მომცრო ფრანგულმა კომპანიამ, - Exagon Motors, - ჰიბრიდული სპორტავტო, Furtive eGT წარმოადგინა, რომლის სერიულ წარმოებაში ჩაშვებაც ორი წლის შემდეგ იგეგმება. ფირმის ხელმძღვანელობა მანქანის გამოშვებას მცირე ტირაჟით გეგმავს - დაახლოებით 100 მანქანა წელიწადში. სიახლეს, რომლის სვლის თადარიგიც 800 კმ-ს შეადგენს, პუბლიკას პარიზის მოტორშოუზე წარუდგენენ.
კუპე მოძრაობაში კომპანია "სიმენსის" მიერ შექმნილ, ორ ელექტრომოტორს მოჰყავს. თითოეული ამ აგრეგატთაგანი 170 ცხძ-ის სიმძლავრისაა. ელექტროგაწევით მანქანის სვლის თადარიგი, სიჩქარისა და ტვირთის გათვალისწინებით, 200-400 კმ-ს შეადგენს. როდესაც ბატარეები სრულადაა განტვირთული, მუშაობაში მცირე ზომის ბენზინის ძრავა ერთვება. მისი საშუალებით აკუმულატორების დატენა და სვლის თადარიგის 800 კმ-მდე გაზრდა ხდება. კომპანია Exagon Motors-ის მონაცემებით, 0-დან 100 კმ-მდე სიჩქარეს სიახლე 3,5 წამში ავითარებს, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ის ნიშნულზე ელექტრონულად იზღუდება.
ამ სპორტავტოს ერთ-ერთი კონკურენტი ამერიკული ჰიბრიდული სედანი, "ფისკერ კარმაა", რომელსაც ასევე პარიზის მოტორშოუზე წარადგენენ. ასეთი მანქანაც ანალოგიური სქემით მუშაობს: 403 ცხ.ძ-ის ჯამური სიმძლავრის მქონე ელექტროძრავებს მოძრაობაში მოჰყავს უკანა ბორბლები, ხოლო 2-ლიტრიანი, 260 ცხძ-ის სიმძლავრის ტურბომოტორი უშუალოდ გენერატორის სახით, მოძრაობისას ბატარეების დასატენად გამოიყენება.
თუმცა Exagon Motors-ის პროექტისგან განსხვავებით, სედან "კარმას" ელექტროაძვრით მხოლოდ 80 კმ-ის გავლა შეუძლია, ხოლო მისი კომბინირებული სვლის თადარიგი 483 კმ-ს შეადგენს. დინამიკური მახასიათებლების მიხედვით, "ფისკერის" მოდელები ასევე ჩამორჩებიან ფრანგულ სპორტავტოს - 100 კმ/სთ სიჩქარის 5,9 წამში განვითარებითა და 200 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარით.
ალექსი რეხვიაშვილი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)