პროექტის - "წიგნი ყველა სოფელს" პრეზენტაცია გაიმართა

პროექტის - "წიგნი ყველა სოფელს" პრეზენტაცია გაიმართა

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, დღეს პროექტის - "წიგნი ყველა სოფელს" პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტი რეგიონული ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობაში წიგნის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში დღეიდან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიიტანოს წიგნები სამების საკათედრო ტაძრის სამრეკლოში, ორგანიზაცია "დავითიანნის" ოფისებში რუსთაველის #21/23-ში, თბილისის ცენტრალურ უბნებში განთავსებულ "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურებზე, სუპერმარკეტების ქსელ "სმარტისა" და რესტორნების ქსელ "ვენდის" ობიექტებზე. წიგნებს ეროვნული ბიბლიოთეკა დაახარისხებს, რის შემდეგაც რეგიონების მოსახლეობისთვის წიგნების მიწოდებაზე "მოსიარულე ბიბლიოთეკა" იზრუნებს. "მოსიარულე ბიბლიოთეკა" საქართველოს დიდ ქალაქებშიც გაჩერდება, სადაც მოსახლეობას ასევე ექნება წიგნების გაჩუქების და პროექტში ჩართვის საშუალება. "მოსიარულე ბიბლიოთეკა" სტარტს 14 აგვისტოს აიღებს და პირველად კახეთს ესტუმრება.

პროექტის პრეზენტაციას დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი პროექტის სხვა მხარდამჭერებთან ერთად დაესწრო.

"პირველ რიგში იდეის ავტორს მინდა მადლობა გადავუხადო. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტში ჩაერთო კერძო ინვესტიციაც, მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია "ვისოლს", "პალიტრა L"-ს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს პროექტი გულთან ახლოს მიიტანა. იმიტომ, რომ წიგნი ადამიანებს აახლოებს და ეს არის ის საზრდო, რომელიც ჰაერივით სჭირდება ყველა ჩვენთაგანს", - განაცხადა ლევან ყიფიანმა.

სვანეთის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და აჭარის სოფლების სასკოლო თუ ცენტრალური ბიბლიოთეკები საჭირო წიგნებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის, "პალიტრა L"-ის, "ვისოლ ჯგუფის", საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნის", "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის", საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით მომარაგდება.

როგორც "პალიტრა L"-ის წარმომადგენელი ქეთი ნაჭყებია აცხადებს, "პალიტრა L " ყოველთვის დაუჭერს მხარს მსგავს პროექტებს.

"ჩვენ ყოველთვის მხარში ვუდგავართ ასეთი ტიპის აქციებს. მით უმეტეს, რომ ეს აქცია მიზნად ისახავს წიგნიერების გაღრმავებას მთელი საქართველოს მასშტაბით. მოხარულები ვართ, რომ ამ პროცესის თანამონაწილეები ვართ და ყველა სოფელს ექნება ბიბლიოთეკის განახლების საშუალება. უკვე შევარჩიეთ ფართო ასორტიმენტი ჩვენი წიგნებიდან და ვგეგმავთ ამ წიგნების მიტანას",-განაცხადა ნაჭყებიამ.

"ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე საზოგადოებას პროექტში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდებს.

"ზოგადად იყო ევროპული ოჯახის წევრი, რას ნიშნავს – ეს არის მაღალი ინტელექტის, ცოდნის, განათლების დონე; ამიტომ არის ეს პროექტი უნიკალური; ცოდნაზე, ინტელექტზე დამყარებული საზოგადოება აღწევს ყოველთვის წარმატებას", - აცხადებს ფხაკაძე.

იდეის ავტორები იმედოვნებენ, რომ პროექტი მთელ საქართველოს მოიცავს.

ვიდეო

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს