ავტორი:

ვენერა-მარსის კარმული შეერთება: საბედისწერო შეხვედრები და სასიყვარულო პროგნოზი თორმეტივე ნიშნისთვის

ვენერა-მარსის კარმული შეერთება: საბედისწერო შეხვედრები და სასიყვარულო პროგნოზი თორმეტივე ნიშნისთვის

14 თებერვალს, ვალენტონობაზე - ყველაზე რომანტიკულ დღეს, გენდერული პლანეტების ვენერასა და მარსის შეერთება გველოდება და კარდინალურ ცვლილებებს გვპირდება სასიყვარულო და ფინანსურ თემებში, რადგან ვენერა სიყვარული და ფულია, რა მინდა და რა მომწონს, მარსი კი - მათი მოპოვებისთვის აქტიურობა, ბრძოლა.

ვენერასა და მარსის შეერთებას 14 თებერვალს ველოდებით, მაგრამ სასიკეთო ცვლილებებს უკვე დღეიდან ვიგრძნობთ და მისი გავლენა მარტის ბოლომდე იქნება აქტიური. ამ პერიოდში გაგვიჩნდება სურვილი, დავარეგულიროთ სასიყვარულო სფერო და უფრო მეტად გავაქტიურდეთ მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ადამიანების უმეტესობა ჩამოყალიბდება საკუთარ არჩევანში, პრეროგატივაში, ღირებულებებში, სურვილებში და გააქტიურდება სასურველის მისაღწევად.

ამჯერად ვენერა და მარსი ორივე თხის რქაშია. თხის რქაში მყოფი ვენერა სერიოზული და მოკრძალებულია, გარეგნულად ცოტა ცივიც, მაგრამ შინაგანად ვნებების ბობოქრობას მაინც გრძნობს. მარსი თხის რქაში ძლიერ პოზიციაშია, მიზანმიმართული და აქტიურია. ამასთან, აქედანვე გაფრთხილდებთ, მიუხედავად იმისა, რომ ვენერა მოკრძალებული და თავშეკავებულია, მარსის გავლენით შეუპოვარი, აქტიური გახდება და სასურველის მისაღებად შეიძლება ომიც კი გააჩაღოს.

ვენერა-მარსის შეერთება კარმული ასპექტია. თანაც საინტერესო ისაა, რომ მათი კავშირი სერიოზულ თხის რქაში იწყება და გრძელდება თავისუფლებისმოყვარე მერწყულში. ანუ რომანი შეიძლება თავიდანვე სერიოზულად, ტრადიციების დაცვით, კონსერვატიული შეხედულებებით დაიწყოს. თხის რქის მმართველის სატურნის გავლენით, მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით სასიყვარულო და ფინანსურ სფეროსაც. თუ ურთიერთობაში პასუხისმგებლობას და სერიოზულობას გამოავლენთ, ამ პერიოდში დაწყებული რომანი შეიძლება 30 წელიწადს გაგრძელდეს, თუ დიდხნიან პერსპექტივას არ განიხლავთ, კავშირი ორ წელიწადს გაგრძელდება, ხოლო, თუ ქარაფშუტულად მიუდგებით, არც თქვენ გექნებათ პასუხისმგებლობის შეგრძნება და არც პარტნიორს, აპრილის დასაწყისში დაემშვიდობებით ერთმანეთს.

საინტერესო ისაა, რომ ვენერა-მარსის შეერთებას ხელს უწყობს დიდი ბედნიერების პლანეტა - იუპიტერი. ამიტომ, მოულოდნელად შეიძლება დაიწყოთ ახალი სამსახური, გაიცნოთ რომანტიკული პარტნიორი, მიიღოთ ბედის საჩუქრები. ამასთან, იუპიტერმა იცის ყველაფრის გაბევრება და შეიძლება ერთდროულად რამდენიმე რომანი გააბათ, ერთდროულად რამდენიმე საქმიანი შემოთავაზება მიიღოთ, ერთდროულად რამდენიმე შემოსავლის წყარო გამოგიჩნდეთ. ამიტომ, თუ გსურდათ ახალი პროექტების დაწყება, დაწინაურება ან რომანტიკული ურთიერთობის გაუმჯობესება, უნდა გააქტიურდეთ. ნუ გაგიკვირდებათ, თუ სასიამოვნო მოულოდნელობები მოულოდნელად გეწვევათ, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიაღწეთ სასურველს.

გაიხსენეთ, რა ხდებოდა 2021 წლის ივლისის ბოლოს, ამ დროს ვენერა-მარსი ლომის ზოდიაქოში შეერთდნენ. თუ ამ პერიოდში რომანი დაიწყეთ, პლანეტების თხის რქაში შეერთება მეტად გაასერიოზულებს ურთიერთობას, მოხდება ტრანსფორმაცია: ოჯახის შექმნა, ფეხმძიმობა ან თუ კავშირმა ამოწურა თავისი თავი და თუ არ გსურთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება - დაშორება.

24 თებერვლიდან 10 მარტის ჩათვლით ვენერა პლუტონს შეუერთდება. ეს ასპექტი წყვილებს გამოცდას მოუწყობს: დაფიქრდებით, ეს რომანი არის გასართობი თუ დასაოჯახებელი. პლუტონის გავლენით სასიყვარულო სფეროში მოგვინდება მსხვერპლის გაღება. დააკვირდით 6 მარტს, სწორედ ამ დღეს გვაქვს ზუსტი შეერთება და მოვლენები შეიძლება კარგადაც განითარდეს და ცუდადაც. ტრანსფორმაციის დღეა. შეიძლება რადიკალურად შეიცვალოთ გარეგნობა, ჩაცმის სტილი. ამ დღეს მიიღებთ პასუხს თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვაზე. შეიძლება გყავთ სასიყვარულო პარტნიორი და მოულოდნელად უღალატოთ მას. ამავე პერიოდში მოსალოდნელია დიდ ფულთან შეხება. გამორიცხული არაა, ფული დაკარგოთ, ზარალი განიცადოთ საყვარელი ადამიანის, სიყვარულის გამო. ამიტომ, სატურნი მოგიწოდებთ, იყოთ დაკვირვებული, პასუხისმგებლიანი.

საინტერესო დღეა 28 მარტიც, ამ დღეს ვენერა-მარსის დუეტს შეუერთდება მთვარე და სატურნი და ეს დღეც იქნება გამოცდის. თუ აქამდე შეხვდით თქვენს საყვარელ ადამიანს, თქვენს კარმულ პარტნიორს, ეს დღე (პლუს-მინუს 2 დღე) იქნება თქვენი ურთიერთობის გამოცდის. ამ პერიოდში კარგი იქნება, თუ მეგობრულ ურთიერთობას ან ფლირტს, რომანის, სერიოზული კავშირის სახეს მისცემთ. გამორიცხული არაა, ურთიერთობაში შეიცვალოს პრიორიტეტები და თუ ადრე მამაკაცი იყო ინიციატივიანი, მატერიალურად უზრუნველყოფილი, ასაკით ან სტატუსით უფროსი, ახლა ქალი გახდეს ასეთი. გახშირდება გარისკვა, საზოგადოებაში არსებული ნორმების წინააღმდეგ წასვლა: თუნდაც, რომანის დაწყება დაოჯახებულთან.

ვენერა-მარსის შეერთებას ყველაზე მეტად იგრძნობენ ის ნიშნები, რომლებსაც ასეთი შეერთება ნატალურ რუკაში უკვე გაქვთ, ან თუ დაიბადეთ 6 იანვრიდან 3 თებერვლის შუალედში. თქვენ კარდინალური ცვლილებები გელით სასიყვარულო და ფინანსურ სფეროებში. აგრეთვე სანახავია, პირად რუკაში როგორ გაქვთ განლაგებული ვენერა და მარსი. ახლა კი გაეცანოთ, სასიყვარულო ასტროპროგნოზს, რათა გაიგოთ, რას მოგიტანთ ვენერა-მარსის შეერთება თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

ვერძი

დაფიქრდით, როგორი სასიყვარულო ურთიერთობა ან ოჯახი გსურთ, რომ გქონდეთ. ზოგიერთმა შეიძლება გააბათ რომანი ასაკით, თანამდებობით უფროს ან სოციალურად თქვენზე მაღლა მდგომ ადამიანთან. გამორიცხული არაა, ზოგიერთმა ინტერნეტით გაიცნით მომავალი პარტნიორი. თუ არსებულ კავშირში პრობლემები გაქვთ, მიმართეთ ფსიქოლოგს, ასტროლოგს.

კურო

განქორწინებულები დაფიქრდებით მეორედ ქორწინებაზე ან სულაც ბედის დაკავშირებაზე უცხოელ, სხვა რელიგიის ადამიანთან. ზოგიერთმა შეიძლება რომანი გააბათ ლექტორთან. მოგინდებათ არსებული ოჯახის გამრავლება. არსებული სასიყვარულო ურთიერთობის დაკანონება. გამორიცხული არაა, მომავალ პარტნიორს შეხვდეთ სამეგობრო წრეში.

ტყუპი

დამოკიდებული გახდებით სასიყვარულო ურთიერთობაზე, ან შეიძლება ძლიერ პიროვნებას დაუკავშიროთ ბედი ან ადამიანს, ვისთანაც ადრე მეგობრობდით. თუ უკვე გყავთ საყვარელი ადამიანი, შეიძლება მასზე დაქორწინება მატერიალური სარგებლის გამო გადაწყვიტოთ. ზოგიერთმა შეიძლება პარტნიორის გამო შეიცვალოთ ქვეყანა.

კირჩხიბი

მარტოხელები შეხვდებით ადამიანს, ვისთანაც დაწყვილება მოგინდებათ. ან თქვენი არსებული რომანი დაოჯახებისკენ გიბიძგებთ. პარტნიორთან ერთად შეძლებთ საერთო ბიზნესის დაწყებას. ან მის სასიკეთოდ უნდა გაიღოთ პირადი ქონება, ფული.

ლომი

მიხვდებით, რომ სასიყვარულო ურთიერთობა მხოლოდ რომანტიკა არაა და ყოველდღიურად უნდა იზრუნოთ არსებული კავშირის შენარჩუნება-გაძლიერებაზე. შეძლებთ თქვენს პარტნიორზე ზრუნვას. გამორიცხული არაა, მარტოხელებმა გააბათ სამსახურებრივი რომანი, კოლეგასთან. საყვარელი ადამიანისგან მიიღებთ საჩუქრებს და შეიძლება ერთ-ერთი შინაური ცხოველიც კი იყოს.

ქალწული

ახალი რომანტიკული ურთიერთობების დასაწყებად მოემზადეთ. თუ გსურდათ, მშობელი გამხდარიყავით, აგისრულდებათ და შეიძლება ტყუპიც კი გეყოლოთ. გირჩევთ, მეტი დრო დაუთმოთ ჯანრთელობის საკითხებს. თუ აქამდე მარტოხელა იყავით, ან ფარული რომანი გქონდათ, ახლა რომანტიკული ურთიერთობა პირველ ადგილზე გამოვა.

სასწორი

დაფიქრდით, რა არის თქვენთვის ოჯახი, ხართ თუ არა მზად ოჯახის შესაქმნელად ან ხართ თუ არა მზად, სასურველს მიიღებად მშობლების წინააღმდეგ წახვიდეთ?.. შეიძლება ის, რაც თქვენ გსურთ, არ მოგიწონონ ოჯახის წევრებმა და მოგიწიოთ კარდინალური ნაბიჯის გადადგმამ, რადგან თქვენი პარტნიორი არ შეესაბამებოდეს თქვენი ოჯახის ინტერესებს (რელიგია, უცხოელი, პოლიტიკური შეხედულებები, სოციალური სტატუსი).

მორიელი

ადამიანი, რომელსაც ეძებთ, უკვე თქვენ გვერდითაა. უბრალოდ, უნდა ჩამოყალიბდეთ, ეს ურთიერთობა უნდა გადაზარდოთ ოჯახურ კავშირში, თუ რამე სხვა გსურთ. ან როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი მომავალი ოჯახი. შეიძლება არსებულ კავშირში შეიტანოთ ცვლილებები, რადგან არსებული სიტუაცია აღარ განიჭებთ სიამოვნებას.

მშვილდოსანი

საყვარელი ადამიანის დახმარებით გაიუმჯობესებთ მატერიალურ მდგომარეობას ან შეიძლება ბედი მდიდარ ადამიანს დაუკავშიროთ. საყვარელი ადამიანი აგავსებთ ძვირად ღირებული საჩუქრებით. დააბანდებს ფულს თქვენს ნიჭში, სწავლაში. შეიძლება შეიძინოთ საერთო ბინა და იზრუნოთ მის კეთილმოწყობაზე. გირჩევთ, ისწავლოთ საკუთარ გრძნობებზე ლაპარაკი.

თხის რქა

ვენერა-მარსის შეერთება თქვენს ნიშანში ხდება და კარდინალურ ცვლილებებს გპირდებათ პირად ურთიერთობაში, ფინანსურ სფეროში. თუ მარტოხელა ხართ, უნდა დაფიქრდეთ, რა გიშლით ხელს პირადი ცხოვრების მოსაწყობად? შეიძლება საყვარელ ადამიანთან ერთად დაიწყოთ ახალი საქმე, ფულის კეთება, ერთად დაიწყოთ რამის შესწავლა ან სასწავლო კურსებზე გაიცნოთ მომავალი პარტნიორი. ეცადეთ, ეკონომია არ გააკეთოთ საკუთარ თავზე, იმაზე, რაც სიამოვნებას განიჭებთ.

მერწყული

მიხვდებით, რომ უნდა დამთავრდეს თქვენი მარტოობა ან უნდა შეძლოთ და წერტილი დაუსვათ ფარულ ურთიერთობას ან გამოამჟღავნოთ ის კავშირი, რომელიც გაქვთ, თუნდაც საზოგადოებისთვის მიუღებელი იყოს. გელით სასიამოვნო და კარდინალური ცვლილება, თუ აქამდე "ჩაილდფრი" იყავით ახლა შეიძლება შვილის გაჩენა გადაწყვიტოთ. ხოლო თუ აქამდე მარტო ყოფნა გერჩივნათ, ახლა გააქტიურდებით, რომ დაწყვილდეთ.

თევზები

ახალი რომანი შეიძლება სოციალურ ქსელებში ნაცნობით დაიწყოთ. ან საბედოს მეგობრების წრეში შეხვდეთ. თუ აქამდე თავად ზრუნავდით პარტნიორზე, ახლა დროა, მან გაგანებივროთ. საკუთარი თავი სხვას მსხვერპლად არ შესწიროთ. ზოგიერთმა შეიძლება ფარული რომანი გააბათ, დაქორწინებულთანაც კი... ან სულაც მესამედ გადაწყვიტოთ დაქორწინება.