Mercedes-ის ახალი კონცეპტი რამდენიმე დღის წინ გამოსცადეს. ჟურნალისტებმა ამ ავტომობილს მომავლის ავტო უწოდეს, და მიუხედავად იმისა, რომ ის სერიულ წარმოებაში არ ჩაეშვება, მასში გამოყენებული ტექნოლოგიური სიახლეები კომპანიის სხვა მოდელებში დაინერგება.
ახალ ავტომობილს F800 Style ქვია და როგორც გავლენიანი გამოცემა "SPIEGELL" წერს, ეს კონცეპტი იმის დემონსტრირებაა, თუ როგორ ხედავენ კომპანიის ინჟინრები და დიზაინერები "მერსედესის" მომავალს.
რაც შეეხება სიახლის მახასიათებლებს: ავტომობილის სიგრძე 4,5 მეტრს შეადგენს, რაც დაახლოებით შუალედურია C და E კლასებს შორის. აქვე აღსანიშნავია მოძრავი უკანა კარები, ჰიბრიდული ძრავი და ავტოპილოტი.
F800 3,5 ლიტრიანი და 272 ცხენის ძალიანი ბენზინის ძრავითა და 109 ცხენის ძალიანი ჰიბრიდული ძრავითაა აღჭურვილი. ავტომობილის მაქსიმალური "ელექტრო" სიჩქარე 120 კმ/სთ-ს აღწევს, ხოლო სრულად დამუხტული ელემენტების პირობებში მას 30 კმ-ის გავლა შეუძლია, მხოლოდ ელექტრომოტორით. სპეციალურ ავტოგასამართ სადგურებზე ბატარეების სრულად დატენვას 15 წუთი, ხოლო სახლის პირობებში 5 საათი სჭირდება. ცალკე აღნიშვნის ღირსია ავტომობილის საწვავის მოხმარებაც - 100 კმ-ზე - მხოლოდ 3 ლიტრი.
რაც შეეხება ნოვაციას - ეს კრუიზ-კონტროლია: ავტომობილს შეუძლია დამოუკიდებლად იმოძრაოს და მძღოლს მხოლოდ საჭის მართვაღა ევალება.
F800-ში გამოყენებული სხვა ტექნოლოგიური ნოვაციები უკვე წარმატებით დაინერგა კომპანიის რამდენიმე სერიულ მოდელში. ასე მაგალითად, ახალი "უსაფრთხოების სისტემა" უკვე გამოიყენება ახალი თაობის CLS კლასებში, ხოლო S კლასის საფლაგმანო მოდელში დისტანციური კრუიზ-კონტროლი ფუნქციონირებს.
გერმანული პრესის ინფორმაციით, ამ "ჭკვიან" კონცეპტზე ძრავის მაქსიმუმი არავის გამოუცდია, ვინაიდან F800-ის შექმნაზე მილიონობით ევრო დაიხარჯა და ვერავინ გაბედა სატერფულზე ბოლომდე დაეჭირა ფეხი.
კოკა კვირკველია
რადიო პალიტრა