ლოს-ანჯელესის მოტორშოუზე, რომელიც მიმდინარე წლის 19-28 ნოემბერს გაიმართება, კომპანია "ნისანი" კროსოვერ "მურანოს" ღია ვერსიის წარდგენას აპირებს. სავარაუდოდ, გაყიდვაში ასეთი ავტომობილი მომავალი წლის გაზაფხულიდან იქნება.
წინასწარი ინფორმაციით, კაბრიოლეტი "ნისან მურანო" რბილი, დასაკეცი სახურავით აღიჭურვება. ძარას სიმყარის შესანარჩუნებლად, როგორც მოსალოდნელია, ავტომობილს უკანა ორი სავარძელი აღარ ექნება, რაც ინჟინრებს კონსტრუქციის ზედმეტად გადატვირთვისგან თავის არიდების საშუალებას მისცემს; სიახლეს მისაღებ მასასა და ფასს შეუნარჩუნებს.
აშშ-ში მანქანა ხელმისაწვდომი იქნება როგორც წინა, ასევე სრული აძვრით. მას 3,5-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი, 265 ცხ. ძალის სიმძლავრის მქონე ძრავა დაუკომპლექტდება, რომელიც ვარიატორთან ერთად იმუშავებს. მოსალოდნელია, რომ ასეთი ავტომობილი შეზღუდული ტირაჟით გამოუშვან, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ ეგზემპლარად ააწყობენ.
ალექსი რეხვიაშვილი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)