Mercedes-Benz-მა განახლებული კუპე გამოამზეურა

Mercedes-Benz-მა განახლებული კუპე გამოამზეურა

ბავარიულმა ავტოგიგანტმა ფარდა ახადა აქამდე გასაიდუმლოებულ მოდელს - CL-Class-ის განახლებული კუპეს მოდიფიკაციებს, რომლებიც უკვე ტრადიციისამებრ, ატელიემ - AMG დაამზადა. ფართო საზოგადოების სამსჯავროზე ავტომობილებს - CL63 და CL65 შემოდგომაზე, პარიზის საერთაშორისო ავტოსალონზე წარმოადგენენ, ხოლო ამის შემდეგ მათ ევროპელ და ამერიკელ დილერებს მიაწვდიან.

"უმცროსი" ვერსია - CL63 AMG - 5,5ლ მოცულობის ტვინ-ტურბო ძრავათი აღიჭურვება და უწინდელ, 6,2 ლ მოცულობის "რვიანს" შეცვლის. ახალი აგრეგატის სიმძლავრე 536 ცხ.ძ-ს შეადგენს, 7-საფეხურიანი, ავტომატური ტრანსმისია აქვს, 96 კმ/სთ სიჩქარეს 4,4 წმ-ში ავითარებს, ხოლო ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ია.

ოპციური სპორტ-პაკეტის შეძენის შემთხვევაში, ძრავას სიმძლავრე 563 ცხ.ძ-მდე გაიზრდება, "ასეულამდე" აგორების დრო ერთი მეათედი წამით შემცირდება, ხოლო მაქსიმალური სიჩქარის შემზღუდავი 299 კმ-სთ ნიშნულით განისაზღვრება. კომპანიაში ხაზგასმით აცხადებენ, რომ სიმძლავრის გაზრდის მიუხედავად, საწვავის ხარჯი და ატმოსფეროში გადმოფრქვეულ მავნე ნივთიერებათა რაოდენობა არ გაზრდილა.

CL65 AMG-ის ტოპვერსია 6-ლიტრიანი, 12-ცილინდრიანი ტურბოაგრეგატით, 5-საფეხურიან გადაცემათა ავტომატური კოლოფით აღიჭურვება, 621 ცხ.ძ. სიმძლავრეს განავითარებს და 96 კმ/სთ სიჩქარეს 4,2 წმ-ში მიაღწევს.

ალექსი რეხვიაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)