რეკლამის კონტროლის ბრიტანულმა ორგანიზაციამ გერმანულ კონცერნ BMW-ს სარეკლამო კამპანიაში დარღვევა აღმოუჩინა. ბრიტანელთა თქმით, გერმანელი ავტომწარმოებლები საზოგადოებას ატყუებენ, როცა სარეკლამო სლოგანში აცხადებენ, რომ BMW Concept Active E ეკოლოგიურად აბსოლუტურად სუფთა ავტომობილია.
სარეკლამო სლოგანი კი ასეთია: "Concept Active E - პირველი ავტომობილია, რომელიც მთლიანად ელექტროენერგიაზე მუშაობს. თავისი ექსპლუატაციური შესაძლებლობების, ასევე გადაადგილების დროს СО2-ის გამონაბოლქვის არქონის წყალობით, ActiveE BMW-ის ავტომობილების ეფექტურ დინამიურობაზე წარმოდგენას ცვლის".
ბრიტანულ ორგანიზაციაში ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდეს. მათი არგუმენტი ისაა, რომ ავტომობილი საოჯახო ელექტროწყაროდან იმუხტება, რომელსაც დენი თბოელექტროსადგურიდან მიეწოდება. თბოელექტროსადგურები კი ქვანახშირზე მუშაობენ და ატმოსფეროს საკმაოდ აბინძურებენ. ბრიტანელთა თქმით, სარეკლამო სლოგანს მყიდველი შეცდომაში შეჰყავს.
გერმანული კონცერნი ამ მიდგომას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ სლოგანში საუბარია იმ გამონაბოლქვზე, რომელსაც ავტომობილი გადაადგილებისას გამოყოფს.
მიუხედავად ამისა, ბრიტანულმა ორგანიზაციამ აზრი არ შეიცვალა და გერმანული კონცერნის რეკლამა დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე აკრძალა.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.