კომპანია Chevrolet-მა ყველაზე მძლავრი მოდიფიკაციის სპორტული კუპე Camaro-ს საგზაო ტესტირება დაიწყო. როგორც წინასწარვე იყო ცნობილი, ავტომობილს Z28 დაერქვა. ჟურნალ Autoexpress-ში ამ ავტომობილის არაოფიციალური ფოტოსურათები გამოქვეყნდა, სადაც პროტოტიპი Camaro Z28 კონკურენტ Ford Mustang GT500-ისთან ერთად არის აღბეჭდილი.
წინასწარი ინფორმაციით, გაძლიერებული Camaro 6,2 ლიტრიანი კომპრესული V8 ძრავით აღიჭურვება, რომელიც 556 ცხ/ძ-ს გამოიმუშავებს. ავტომობილის საბაზო ვარიანტში მექანიკური, 6-საფეხურიანი ტრანსმისია იქნება, თუმცა შეკვეთით ავტომატური ვარიანტის მიღებაც შესაძლებელი იქნება.
ყველაზე სწრაფი Camaro, გარდა გაძლიერებული ძრავისა, უფრო აგრესიული დიზაინის ძარის "ცხვირს" მიიღებს (ფოტოზე ის შენიღბულია). ავტომობილი ასევე მოდერნიზებული დაკიდებით, უფრო მძლავრი მუხრუჭითა და სპორტული საბურავებით აღიჭურვება.
ახალი ავტომობილის დებიუტი, რომლის ფასი ჯერჯერობით არ სახელდება, 2011 წლის დასაწყისში, დეტროიტის ავტოსალონზე შედგება და მისი გაყიდვა კი მომავალი წლის ზაფხულიდან დაიწყება.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.