როგორ იწერებოდა მარკესის "მარტოობის ასი წელი" - ლეგენდარული მწერლის ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები

როგორ იწერებოდა მარკესის "მარტოობის ასი წელი" - ლეგენდარული მწერლის ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები

"გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს, მამისმა რომ ყინულის სანახავად წაიყვანა..."  ("მარტოობის ასი წელი")

მაკონდოში, ბუენდიებით დასახლებულ ერთ პატარა სოფელში ჩემი მოგზაურობა დიდი ხნის წინ მძიმედ, დუნედ და მოსაწყენად დაიწყო – გზიდან ერთი სამჯერ მაინც მოვბრუნდი, გვერდით გადავუხვიე და ვერაფრით დავუდე გული გაგრძელებას. მაგრამ საბოლოოდ მაინც ამოვყავი თავი მარკესის მაგიური რეალიზმის სამყაროში და მეც ერთ-ერთი მაკონდოელი გავხდი...

"მარტოობის ასი წელი" პირველად ბუენოს-აირესში გამოიცა. რომანის საბოლოო ჩანაფიქრი მწერალმა 1965 წლის იანვარში ჩამოაყალიბა და იმ დღიდან მოყოლებული, 18 თვის განმავლობაში კაბინეტში გამოიკეტა, გაყიდა მანქანა და ოჯახზე ზრუნვა მთლიანად მეუღლეს, მერსედესს გადააბარა, რომელიც რომანზე მუშაობისას მარკესის შთაგონების წყაროდ იქცა.

მათი სიყვარულის ისტორია შორეულ 1945 წელს, პატარა ქალაქ სუკრში დაიწყო, სადაც გაბო და მერსედესი არდადეგებზე ჩადიოდნენ ხოლმე. 13 წლის მერსედეს ბაჩო პრადომ პირველივე დანახვისას დაატყვევა 18 წლის დამწყები ჟურნალისტის გული.

"ჩვენ არასდროს ვყოფილვართ დანიშნულები. მრავალწლიანი თანაცხოვრების მანძილზე ჩვენს შორის ერთხელაც არ მომხდარა სერიოზული განხეთქილება. ალბათ იმიტომ, რომ ორივე დღემდე ისე ვუყურებთ ყველაფერს, როგორც ქორწინებამდე. ოჯახური ცხოვრება საშინლად რთული საქმეა, რომელსაც ყოველდღე თავიდან იწყებ. და ასე გრძელდება მთელი ცხოვრება. სულ დაძაბული ხარ და ზოგჯერ ეს ძალიან დამღლელია. მაგრამ ოჯახი ამად ღირს. ჩემი ერთ-ერთი რომანის პერსონაჟის არ იყოს, გაგება სიყვარულსაც უნდა", - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში გაბო.

საბოლოოდ "მარტოობის ასი წელი" მკითხველამდე 1967 წელს მივიდა და მარიო ვარგას ლიოსას თქმის არ იყოს "ლიტერატურული მიწისძვრა" მოახდინა, ნოველისტმა უილიამ კენედიმ კი "მარტოობის ასი წელი" ბიბლიის შემდეგ სრულიად კაცობრიობისთვის საჭირო და აუცილებელ წასაკითხად დაასახელა.

გამოცემის დღიდან მოყოლებული დღემდე "მარტოობის ასი წელი" მსოფლიო მასშტაბით 20 მილიონზე მეტი ტირაჟით გაიყიდა და 30-ზე მეტ ენაზე ითარგმნა, მათ შორის ქართულადაც.

"მე არაფერი მომიგონებია. ხალხს ჩემი წარმოსახვა აღაფრთოვანებს, მაგრამ სინამდვილეში საშინელი რეალისტი ვარ. ყველაფერი რაც მოვიგონე, სინამდვილეში მართლაც ხდებოდა", - ამბობდა თავად მარკესი, მწერლი, რომელსაც 1982 წელს ნობელის პრემია მიანიჭეს ლიტერატურის დარგში "რომანებისა და მოთხობებისთვის, რომელშიც ერთად შერწყმული ფანტაზია და რეალობა მთელი კონტინენტის ცხოვრებისა და კონფლიქტს ასახავს".

გაბრიელ ხოსე გარსია მარკესი, "გაბო" ლუიზა სანტიაგა და გაბრიელ ელიხიო გარსიების უფროსი ვაჟი იყო, რომელიც ქვეყანას 1927 წლის 6 მარტს არაკატაკაში მოევლინა. პატარა გაბო მშობლებმა ბებია-ბაბუას მიაბარეს გასაზრდელად. მას მერე მომავალი მწერალი ბაბუისგან, ნიკოლას მარკეს მეხიასგან, გადამდგარი პოლკოვნიკისგან ხშირად ისმენდა სამოქალაქო ომის ისტორიებსა და თქმულებებს, რომელმაც დიდი გავლენა იქონიეს მწერლის შემოქმედებაზე, განსაკუთრებით კი "მარტოობის ასი წელზე".

"ის ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო", - იტყვის მოგვიანებით მარკესი ბაბუაზე.

12 წლის ასაკში მარკესმა სწავლა ბოგოტას იეზუიტურ კოლეჯში დაიწყო, რამდენიმე წლის შემდეგ კი მშობლების თხოვნით კოლუმბიის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. თუმცა, ძალიან მალე მიხვდა, რომ ადვოკატურა მისი საქმე არ იყო და მუშაობა გაზეთ El Espectador-ში დაიწყო. სწორედ ამ გაზეთში გამოქვეყნდა მისი პირველი მოთხრობა La tercera resignacion (მესამე გადადგომა), რომელიც მეტწილად ფრანც კაფკას გავლენით იყო დაწერილი.

ამავე გაზეთში, 1955 წელს 14 პუბლიკაციის სახით გამოქვეყნდა "დამხრჩვალი მეზღვაურის ამბავი", რომელიც გადარჩენილი სამხედრო მეზღვაურის მონათხრობზე იყო დაფუძნებული. ამ ნაწარმოებში მწერალი კოლუმბიურ სამხედრო ხომალდზე კონტრაბანდის გადატანის ფაქტებს ააშკარავებს, რამაც ქვეყანაში საყოველთაო სკანდალი გამოიწვია. 1956 წელს, კოლუმბიის სათავეში როხას პინილია მოსვლის შემდეგ, La tercera resignacion-ი დახურეს, მარკესი კი საკუთარ სამშობლოში პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადეს.

1973 წელს, როდესაც გენერალმა პინოჩეტიმ ჩილეში დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი სალვადორ ალენდე დაამხო, მარკესმა პირობა დადო, რომ იქამდე არაფერს დაწერდა, ვიდრე პინოჩეტი იქნებოდა ხელისუფლებაში. პინოჩეტის დიქტატურა 17 წელს გაგრძელდა.

ამიტომ კოლუმბიელმა მწერალმა დანაპირები ვერ შეასრულა, წერას მიუბრუნდა და 1974 წელს ბოგოტაში გაზეთი "ალტერნატივა" დააარსა და 1981 წლამდე, ვიდრე ხელისუფლებას სათავეში ჩილელი დიქტატორი ედგა, პოლიტიკურ ჟურნალისტიკას მიჰყვებოდა.

ავგუსტო პინოჩეტიმ მარკესი ვერც რომანის გამოცემისგან შეაჩერა - 1975 წელს მწერალმა თავისი კიდევ ერთი აღიარებული რომანი "პატრიარქის შემოდგომა" გამოსცა, რომლის მთავარი გმირი ლითინოამერიკელი დიქტატორის პროტოტიპია.

"ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მისი მმართველობა ამდენ ხანს გასტანდა, - იტყვის მოგვიანებით მარკესი "ვაშინგტონ პოსტისთვის" 1997 წელს მიცემულ ინტერვიუში, - დრომ დამარწმუნა, რომ ვცდებოდი. ის, რასაც მე ვაკეთებდი, პინოჩეტის უფლებას აძლევდა მწერლობისთვის ჩამოვეშორებინე, რაც იმას ნიშნავდა, რომ ნებაყოფლობით ვემორჩილებოდი ცენზურას, არ შემეძლო გავჩუმებულიყავი უსამართლობისა და რეპრესიის შემხედვარე".

გაბრიელ გარსია მარკესი 87 წლის ასაკში მექსიკაში გარდაიცვალა. 1999 წელს ექიმებმა მას ლიმფური სისხლძარღვების კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ალბათ ბედის ირონიაა ისიც, რომ რამდენიმე წლის წინ კი კოლუმბიელ მწერალს დემენცია – მენტალური აქტივობის დაქვეითება განუვითარდა.

"და ნაწერი ზედა იყო განუმეორებელი დასაბამისად და უფრო მეტი ხანიც. ვინაიდან მას, ვისაც ასწლოვანი მარტოობა აქვს მისჯილი, აღარც მეორედ მოსვლა ეღირსება ქვეყნად" ("მარტოობის ასი წელი").

მარიამ ჯავახიშვილი, Ambebi.ge

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს