"ჩემი ავტომობილი ძალიან ჰგავს ჩემს მეუღლეს"

"ჩემი ავტომობილი ძალიან ჰგავს ჩემს მეუღლეს"

ჯგუფ "ემის" წევრი ია მანიჟაშვილი ავტომობილებზე გვესაუბრება.

- რომელი იყო თქვენი პირველი ავტომანქანა?

- "ვოლვო". პირველი ავტომობილი საზიაროდ გვყავდა მე და ჩემს დას.

- რა ავტომობილი გყავთ ახლა?

- "მერსედესი 190". საკმაოდ ძველია, ექვსი წელია მყავს და ძალიან მიყვარს. რომელი მანქანა გამიძლებდა ამდენ ხანს, არ ვიცი. ავტომობილების მოყვარულები "მერსედესის" ამ მოდელს "უნამუსოს" უწოდებენ. ეს მეტსახელი იმით დაიმსახურა, რომ თითქმის არასოდეს ფუჭდება.

- პატრული ხშირად გაჩერებთ?

- ერთხანს გადამეკიდნენ. იმხანად ცხოვრებაშიც უიღბლო პერიოდი მქონდა და ამას ისიც ემატებოდა, რომ ყოველდღე პატრული მაჩერებდა და მაჯარიმებდა... ბევრჯერ დამაჯარიმეს უსამართლოდ. მაგალითად, იმიტომ, რომ თურმე ყვითელ ავტობუსს მოძრაობაში ვუშლიდი ხელს და მგზავრები დროულად ვერ მიჰყავდა სამსახურში... მოკლედ, ერთი წლის განმავლობაში ხელფასს ჯარიმებში ვხარჯავდი.

- თქვენს ავტომობილს რას შეადარებთ?

- ჩემი მანქანა ძალიან ჰგავს ჩემს მეუღლეს, მასავით საყვარელია და უპრეტენზიო.

- ფერსა და ნომერს თუ აქვს თქვენთვის მნიშვნელობა?

- წითელ და მწვანე მანქანებს ვერ ვიტან.

- რამდენად ხშირად რეცხავთ?

- მიყვარს, როცა ჩემს მანქანას მე თვითონ ვრეცხავ, მაგრამ ამისათვის ხშირად ვერ ვიცლი, მამაჩემს ძალიან არ მოსწონს, როცა ჭუჭყიანი მანქანით დავდივარ. მახსენდება, მე და ჩემმა დამ ეკამ შეხვედრა დავნიშნეთ. ზამთარი იყო და მანქანიდან გადმოსვლა მეზარებოდა, ეკა ნახევარი საათი მეძებდა. მანქანა გარეცხილი იყო და ვერ იცნო.

- მამაკაცების უმრავლესობას მიაჩნია, რომ საჭესთან მჯდომ ქალს უნდა უფრთხილდე. რას ფიქრობთ ამაზე?

- ბევრი ისეთი მამაკაცი მინახავს, მართვა რომ არ იცის. მეც მყავს ისეთი მეგობარი ბიჭები, რომლებსაც მანქანაში ჩაჯდომის ეშინიათ. ამდენმა კრიტიკამ ქალები უფრო მობილიზებული გახადა... მიმაჩნია, რომ კარგი მძღოლი ვარ. ჩემთვის მაგარი მძღოლი ის არის, ვინც უკანა სვლით კარგად მართავს მანქანას. უმთავრესად ამით განვსაზღვრავ ხოლმე მძღოლის პროფესიონალიზმს.

- რომელია თქვენი ოცნების ავტომობილი?

- ნებისმიერი მოდელის "მერსედესი". ამ მარკაზე ვარ შეყვარებული.

სოფო ყარალაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)