დღეს გამოვიდა "საქართველოს იმედის" მეორე ნაწილის პირველი წიგნი, რომელიც ღირს გაბრიელს მიეძღვნება

დღეს გამოვიდა "საქართველოს იმედის" მეორე ნაწილის პირველი წიგნი, რომელიც ღირს გაბრიელს მიეძღვნება

წიგნების სერიის - "საქართველოს იმედის" მეორე ნაწილი კვლავაც ჟურნალ "კარიბჭესთან" ერთად გაიყიდება თვეში ორჯერ და ორი კვირის განმავლობაში მისი შეძენა შეღავათიან ფასად იქნება შესაძლებელი.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის სურვილით და ლოცვა-კურთხევით შეიქმნა ხატი, "საქართველოს იმედად" წოდებული, რომლის წინა მხარეს ქართველი წმინდანებია გამოსახული, უკანა მხარეს კი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანები.

"კვირის პალიტრამ" ორი წლის წინ, ტრადიციულ სააღდგომო საჩუქრად ამ წმინდა ხატის პირის ასლი და აღწერილობა მიართვა თავის მკითხველს. სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, ხატზე გამოსახულ წმინდანებზე უფრო ვრცლად მოგვეთხრო. მართლაც, ჟურნალ "კარიბჭის" და გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ერთობლივი პროექტით უკვე გამოიცა 50 წიგნი, რომლებიც ქართველ წმინდანებს მიეძღვნა. ამასობაში ხატის უკანა მხარეც მოიჭედა მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანთა მინანქრის ხატებით. ამიტომაც პროექტი გრძელდება.

პროექტის პირველი წიგნი მიეძღვნება ღირს გაბრიელს (ურგებაძეს), რომელიც საქართველოს ეკლესიამ ახლახან შერაცხა წმინდანად და "იმედის ხატის" მეორე მხარეს არის გამოსახული მსოფლიო წმინდანებთან ერთად. წიგნი მეტად საინტერესოდაა შედგენილი, აქ თქვენთვის უცნობ არაერთ ამბავს წაიკითხავთ მამა გაბრიელის შესახებ.

მეორე წიგნი პირველ ადამიანებზე - ადამსა და ევაზე იქნება.

"იმედის ხატის" უკანა მხარეს 160-მდე მფარველი წმინდანია გამოსახული, პროექტში ყველა მათგანის ცხოვრება იქნება მოთხრობილი. წმინდა იოანე ნათლისმცემელი, წმინდა მოწამე მაქსიმე, წმინდა მოწამე ანდრიანე ნიკომიდიელი, წმინდა ღირსმოწამე ელისაბედი, მოციქული ტროფიმე ედესელი, ადამი, ევა, ღირსი დედა ქსენია და სხვა...

დეკანოზი ლევან მათეშვილი: - ჟურნალ "კარიბჭის" მიერ აწ უკვე განხორციელებული პროექტი "საქართველოს იმედი" მართლაც ბევრი ადამიანისთვის ნუგეში აღმოჩნდა ღმერთის აღმოჩენისა და მისადმი შედგომის ურთულეს, წინააღმდეგობებით აღსავსე გზაზე. საბედნიეროდ, ეს პროექტი გრძელდება და ახლა მკითხველისთვის ასევე მეტად მნიშვნელოვან მიზანს ისახავს: გააცნოს მას მსოფლიო ქრისტიანული სამყაროსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ადამიანები და მათი ნამოღვაწარი - მსოფლიო ეკლესიის წმინდანები, რომლებმაც გააუკეთესეს სამყარო. მათი დამსახურებაა იმ ფასეულობების დანერგვა ამა სოფლად, რაც იქადაგა იესო ქრისტემ. მათ ღვაწლზე დგას თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ღირებულებითი სისტემა.

თამარ მამაცაშვილი, "საქართველოს იმედის" პროექტის ავტორი და ჟურნალ "კარიბჭის" მთავარი რედაქტორი:

"საქართველოს იმედის" წიგნები ნამდვილი საგანძურია ყველა მორწმუნე ადამიანისთვის, სასიხარულოა, რომ ქართველი მკითხველი დაეწაფა სულიერ წყაროს და პროექტი წარმატებული გახდა. წიგნები კარგი შენაძენია ეკლესია-მონასტრების ბიბლიოთეკებისთვისაც. ახლა კი განზრახული გვაქვს, უფრო ვრცლად ვისაუბროთ ამ წმინდანებზე, რომელთა ლოცვით დგას ჩვენი ქვეყანა და მთელი სამყარო. ამჯერად "საქართველოს იმედის" ხატის მეორე მხარის აღწერილობას შემოგთავაზებთ.

იმედი გვაქვს, პროექტის მეორე ნაწილს მკითხველთა ახალი ნაკადიც შემოუერთდება, გპირდებით, რომ პროექტის ეს ნაწილი კიდევ უფრო საინტერესო და თქვენი სულისთვის სასარგებლო იქნება."

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს