ჟურნალისტ ხატია სიჭინავასთვის ავტომობილი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მიუხედავად იმისა, რომ თვითნასწავლი მძღოლია, მიაჩნია, რომ როდესაც საჭეს უზის, მგზავრები არ ნერვიულობენ.
- მართვა 25 წლისამ ვისწავლე, როცა მანქანა შევიძინე. ავტომანქანა იმდენად მიყვარს და ისე მინდოდა მემართა, საჭეს რომ მივუჯექი, ყოველგვარი ავტოსკოლის გარეშე, თვითონ გავატარე.
- რომელი იყო შენი პირველი ავტომობილი?
- "ფოლკსვაგენ ჯეტა". ბანკიდან აღებული სესხით ვიყიდე. ახლა კი მინდა ჯიპი შევიძინო. ეს ავტომობილი გარეგნულად ძალიან მომწონს. მირჩევნია, ავტომატური კოლოფი ჰქონდეს, იმიტომ, რომ თვითნასწავლი მძღოლი ვარ და მექანიკასთან ვერ ვმეგობრობ.
- ხატია, პატრულთან როგორი დამოკიდებულება გაქვს, ხშირად გაჩერებენ?
- ყოველ ნაბიჯზე. თანაც ჩემი ავტომობილის სერიაა "XAT" და პირდაპირ ასე ყვირიან: "ხატია, მანქანა გადააყენე!". ერთხელ ისე გავბრაზდი, პატრულის შეურაცხყოფისთვის კინაღამ დამაპატიმრეს.
- ავტოსაგზაო შემთხვევა გქონია?
- რამდენიმე წლის წინ თავისუფლების მოედანზე ავტოავარიაში მოვყევი და სასიკვდილოდ დავშავდი. ეს აღდგომის ღამეს მოხდა და მიმაჩნია, რომ ამ დღის მადლმა გადამარჩინა.
- რას შეადარებ საკუთარ ავტომობილს?
- პეპელას, ისეთი ლამაზია. სალონში კი სულ გაზაფხულის სურნელი დგას.
- მანქანის ნომერს მნიშვნელობას ანიჭებ?
- მომწონს, როცა სერია ავტომობილის მფლობელის სახელს ემთხვევა. ამიტომაც ავიღე "XAT".
- ხშირად რეცხავ?
- ძალიან ხშირად. გოგოსავით ვუვლი... ავტომობილი ჩემი მეორე სახლია. შიგნით მინიგარდერობი მაქვს. მანქანაში მიდევს წმინდა ნიკოლოზის ხატიც, რომელიც ჩემი მფარველი წმინდანია.
- რომელი საგზაო ნიშანი გაღიზიანებს?
- "გაჩერება აკრძალულია".
- რომელია შენი ოცნების ავტომობილი?
- "ბე-ემ-ვე ჯინა" ყველაზე მეტად მომწონს.
სოფო ყარალაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)