"მოსიარულე ბიბლიოთეკა" კახეთის რეგიონში გაემგზავრა

"მოსიარულე ბიბლიოთეკა" კახეთის რეგიონში გაემგზავრა

საგანმანათლებლო პროექტის - "წიგნი ყველა სოფელს" - ფარგლებში დღეს ე.წ. მოსიარულე ბიბლიოთეკა კახეთის რეგიონში გაემგზავრა. პროექტის პარტნიორმა "პალიტრა L"- მა "მოსიარულე ბიბლიოთეკას" წიგნები გადასცა.

როგორც "პალიტრა L"-ის მარკენტინგის მენეჯერმა, სოფო საყევარაშვილმა განაცხადა, დღეს პროექტს 100-მდე დასახელების წიგნი გადაეცა.

"შევეცადეთ, გაგვეთვალისწინებინა მკითხველის გემოვნება და ასაკიც. ამ წიგნებს შორის არის, როგორც ენციკლოპედია, ისე ხმოვანი წიგნებიც. ეს არ იქნება ერთჯერადი პარტნიორობა. ჩვენ ვართ პროექტის სრული პარტნიორები და ვეცდებით, რომ მივაწოდოთ წიგნები ყველა ეტაპზე", - აღნიშნა სოფო საყევარაშვილმა.

"ვისოლის" გენერალური დირექტორის, ვასილ ხორავას განცხადებით, პროექტი საკმაოდ მნიშვნელოვანია.

"პროექტი - "წიგნი ყველა სოფელს" საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს, დღეს გვაქვს პირველი გასვლითი ტური კახეთში. "მოსიარულე ბიბლიოთეკა" უზრუნველყოფს წიგნების მიტანას შვიდ ადგილობრივ ბიბლიოთეკამდე. "ვისოლ ჯგუფი" აქტიურად არის ჩართული ამ პროექტში. "ვისოლის", "სმარტის", "ვენდის" ობიექტებზე ხდება წიგნების მოტანა, რომლის შემდგომ დისტრიბუციას ახდენს ჩვენი მოძრავი ბიბლიოთეკა", - აღნიშნა ვასილ ხორავამ.

პროექტი "სტუდენტური ერთობის" ინიციატივით დაიწყო. ორგანიზაციის თავმჯდომარე ბექა რაჟონია ამბობს, რომ დღევანდელი დღე საკმაოდ მნიშვნელოვანია.

"ამჯერად გეზი ავიღეთ კახეთისკენ. ჩვენი პროექტის ფარგლებში გურიაში უკვე ჩავიტანეთ წიგნები. მადლობა ყველა მხარდამჭერს. იმედია, ხალხის აქტიურობა გაიზრდება", - აღნიშნა "სტუდენტური ერთობის" თავმჯდომარემ.

პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, "ვისოლ ჯგუფის", საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნის", ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის, "პალიტრა L"-ის, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და ქველმოქმედი საზოგადოების მხარდაჭერით დაიწყო.

პროექტის ფარგლებში წიგნებით მომარაგდება სვანეთის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და აჭარის სოფლების სასკოლო თუ ცენტრალური ბიბლიოთეკები.

პროექტი რეგიონული ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობაში წიგნის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

პროექტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა დალოცა.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს