პრეზიდენტი მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე პრემიერის თანხმობის აუცილებლობას ეწინააღმდეგება

პრეზიდენტი მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე პრემიერის თანხმობის აუცილებლობას ეწინააღმდეგება

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და შესაბამისი სამართლებრივი აქტები პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას არ უნდა ექვემდებარებოდეს.

საუბარია პროცედურაზე, როცა პრეზიდენტის მიერ გამოცემულ აქტს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალაში ვერ შევა.

გიორგი მარგველაშვილი არ იზიარებს "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანულ კანონში საპრეზიდენტო არჩევნებამდე განხორცილებული ცვლილებების არსს და ასევე ამავე სახელწოდების სრულიად ახალ კანონპროექტის იმ ნაწილს, რომლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის მიღება და აღდგენა კონტრასიგნაციას დაექვემდებარა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეობის საკითხების გადაწყვეტა მხოლოდ პრეზიდენტის კონსტიტიციური უფლებამოსილებაა.

აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნები პარლამენტში ოფიციალური დოკუმენტის სახით არის წარდგენილი, რომელსაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დავით პატარაია აწერს ხელს.

"ინტერპრესნიუსის" პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ პარლამენტში გადაგზავნილ დოკუმენტს უცვლელად გთავაზობთ:

"1. საქართველოს კონსტიტუციაში არსებული ფორმულირების მიხედვით (73/1-ე მუხლის, მე-4 პუნქტის "თ" ქვეპუნქტი) განსაზღვრულია, რომ კონტრასიგნაციას არ საჭიროებს პრეზიდენტის ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მოქალაქეობის მინიჭებასა და შეწყვეტას უკავშირდება. ძირითადი კანონის ხსენებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა სახელმწიფო მეთაურის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. სამწუხაროა, რომ კანონმდებელმა, "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანულ კანონში 2013 წლის სექტემბერში ცვლილებების შეტანისას, მოახდინა პრეზიდენტის კონსტიტუციური კომპეტენციის – მოქალაქეობის მინიჭებისა და შეწყვეტის ვიწრო განმარტება. შესაბამისად, მოქალაქეობის მიღება და აღდგენა დაუქვემდებარა კონტრასიგნაციას, ხოლო მინიჭება და მოქალაქეობის მოთხოვნასთან დაკავშირებული უარყოფითი გადაწყვეტილებები – არა. ორგანული კანონით განსაზღვრული მოქალაქეობის მიღებასა და აღდგენასთან დაკავშირებული პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების კონტრასიგნაციის სავალდებულოობა ეწინააღმდეგება პრეზიდენტის ზემოხსენებულ კონსტიტუციურ უფლებამოსილებას – გადაწყვიტოს მოქალაქეობის მიცემის საკითხი. მიგვაჩნია, რომ მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მეთაურის კონსტიტუციური კომპეტენცია – მოქალაქეობის მიცემა – ფართო და მრავლისმომცველია. ასევე ფართოა ძირითადი კანონის 73/1-ე მუხლში ნახსენები, კონტრასიგნაციისგან გათავისუფლებული უფლებამოსილება – მოქალაქეობის მინიჭება. კონსტიტუცია ვერც გაითვალისწინებდა დეტალურად მოქალაქეობის მინიჭების, მიღების, შეწყვეტის, აღდგენის, აღდგენაზე უარის თქმისა თუ სხვა სამართლებრივი რეჟიმების ჩამონათვალს. მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის მიერ მოქალქეობის მიცემის საკითხის გადაწყვეტა ყველა შემთხვევაში ერთ სამართლებრივ შედეგს წარმოშობს – პირი ხდება საქართველოს მოქალაქე, მიუხედავად იმისა, მიენიჭა თუ მიიღო მოქალაქეობა. შესაბამისად, მოქალაქეობის საკითხებზე პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები კონტრასიგნაციას არ უნდა დაექვემდებაროს.

2. "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის მოქმედი რედაქცია (27-ე მუხლის 1-ელი პუნქტი; 34-ე მუხლის მე-4 პუნქტი) საქართველოს პრეზიდენტს უფლებას აძლევს, ცალკეულ შემთხვევებში, გარკვეული გარემოებების არსებობისას, იმავე კანონით გათვალისწინებული პირობების დაუცველად, საქართველოს მოქალაქედ მიიღოს პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა. წარმოდგენილი კანონის პროექტი პრეზიდენტის ხსენებულ უფლებამოსილებების აღარ ითვალისწინებს. პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის საფუძველზე წყვეტს პირისათვის მოქალაქეობის მიცემის საკითხს სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით, შესაძლებელია არ დაეთანხმოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის მიღების ან მინიჭების საკითხებზე. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს მეთაურს უნდა შეუნარჩუნდეს განსაკუთრებულ შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული პირობების დაუცველად, საქართველოს მოქალაქედ პირის მიღების ან უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების უფლებამოსილება, რათა შეუფერხებლად განახორციელოს კონსტიტუციური კომპეტენცია და გადაწყვეტოს მოქალაქეობის მიცემის საკითხი.

3. საქართველოს მოქალაქეობის საკითხების გადაწყვეტა მხოლოდ პრეზიდენტის კონსტიტიციური უფლებამოსილებაა, ამიტომ მიზანშეწონილია, მოქალაქეობასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტები გამოცემულ იქნას თავად სახელმწიფოს მეთაურის მიერ. დღეს პრეზიდენტის აქტებით რეგულირდება საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვის წესი და საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების საკითხი. შესაბამისად, მიზანშეწონილია, არა მთავრობის, არამედ პრეზიდენტის აქტით დარეგულირდეს რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთათვის გამარტივებული წესით საქართველოს მოქალაქეობის მიღება.

4. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით (25-ე მუხლის 1-ელი პუნქტი) მოქალაქეობის მოპოვების, შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ განცხადების და წარდგინების დაკმაყოფილების შემთხვევაში, პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას (რომელიც "ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის შესაბამისად ნორმატიული აქტი არ არის), ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილებისას – განკარგულებას. შესაბამისად, მიზანშეწონილია, მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფოს მეთაურის აქტები (როგორც განცხადების და წარდგინების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ასევე უარყოფითი გადაწყვეტილებები), რომლებიც ინდივიდუალური შინაარსის მატარებელია, გამოცემულ იქნეს მხოლოდ განკარგულების ფორმით.

5. წარმოდგენილი კანონის პროექტის მიხედვით (29-ე მუხლის 1-ელი პუნქტი), მოქალაქეობის საკითხებზე პრეზიდენტის იმ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, რომელიც საჭიროებს კონტრასიგნაციას, მოპასუხეა საქართველოს მთავრობა. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობაც. მიუხედავად ამისა, მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის გასაჩივრებულ სამართლებრივ, თუნდაც კონტრასიგნირებულ აქტებზე მოპასუხედ მხოლოდ სხვა სახელმწიფო ორგანოს განსაზღვრამ შესაძლოა, შექმნას გარკვეული პრობლემა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში. კერძოდ, სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების არსებობისას, მთავრობა ვერ იქნება უფლებამოსილი ორგანო, საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად შეიტანოს ცვლილება ან მიიღოს ახალი სამართლებრივი აქტი. მოგვაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების გასაჩივრების შემთხვევაში, მოპასუხე აგრეთვე უნდა იყოს თავად აქტის გამომცემი და ქართულ კანონმდებლობაში ამგვარი მიდგომა უნდა დამკვიდრდეს.

6. დასაზუსტებელია, ვინ იგულისხმება წარმოდგენილი კანონპროექტის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრეში – ის პირები, ვისაც მოქალაქეობა მიენიჭათ 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ (როგორც ამას ითვალისწინებს იმავე მუხლის პირველი და მეორე პუქტები), თუ "მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში 34-ე მუხლის მე-4 პუნქტის დამატების შემდეგ მოქალაქეობამინიჭებული ყოველი პირი".

"საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" კანონპროექტი, რომლის ავტორი - იუსტიციის სამინისტრო, ინიციატორი კი მთავრობაა, პარლამენტს იანვრის ბოლოს წარედგინა. პრეზიდენტის ამინისტრაციამ კი, აღნიშნული დოკუმენტი პარლამენტს 3 თებერვალს მიაწოდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა