ფრანგულ-იაპონური ავტოალიანსის გეოგრაფია მთელ მსოფლიოს მოიცავს - მის ქარხნებს როგორც აზიისა და ევროპის, ასევე ამერიკის ქვეყნებში წააწყდებით. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ უახლეს სედანს - Renault Latitude ჭეშმარიტად მსოფლიო ავტომობილს უწოდებენ.
როგორც ფრანგული, ასევე იაპონური ავტოწარმოების მიღწევებით გაჯერებული ამ მანქანის მსოფლიო პრემიერა მოსკოვის საერთაშორისო ავტოსალონზე გაიმართა.
საინტერესოა, რომ ამ სედანის კლასიფიკაციის საკითხში იმთავითვე რაღაც გაურკვევლობა იყო: ზოგმა ის D სეგმენტს მიაკუთვნა, თვით მწარმოებელ კომპანიაში კი ბიზნესსედანს უწოდებენ და ამით E სეგმენტს მიაკუთვნებენ, ხოლო მასმედიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ე.წ. წარმომადგენლობით კლასში "ჩაწერა".
ავტოსალონამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ლატიტუდი" "რენო ლაგუნას" დაგრძელებულ პლატფორმაზე აიგო. მაგრამ მოსკოვში უკვე ცხადი გახდა, რომ საქმე არც ისე მარტივადაა: ახალი მოდელი ცალკეულ ელემენტებს, როგორც "ლაგუნას", ასევე "ნისან ტეანას" დაესესხა. "ტეანასავეა" 2,5 ლ მოცულობის 6-ცილინდრიანი ძრავა, რომელიც 177 ცხ.ძ. სიმძლავრეს ავითარებს.
ეს მანქანა ბაზარზე ძირითადად, "ჰონდა აკორდს", "ტოიოტა კამრის", "შკოდა სუპერბსა" და "ფორდ მონდეოს" ტოპ-ვერსიას გაუწევს კონკურენციას. დილერებს მას უკვე ოქტომბერში მიაწვდიან.
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)