მაია ფანჯიკიძე - მთავარია, პროცესი როგორ წარიმართება, თორემ არავინ უარყოფს იმას, რომ კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს

მაია ფანჯიკიძე - მთავარია, პროცესი როგორ წარიმართება, თორემ არავინ უარყოფს იმას, რომ კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიღებული ნებისმიერი განცხადება საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია. ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ ჰააგაში ვიზიტისას, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც საგარეო უწყების პირველმა პირმა აღნიშნა, აშშ არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ყველაზე დიდი მეგობარი და შესაბამისად, ყურადღება ექცევა მათ ყველა განცხადებას.

"ჩვენ მას განვიხილავთ, როგორც რჩევას. იქ არის ნათქვამი, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას, მაგრამ უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე, რადგანაც ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები ჯერჯერობით არის მყიფე. სწორედ ეს არის ამ განცხადების ამოსავალი წერტილი. რასაკვირველია გასაგებია, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან კარგად იციან, თუ როგორი სუსტი იყო სამართალდამცავი ორგანოები საქართველოში, როგორი სუსტი იყო სასამართლო, რომელსაც ლამის 99% გამამტყუნებელი განაჩენი გამოჰქონდა მოქალაქეების წინააღმდეგ, როდესაც საქართველოში 300 ათასაზე მეტი ადამიანი იყო პრობაციონერი. მაგრამ, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სასამართლო არასდროს ყოფილა ისეთი თავისუფალი და დამოუკიდებელი, როგორიც არის დღეს. ამიტომ, აქ აქცენტი არის იმაზე, რომ ყველაფერი უნდა წარიმართოს სამართლიანად, გამჭვირვალედ და კანონის უზენაესობის ფარგლებში.

სწორედ ეს არის ის, რისი გარანტიაც უნდა მივცეთ და ვაძლევთ კიდევაც ჩვენს უცხოეულ პარტნიორებს. მთავარია, როგორ წარიმართება პროცესი, თორემ არავინ არ უარყოფს იმას, რომ კითხვებზე პასუხები უნდა იყოს გაცემული. თუკი, ამ შემთხვევაში, არსებულ კითხვებზე პასუხი პროკურატურის აზრით, სავარაუდოდ აქვს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რასაკვირველია მან უნდა გასცეს პასუხი", -განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების იმ ნაწილს, სადაც აშშ საქართველოს ურჩევს, ძალისხმევა მივმართოთ მომავლისკენ და ყურდაღება გაამახვილონ ეკონომიკურ განვითარებაზე, მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ საქართველო ამჟამად სწორედ ამ გზას ადგას.

ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით - ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სისხლის სამართლის არაერთ საქმეზე გამოძიების გამო დაკითხვაზე დაიბაროს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"არავინ არის კანონზე მაღლა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის გარშემო ერთდროულად მრავალი გამოძიების დაწყება წარმოშობს ლეგიტიმურ წუხილს პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც საკანონმდებლო და მართლმსაჯულების ინსტიტუტები ჯერ ისევ სუსტია", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა