"გუშინ განვიკურნე" - ნათია ფანჯიკიძე ჯანსუღ ჩარკვიანზე

"გუშინ განვიკურნე" - ნათია ფანჯიკიძე ჯანსუღ ჩარკვიანზე

თავდაცვის მინისტრის მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანს მისი პოეზიის საღამოსთან დაკავშირებით თბილ სიტყვებს უძღვნის.

"გუშინ ჯანსუღ ჩარკვიანის პოეზიის საღამო იყო. ეს ადამიანი ძალიან მიყვარს. რომ ვაცნობიერებ რა ცოტა დარჩნენ, უფრო მეტად ვგრძნობ რა ძვირფასები არიან. მე კი მახსოვს მათი შეკრებები, ვულკანებივით რომ იყვნენ - ნიჭი, ენერგია, გონებამახვილობა იფრქვეოდა..

ჯანსუღი ახლა 82 წლისაა. როცა ვხედავ, გულში ვეუბნები - დიდხანს იყავი. შენ თუ იქნები დიდხანს, მე მექნება გრძნობა, რომ მამაჩემი დიდი ხნის წასული არაა. დავივიწყებ სინანულს, რომ ჩემს შვილებს ჩემი მამა არ ახსოვთ. გადაწონის სიამოვნების განცდა, როცა ვხედავ რა საყვარლები ხართ ბაბუა და შვილიშვილი, ირმა გიგანი რომ უკრავს შენთვის.

ჯანსუღი ყველას უყვარს, მაგრამ მხოლოდ ნაწილი აცნობიერებს. სადმე ვინმე რომ გააჩერო, შეიძლება არ გითხრას მიყვარსო, ამაზე არ უფიქრია, არ იცის რომ უყვარს, შეიძლება არც წაუკითხავს, მაგრამ მის ლექსს მღერის, თავისით დაბადებული გონია ეს სიმღერა და ავტორი არ აინტერესებს, თუ კარგი მომღერალი არაა, თავისთვის ღიღინებს, თუ სულ არ იცის, მოსმენა სიამოვნებს.

გუშინ სტუდენტებმა თავისებურად წაიკითხეს მისი ლექსები, ხან გარეპეს, ხან მუსიკის ფონზე სიტყვის ახალი მელოდია აღმოაჩინეს და ახალი სიცოცხლე მისცეს მის პოეზიას.

დღევანდელი (მთლად დღევანდელი) დღის პოეზია უმეტესწილად მხოლოდ ტკივილითაა გაჟღენთილი, ხანაც სიცარიელით, ეს კიდევ უფრო საინტერესოა, როგორ შეიძლება სიცარიელემ აავსოს, ან უფრო სწორად გაბატონდეს სულში. ეს ხელოვნება პასუხობს ჩვენს გრძნობებს, ამიტომ ვეთანხმებით, მოგვწონს, მაგრამ მისით განკურნებას ვერ ვახერხებთ. მკურნალის ენერგია იშვიათად აქვს. ავტორი თითქოს იქით გთხოვს შველას..

მე კი გუშინ განვიკურნე. სახლში წამოვედი სავსე გრძნობით, ბედნიერი, სიცოცხლის სურვილით სავსე", - წერს ნათია ფანჯიკიძე.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს