გერმანულმა გამოცემა Autobild-მა მომავალი თაობის BMW 6-Series-ის კაბრიოლეტის ფოტო მოიპოვა და გამოაქვეყნა. ცნობილია, რომ ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა მომავალი წლის იანვარში, დეტროიტის ავტოშოუზე უნდა გაიმართოს.
მომავალი თაობის "მეექვსე სერიის" კუპე და კაბრიოლეტი გარეგნულად იმ კონცეპტუალური ავტომობილის მსგავსი იქნება, რომელიც კომპანიამ ცოტა ხნის წინ პარიზის ავტოშოუზე წარმოადგინა. პროტოტიპის დიზაინზე BMW-ის ახალმა შეფ-დიზაინერმა ადრიანა ვან ჰოიდონკმა იზრუნა.
წინასწარი ცნობებით, ახალი "ექვსიანის" გაბარიტული სიგრძე 4820 მმ-ს, სიგანე 1855 მმ-ს, ხოლო სიმაღლე 1375 მმ-ს შეადგენს. ავტომობილი უკანა ამძრავით იქნება და 6 და 8-ცილინდრიანი ძრავებით აღიჭურვება, რომლებიც 8-საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან შეწყვილდებიან.
ევროპის ბაზარზე მომავალი თაობის BMW 6-Series-ის გაყიდვა 2011 წლის მეორე ნახევრიდან იგეგმება. Autobild-ის ინფორმაციით, ახალი ავტომობილის ფასი გერმანიაში 70 ათასი ევროდან დაიწყება.
მომზადებულია autobild.de-ს მიხედვით.