"მე გადაცემა მიმყავდა, პატრული კი ამ მომენტში ჯარიმას მიწერდა"

"მე გადაცემა მიმყავდა, პატრული კი ამ მომენტში ჯარიმას მიწერდა"

ზვიად ბლიაძე, იგივე ზვიო, რომელიც ამჟამად კომპანია "7 ზეტთან" ერთად რეკლამებზე მუშაობს, მაყურებელს არაერთი გასართობი შოუდან ახსოვს. ახლახან ზვიომ "ტოიოტას" ფირმის ავტომობილი შეიძინა.

- 27 წლის ვიყავი, მართვა რომ ვისწავლე, გამოცდის ჩაბარების შემდეგ ავიღე მართვის მოწმობაც.

- რომელი იყო შენი პირველი ავტომობილი?

- 1990 წლის "ოპელ ომეგა". როგორც კი შევიძინე, სოფელში წავედი. თუმცა, ისეთი გაფუჭებული იყო, უკან ბუქსირზე ჩაბმული ჩამოვედი, ავდექი და დავუბრუნე პატრონს.

- ახლა რომელი ავტომობილი გყავს?

- 2007 წლის "ტოიოტა კოროლა". ეს მანქანა 100 კმ-ზე 8 ლიტრ საწვავს წვავს, თან ახალი მოდელია. ერთადერთი, რაც ამ ავტომობილისა არ მომწონს, არის ის, რომ სიჩქარეთა გადაცემის მექანიკური კოლოფი აქვს, ქალაქში კი ავტომატიკა გაცილებით მოხერხებულია, მგზავრობისას ცალი ხელი და ფეხი თავისუფალი გაქვს.

- ზვიო, პატრული ხშირად გაჩერებს?

- ავტოსაგზაო მოძრაობის წესებს არასდროს ვარღვევ, რატომ უნდა გამაჩერონ? ცხოვრებაში ერთხელ დამაჯარიმეს და ისიც ქუჩაზე ფეხით გადასვლის გამო. თუმცა არა, ერთხელ კიდევ გამაჩერა პატრულმა - თელავში, ტელეგადაცემა "ტაქსის" ჩაწერისას, მანქანის არასწორად გაჩერებისთვის. მე გადაცემა მიმყავდა, ამ დროს პატრული ჯარიმას მიწერდა.

- ავტოსაგზაო შემთხვევა თუ გქონია?

- კი, სამწუხაროდ, ერთი საშინელი ავარია შემემთხვა სანაპიროზე - ტაქსიმ გზა გადამიჭრა და დავარტყი, ჩემი მანქანა ამოტრიალდა და 50 მეტრი სახურავით ვისრიალე გზაზე. ორივე გადავრჩით, მაგრამ ავტომობილი ჯართად ჩავაბარე. სასაცილო ის იყო, რომ ვითარების გასარკვევად მოსული პატრული საგზაო შემთხვევის გადაღებას რომ მორჩა, მერე ჩემთან იღებდა ფოტოებს იმავე ფოტოაპარატით.

- მანქანის ფერს და ნომერს დიდ მნიშვნელობას ანიჭებ?

- პრაქტიკული ფერები უფრო მომწონს, მაგალითად, ვერცხლისფერი. იოლად არ ისვრება და ლამაზიც არის. რაც შეეხება ნომერს, შერჩევისას ყურადღებას ვაქცევ, თუმცა "ბლატნოი" ნომერში ზედმეტ  ფულს არ გადავიხდი.

- მამაკაცების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ქალი საჭესთან სახიფათოა. შენც ასე ფიქრობ?

- არა მგონია, სახიფათო იყოს, მაგრამ ნერვებს ხშირად მიშლიან იმის გამო, რომ მესამე ზოლში ნელა მოძრაობენ. მათ უმრავლესობას დამწყებ მძღოლს შევადარებდი - გამბედაობა აკლიათ, ნაკადს ვერ მიჰყვებიან, უეცრად უხვევენ და ამუხრუჭებენ.

- რომელია შენი ოცნების ავტომობილი?

- "ლამბორჯინი ევერტონი".

სოფო ყარალაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)