას ავლენს ადამიანების, ღმერთის მიმართ, რის გამოც სოფელი ჯვარზე გააკრავს. ეს ჯვარზე გაკვრაც სიმბოლურია. მთავარი ის არის, რომ საზოგადოება, რომელშიც ნინა ცხოვრობს, ნებისმიერი ახალი აზრის, ნოვაციის წინააღმდეგია. ადამიანებს ზოგადად ნებისმიერი ახალი და განსხვავებული აზრის მიღების ეშინიათ...

- მოკლედ, ნინა ტრაგიკული გმირია..

- კი, მაგრამ თანამედროვე თეატრში როგორც ხდება ხოლმე, - ეს დრამა კომედიის ელემენტებსაც შეიცავს, ამ მიმართულებით სპექტაკლი სინთეზურია. მაყურებელი ბევრნაირ ჩართვას ნახვას...

- ისე, უცნაური თვისება კი აქვს შენს გმირს: ტრუსებს აგროვებს...

- ჰო, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის მის მიმართ აგრესიის გამოვლენის მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ დედ-მამა არ ჰყავს, მოსახლეობა ყურადღებას არ აქცევს. ის ცდილობს, ადამიანებთან კონტაქტი დაამყაროს, მაგრამ არაფერი გამოსდის. ნინა ძირითადად ვირტუალურ სივრცეშია გადასული. ელაპარაკება ვიღაც ბიჭს და ამის გამო მეძავად შერაცხავენ. საზოგადოების განაჩენი  ასეთია - ასე მოქცევა  ცუდია და ამის გამო ის უნდა დაიწვას...

თუმცა ჩემი გმირი მათ ასე მიმართავს: "ჩემს ცრემლებს ვერ დაინახავთ. შოუს თქვენთვის არ მოვაწყობ. ჩვენს შორის დიდი გონებრივი დაშორებაა... ახლა ჩემი არ გესმით, მაგრამ აღვსდგები, როგორც ჟანა! მესმის, მესმის ზეცის ხმა. და დიდი, წითელი ფრთები თქვენი ფრაზებისგან დამიფარავენ. მაპატიეთ, რომ თქვენს შორის ვცხოვრობდი!" მოკლედ, ძალიან საინტერესო იყო ამ როლზე, პიესაზე და ესტონელ რეჟისორთან მუშაობა...

- ეს რაც შეეხებოდა, ხმაურიან წარმოდგენას "ტრუსები"... "ფეიბუქის" პირად გვერდზე ატვირთული გაქვს ფოტო, რომელზეც შენ და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი - გიორგი კეკელიძე ხართ აღბეჭდილები. ქვემოთ კი ფოტოს ასეთი წარწერა აქვს: "რა კარგები ვართ?" რას გვეტყვით ამაზე?

- ჩვენ მეგობრები ვართ. ფოტო მაშინ გადავიღეთ, როდესაც ერთ მშვენიერ დღეს ერთად ვსვამდით ჩაის.

- ამ ფოტომ გარკვეული ეჭვები გააჩინა...

- არც ვიფიქრებდი, ეჭვი თუ გაჩნდებოდა, რადგან ბევრი ასეთი ფოტო მაქვს მეგობრებთან ერთად გადაღებული... ამ ფოტოზე მე და გიორგი ძალიან სასაცილოები ვარ და მასზე გაკეთებული წარწერაც შესაბამისია... ისე, რა უცნაურია, რამდენი ვინმესთან გადაღებულ ფოტოს ''ფეისბუქზე'' დავდებ, იმდენი უნდა იეჭვიანონ, რომ იმ ადამიანთან ახლო ურთიერთობა მაქვს?!

- პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- ისეთი არაფერი...

- როგორც ვიცი, რეჟისორ გორგი ლიფონავას დაშორდი...

- დავცილდით, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ისევ ერთად ვიყოთ. უბრალოდ, ამ ეტაპზე ასე გადავწყვიტეთ.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება