ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ ლოს-ანჟელესის საერთაშორისო მოტორ-შოუზე კომპანია Saab-ის ახალი კროსოვერი წარმოადგინეს. Saab 9-4X, Cadillac SRX-ის ბაზაზეა შექმნილი. გარეგნულად ავტომობილი შვედური მინიმალიზმის სტილშია გადაწყვეტილი და ამავე მარკის ახალ სედანს Saab 9-5-ს წააგავს. კროსოვერს ასევე შეუძლია იამაყოს ბი-ქსენონის ოპტიკით, ორმაგი გამოსაბოლქვი მილითა და 18 დუიმიანი საბორბლე დისკებით.
სიახლის სალონი მდიდრულია და ის მოპირკეთებულია ხის დეტალებით, ხოლო სავარძლები რეგულაციის 8 სახით გამოირჩევა. ოპციაში შედის აუდიოსისტემა Bose, სამზონიანი კლიმატ-კონტროლი, GPS-ნავიგაცია 8 დუიმიანი სენსორული ეკრანითა და გასართობი სისტემა უკან მსხდომი მგზავრებისათვის.
9-4X კროსოვერის ძირითადი ვერსია წარმოდგენილია 265 ცხენის ძალიანი V6 ტიპის 3 ლიტრიანი აგრეგატით, რომელიც 100 კმ/სთ სიჩქარეს 9,0 წამში ავითარებს. ხოლო უფრო მძლავრი ვერსია Saab 9-4X Aero აღჭურვილია 300 ცხენის ძალიანი, ტურბირებული "ექვსიანითა" და 2,8 ლიტრიანი მოცულობის ძრავით. ამ მონაცემებით ავტომობილს 100 კმ/სთ-ის ასაკრეფად 8,3 წამი სჭირდება.
მიუხედავად შერჩეული აგრეგატებისა, "სააბის" კროსოვერი დაწყვილებულია მხოლოდ 6-საფეხურიან სიჩქარეთა გადაცემის კოლოფთან და სრული აძვრის მქონე სისტემასთან Saab XWD.
ახალი Saab 9-4X-ის გაყიდვები შტატებში მომავალი წლის მაისიდან დაიწყება, ხოლო ევროპელ მყიდველს მინიმუმ აგვისტომდე მოუწევს ლოდინი. ავტომობილის ფასიც მოგვიანებით გახდება ცნობილი.
კოკა კვირკველია
რადიო "პალიტრა"