ოთხშაბათს კომპანია Porsche-ის დამკვირვებელთა საბჭომ ოფიციალურად განაცხადა, რომ კონცეპტუალური ჰიბრიდული სუპერქარი 918 Spyder სერიულ წარმოებაში ჩაეშვება.
ეს გადაწყვეტილება კომპანიის ხელმძღვანელობამ ჟენევის ავტოსალონის სტუმრებისა და კლიენტების დადებითი გამოხმაურების შემდეგ მიიღო, სადაც ავტომობილის პრემიერა გაიმართა.
Porsche 918 Spyder პუბლიკის წინაშე კიდევ ერთხელ აგვისტოში, კალიფორნიის ფესტივალზე წარსდგება, სადაც მსურველებს ავტომობილზე შეკვეთის გაკეთების შესაძლებლობაც ექნებათ.
ჯერ კიდევ აპრილში კომპანიის ტოპ-მენეჯერი ვოლფგანგ დიურხაიმერი აცხადებდა, რომ ჰიბრიდულ სუპერქარზე ინტერესი 900 ადამიანმა გამოთქვა, ამ დროისთვის კი პოტენციურ მყიდველთა რიცხვი 2000-ს აჭარბებს. ავტომობილის კონვეირზე გაშვების ზუსტი ვადა ჯერჯერობით არ სახელდება.
პროტოტიპი Porsche 918 Spyder ჰიბრიდული ძალისმიერი აგრეგატითაა აღჭურვილი, რომელშიც 3,4 ლ მოცულობის, 500 ცხ/ძ-ის მქონე, რვაცილინდრიანი ატმოსფერული ძრავი და 218 ცხ/ძ-იანი ორი ელექტროძრავი შედის. ავტომობილს შვიდსაფეხურიანი ავტომატური გადამცემი კოლოფი აქვს.
ჰიბრიდს ელექტროძრავით მაქსიმუმ 25 კმ-ის გავლა შეუძლია. მისი ბატარეების დატენვა სახლის ელექტროქსელში შეიძლება. კომპანიის მესვეურთა თქმით, ავტომობილი 0-იდან 100 კმ/სთ-მდე სიჩქარეს 3,2 წამში ავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 320 კმ/სთ-ია.
სავარაუდოდ, სერიული Porsche 918 Spyder-ის ფასი 500 ათას ევრომდე იქნება.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.