კომპანია "ლექსუსმა" კროსოვერ RX 450h-ის მოდიფიკაციათა გამა მხოლოდ წინა ხიდზე აძვრის ვერსიის ხარჯზე გააფართოვა.
იაპონური მარკის წარმომადგენელთა თქმით, ასეთი ვერსია იმის გამო შეიქმნა, რომ ჰიბრიდული აგრეგატის საწვავის ეკონომიურობისა და ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გამონაბოლქვის შემცირების პოტენციალი მთლიანად გამოიყენოს.
სავარაუდოდ, წინა აძვრის მქონე RX 450h-ის საწვავის საშუალო ხარჯი 100 კმ-ზე დაახლოებით 6 ლ იქნება, ხოლო CO2-ის გამონაბოლქვი - 140 გრამი კმ-ზე. შედარებისთვის, სრული აძვრის მქონე RX, შერეული ციკლით მოძრაობისას, 100 კმ მანძილის დასაფარავად 6,3 ლ-ს მოიხმარს, ხოლო CO2-ის გამონაბოლქვი, კმ-ზე 148 გრამს შეადგენს.
Lexus RX 450h-ის მონოაძვრის მქონე ვერსიის ჰიბრიდული დანადგარი არ შეიცვლება. იგი კვლავაც ატკინსონის ციკლით მომუშავე, 3,5-ლიტრიან, 249 ცხ. ძალის სიმძლავრის V6 ძრავას, 167 და 68 ცხ. ძალის სიმძლავრის მქონე წინა და უკანა ელექტრომოტორებს, ვარიატორს და ნიკელ-მეტალჰიბრიდულ აკუმულატორებს გააერთიანებს.
"ლექსუსის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წინა აძვრის მქონე კროსოვერი 100 კმ/სთ სიჩქარეს 8,2 წამში ავითარებს (3/10 წამით ნელა სრული აძვრის მქონე ვერსიაზე), ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 180 კმ/სთ-ია (სრული აძვრის მქონე მანქანისა - 200 კმ/სთ). ევროპულ ბაზარზე წინა აძვრის მქონე კროსოვერზე ფასები 55.200 ევროდან დაიწყება.
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)