ოჩამჩირელი მეცნიერი, რომლის კიბერ-გამოგონებამ ქართველი საზოგადოება აალაპარაკა

ოჩამჩირელი მეცნიერი, რომლის კიბერ-გამოგონებამ ქართველი საზოგადოება აალაპარაკა

ირაკლი ქარდავა ოჩამჩირელია, 6 წლის იყო, მშობლიური კუთხის დატოვებამ რომ მოუწია. ახლა 27 წლისაა და მისმა კიბერმეცნიერულმა გამოგონებამ უკვე აალაპარაკა ქართველი საზოგადოება. პროგრამას, სახელად Geo SpeechRecognizer-ი, შეუძლია ხმოვანი ინფორმაციის წერილობითი სახით წაკითხვა, ანუ თქვენ კარნახობთ კომპიუტერს, ის კი ყოველგვარი კლავიატურისა და მაუსის გარეშე წერს. ირაკლიმ სოხუმის უნივერსიტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა წარმატებით დაასრულა. ახლა დოქტორანტურის მეორე კურსზე სწავლობს, დისერტაციაზე მუშაობს და თან ამავე უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს.

- ჩემი კვლევის საგანი კომპიუტერული ლინგვისტიკაა, რაც არსებული ენების შესაბამისი კომპიუტერიული მოდელის შექმნას ნიშნავს. ამ პროგრამის შექმნამდე, გავიარე ყველა ეტაპი იმისთვის, რაც საჭირო იყო ქართული ენის მორფოლოგიური აღწერისთვის. უპირველესად შევქმენით სიტყვების ბაზა. მეორე ეტაპი იყო სიტყვათა მორფოლოგიური სინთეზი. ამ ორი ეტაპის გაერთიანებით მივიღეთ ერთი სრული პროგრამული უზრუნველყოფა. მივიღეთ პროგრამა, რომელსაც ჯერჯერობით მხოლოდ ჩემი ხმა ესმის და მასზე რეაგირებს. შეუძლია ჩემ მიერ წარმოთქმული სიტყვა ტექსტად აქციოს. პროგრამა იმდენად უნივერსალურია, რომ მისი ინტეგრირება ნებისმიერ სხვა სისტემაში ადვილად შეიძლება. ვგულისხმობ უპირველსად ოპერაციულ სისტემებს: Windows, Linux… როდესაც პროგრამის სრულყოფა მოხდება, შეგვეძლება Google-Voice-ის ჩამონათვალში ჩვენი ენაც იყოს.

- რა არის საჭირო პროგრამის სრულყოფისთვის?

- იმისთვის, რომ პროგრამამ ნებისმიერი ადამიანის ხმა გაიგოს, გვჭირდება 200 სხვადასხვა ადამიანის ათწუთიანი კარგი ხარისხის აუდიოჩანაწერი, რომელთა დამუშავების შედეგადაც შეიქმნება ე.წ. აკუსტიკური მოდელი, რომელიც გაითვალისწინებს ნებისმიერი ქართველის ხმას თუ ტემბრს. ამის შემდეგ უკვე მისი მოხმარება შესაძლებელი იქნება. სავარაუდოდ, მომხმარებელთა შორის პირველები ჟურნალისტები იქნებით, ასევე ეს პროგრამა ძალიან გამოადგებათ უსინათლოებსა და ასაკოვნებს. ვმუშაობთ ამ პროგრამის შებრუნებული ამოცანის გადაჭრაზეც. მაგალითად, როდესაც დაველაპარაკებით კომპიუტერს, უნდა მოახერხოს და პასუხი ხმოვანი ფორმით, ჩვენს მშობლიურ ენაზე გაგვცეს. ეს ქართულ ენაზე ხელოვნური ინტელექტის შექმნის პირველი ეტაპებია. დაახლოებით წელიწად-ნახევარში, ალბათ, პროგრამის სრულყოფას მოვახერხებთ...

- იდეის დაპატენტებას არ აპირებთ?

- აქამდე ამ ყველაფერს როგორც მეცნიერულ ნაშრომს, ისე ვუყურებდი, მეცნიერულ წრეებში დაპატენტების ანალოგად საერთაშორისო-სამეცნიერო ჟურნალში ნაშრომის გამოქვეყნება მიიჩნევა, თუმცა, თუ კომერციული შეთანხმების გაფორმება დადგა დღის წესრიგში, მაშინ სამართლებრივადაც დავაპატენტებ.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს