ავტორი:

ჯანმრთელობის მდგომარეობა თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ჯანმრთელობის მდგომარეობა თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ოდითგანვე ცნობილია, ასტროლოგიასა და ადამიანის ბიოლოგიურ აგებულებას შორის კავშირი. ზოდიაქოს თითოეული ნიშანი კონკრეტულ ორგანოს შეესაბამება და, შესაბამისად, ამ ორგანოს გამართულად მუშაობაზეც ავლენს გავლენას. გარდა ამისა, დიდ მნიშვნელობას თამაშობს პლანეტარული გავლენაც. აქედან გამომდინარე ნებისმიერი პლანეტა, რომელიც ადამიანის კოსმოგრამაში ე.წ დაზიანებულ მდგომარეობაში იმყოფება ხშირად მიანიშნებს ამა თუ იმ ქრონიკულ დაავადებასა და ჯანმრთელობის პრობლემაზე, იმ კუთხით, რომელსაც ეს პლანეტა მართავს. განვიხილოთ ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობის მდგომარეობა, სტიქიების მიხედვით:

მიწის სტიქიის წარმომადგენლები:

კურო

კუროების უმრავლესობა სიმშვიდის მოყვარული და ფრთხილი ადამიანია, თუმცა მიუხედავად ამისა, არც ისინი არიან დაზღვეული დაავადებებისა და გართულებებისგან, რომლითაც პლანეტარული გავლენა ყველა ადამიანს აჯილდოებს ამ სამყაროში. კუროს მთავარი სისუსტე ყელი და ზედმეტი კილოგრამების პრობლემაა. ზედმეტი წონა კი თავის მხრივ, კუროს გურმანულ მიდრეკილებებთანაა კავშირში. აი, რაც შეეხება ყელს და სახმო იოგებთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის თემას, ამ მხრივ უნდა აღინიშნოს რომ მეტ-ნაკლებად ყველა კუროს გააჩნია მიდრეკილება ქრონიკული ანგინის, ლარინგიტის, ფარინგიტის და მსგავსი ტიპის ვირუსული ინფექციების მიმართ. გარდა ამისა, ზოგიერთი კურო ხშირად ნერვიულობის ნიადაგზე წარმოქმნილი სახმო იოგების დაზიანების პრობლემითაც იტანჯება. ყველაფერ ზემოთქმულთან ერთად, კუროსთვის გამოჯანმრთელების საკითხიც ხანგრძლივი და რთული თემაა, რადგან თანდაყოლილი სიზანდიტან გამომდინარე, ამ ადამიანებს გამოჯანმრთელებაც ისევე უჭირთ, როგორც ერთხელ შეჩვეულ საცხოვრებელ ადგილთან განშორება.

ქალწული

ზოდიაქოს ე.წ. ჯანმრთელობის სახლის დიასახლისი ქალწული, როგორც წესი, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ მანიაკალური დამოკიდებულებით გამოირჩევა. ქალწულების უმრავლესობას, ხშირ შემთხვევაში მკაცრ კონტროლზე აქვს აყვანილი ჰიგიენის ნორმების დაცვა, კვების რეჟიმი, დასვენების და მუშაობის საათები. გარდა ამისა, ნებისმიერმა საშუალო სტატისტიკურმა ქალწულმა, ზეპირად იცის ამა თუ იმ მედიკამენტის ანოტაცია, შემადგენლობა და სამკურნალო თვისებები. შესაბამისად ქალწული, რომელსაც გართულებული ან ქრონიკულ სტადიაში გადასული სენი გააჩნია, ძალზე იშვიათი მოვლენაა ბუნებაში. თუმცა მიუხედავად ამისა, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებსაც აწუხებთ კონკრეტული დაავადებები - კერძოდ კი კუჭ-ნაწლავის და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემა, რომელიც ნებისმიერი ქალწულისთვის აქტუალურია ცხოვრების მანძილზე.

თხის რქა

თხის რქა ერთ-ერთი უმთავრესი ”დამსჯელი” პლანეტის - სატურნის მფარველობის ქვეშაა, სიმბოლურად სწორედ სატურნის მდებარეობის მიხედვით ადგენენ ასტროლოგები ამა თუ იმ ადამიანის პირად კოსმოგრამაში დაავადების ალბათობას და მისი განვითარების გზებს. თუმცა სატურნის გავლენა ზოგადად თხის რქებზე, ყოველთვის როდი ვლინდება ნეგატიური კუთხით. თხის რქების სისუსტე კბილები, კანის დაავადებები და ძვლოვანი სისტემაა. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ეგზემური გამონაყარი, პარადონტოზი ან რადიკულიტისკენ მიდრეკილება ბევრ თხის რქაში შეინიშნება. თუმცა სატურნის რაობიდან გამომდინარე, თხის რქების უმრავლესობა ჯანმრთელობას წლების მატებასთან ერთად იკაჟებს, ამიტომ ბავშვობის ასაკში მოწუწუნე და ავადმყოფი თხის რქა, შესაძლებელია უკვე ზრდასრულ ასაკში ერთ-ერთ ყველაზე ჯანსაღ ადამიანად მოგვევლინოს, ყველაფერი მის ხასიათში სატურნული თვისებების სწორად განვითარებაზეა დამოკიდებული. ამასთან, დარდს და პესიმიზმს ქრონიკული დაავადებები მოსდევს, ოპტიმისტურ მიდგომას კი წლობის მანძილზე გაკაჟებული ჯანმრთელობა.