გერმანულმა კომპანიამ, - Rotary Supers Cars, - თავისი პირველი ნამუშევრის შესახებ დეტალური ინფორმაცია გაავრცელა. ესაა სუპერავტო, სახელწოდებით - Raptor GT. როგორც ოფიციალურ პრესრელიზშია ნათქვამი, ავტომობილს 2,6-ლიტრიანი როტორის ძრავა აქვს, რომელიც mazda 13B MSP-ის ზოგიერთი დეტალის გამოყენებითაა აწყობილი.
სიახლის აგრეგატი სიმძლავრის მიხედვით რამდენიმე ვარიანტად გამოვა: 500, 800 (ტურბინის ვერსიით) და 1200 ცხძ-ით (ბიოეტანოლ E85-ზე მუშაობის პირობით). სუპერავტოს ძარას 80% კარბონისგან დამზადდება, რის საფუძველზეც ნებისმიერი ვერსიის მანქანის მასა 1100 კგ-ს არ გადააჭარბებს. ავტომობილს აქტიური, აეროდინამიკური ელემენტები აქვს, რაც მაღალი სიჩქარით სვლისას გზაზე დაწოლას გაზრდის. მანქანის როტორის ძრავა 8-საფეხურიანი, სეკვენტალური სიჩქარის გადაცემათა კოლოფით იმუშავებს, რომელსაც საფეხურების ცვლა 25-35 მლ/წმ-ში შეეძლება. 500 ცხძ-ის სიმძლავრის მოტორის მქონე ვერსიისთვის 6-საფეხურიანი "სეკვენტალურია" განსაზღვრული.
მწარმოებლის მონაცემებით, "რაპტორ ჯეტის" 1200 ცხძ-ის სიმძლავრის მოტორით აღჭურვილი სუპერავტოს ყველაზე მძლავრი ვარიანტი 0-დან 100 კმ/სთ სიჩქარეს 3 წამზე ნაკლებ დროში, 200 კმ/სთ-ს - 7 წამში, ხოლო 297 კმ/სთ-ს - 15 წამში განავითარებს. ავტომობილი გაჩერდება 406-მილიმეტრიანი, კარბონ-კერამიკული სამუხრუჭე დისკების მეშვეობით.
ამჟამად კომპანია "როტარი სუპერს კარსი" თავის მეორე მოდელზე მუშაობს, რომელსაც VelociRaptro ეწოდება. ასეთ ავტომობილს სრული აძვრის მექანიზმი, სიჩქარის გადაცემათა 8-საფეხურიანი, სეკვენტალური სისტემა და 1200 ცხძ-ის სიმძლავრის ძრავა ექნება. მისი ძარა 90%-ით კარბონისგან დამზადდება, ხოლო მასა დაახლოებით 1100 კგ იქნება. ამ ავტომობილების ბაზარზე გამოჩენის ზუსტი ვადა ამ ეტაპზე არ სახელდება.
მოამზადა ალექსი რეხვიაშვილი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)