როგორი იყო თამარ მეფის დროინდელი საქართველო - კარტოგრაფები ახალ რუკებზე მუშაობენ

როგორი იყო თამარ მეფის დროინდელი საქართველო - კარტოგრაფები ახალ რუკებზე მუშაობენ

საქართველოს ისტორიული რუკები ახალი თემატური სახით მალე გახდება ხელმისაწვდომი. მისი შემქმნელი ისტორიკოს-კარტოგრაფი მანანა შეყილაძეა.

"საქართველოში პირველად გამოიცემა საქართველოს ილუსტრირებული ისტორია. ტომეულები, რომლისთვისაც ვქმნით სხვადასხვა თემატურ რუკებს", - განაცხადა მანანა შეყილაძემ. მისი თქმით, რუკები იქნება თემატურად დასურათებული და იოლად აღსაქმელი. რუკები საქართველოს ისტორიის ყველა პერიოდს ასახავს.

"სერიის პირველი წიგნი მთლიანად თამარ მეფეს ეთმობა. რუკებზე ნაჩვენებია, როგორ წავიდა ქართული ლაშქარი შამქორისკენ. ასევე, ნაჩვენებია მარშრუტი ბასიანისკენ, თუ როგორ და რა ვითარებაში მოხდა ეს ბრძოლა, რატომ დაასწრო ქართველთა ლაშქარმა შეტევა მტერს და როგორ დაიცვა მათგან საქართველოს ტერიტორია.

ასევე, წიგნში საუბარია საზღვარგარეთ ქართული ეკლესია-მონასტრების შესახებ. ამ რუკის ჩვენების გარეშე მკითხველი ვერ წარმოიდგენს, თუ როგორ იყო მოფენილი ქრისტიანული მიწები ქართული ეკლესია-მონასტრებით. იერუსალიმში ჯვრის მონასტერი გვქონდა, პალესტინაში, ეგვიპტეში სინას მთაზე, ბულგარეთში, მაშინდელ ბიზანტიაში, კონსტანტინოპოლში... ეს ყველაფერი ძალიან კარგად არის წარმოჩენილი რუკაზე, თუ სად მდებარეობდა უცხოეთში ქართული სავანეები, რომელსაც ქართველი მეფე-მთავრები აფინანსებდნენ და პატრონობდნენ. სადამდე მიუწვდებოდა ხელი ქართულ კულტურას", - ამბობს მანანა შეყილაძე.

უკვე დასრულებულია თამარის მეფობის ხანის რუკების ხატვა. პროექტზე კიდევ რამდენიმე მხატვარი მუშაობს. კარტოგრაფიული ნაშრომი საქართველოს გეოგრაფიულ საზღვრებსაც სცდება და იმ ტერიტორიებსაც მოიცავს, სადაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ, კულტურული ისტორია იქმნებოდა.

"საქართველოს ილუსტრირებული ისტორია" ნოემბრიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად თვეში ერთხელ გაიყიდება.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს