პატრიარქის ეპისტოლეებს ერთ წიგნად იხილავთ

პატრიარქის ეპისტოლეებს ერთ წიგნად იხილავთ

სამაგიდო წიგნების უნივერსალური 2 ათეულის შესახებ უკვე ყველას სმენია. ეს წიგნები ყველასთვის საჭირო და აუცილებელია, ამიტომ მოთხოვნაც შესაბამისია.

მკითხველთა უპრეცედენტო გამოხმაურებისა და მოთხოვნის გათვალისწინებით, გამომცემლობა "პალიტრა L“-ის გახმაურებული სერიის - „სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეულის“ გამოცემა გრძელდება.

ბოლო 5 თვის განმავლობაში, სანამ ათეულის ტომები ეტაპობრივად გამოდიოდა, სერიის მე-10 წიგნის გამოსავლენად მკითხველის გამოკითხვა აქტიურად მიმდინარეობდა. ხმათა უმრავლესობა, 15038 ხმა ერგო „მითოლოგიას“ , რომელიც მეათე ტომად გამოვიდა, ხოლო მეორე ადგილი, 14098 ხმა, პატრიარქის ეპისტოლეებს, რომლითაც სამაგიდო წიგნების სერია გაგრძელდა და მე-11 ტომად 8 თებერვალს გამოვა.

მე-11 ტომში - „ეპისტოლენი“ - შესულია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II -ის საშობაო და სააღდგომო ეპისტოლეები 1978 წლიდან 2015 წლის ჩათვლით. ამ შესანიშნავ გამოცემას, „კვირის პალიტრის“ მკითხველი გაზეთთან ერთად 8 თებერვალს მიიღებს. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით გამოცემული ”ეპისტოლენი” საზოგადოებისათვის აქტუალური თემებით და ბრძნული რჩევა-დარიგებით არის გაჯერებული, ამიტომ ვფიქრობთ, სამაგიდო წიგნად იქცევა ჩვენი მკითხველისთვის.

გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია):

- უწმინდესის ეპისტოლე გაჯერებულია საღმრთო წერილით. მთელი ცხოვრება მიუძღვნა უფალს, ამიტომაც საზოგადოება გულანთებულად უსმენს თითოეულ სიტყვას, როგორც მამობრივი მზრუნველობითა და ფილოსოფიური ხედვით ურთულესი საკითხების მარტივად გადაჭრის გზას. პატრიარქის ნაუბარი განათლებულსა და უბირს ერთი დოზით მიეწოდება, მათ გულამდე აღწევს უბრწყინვალესი რჩევები. მოგვაგონდება მოციქულებზე ნათქვამი სიტყვა: ,,განუხვნა გონებანი მათნი გულისხმისყოფად წიგნთა". უწმინდესის სიტყვები, ქადაგებანი სამარადისოდ დაიუნჯებს მორწმუნეთა გულებში, რადგან თავად სიყვარულის გადმოფრქვევაა ასოთა წყობით. ჩვენი გულის მიმღეობით განიცდის უდიდეს შვებას, ვფიქრობთ, მკითხველი საუკუნო საგზალსა და ნუგეშს მიიღებს ამ წიგნის გაცნობისთანავე.

წმინდა დავით მეფსალმუნის სახელობის ტაძრის მღვდელ-მონაზონი მიქაელი (ბრეგვაძე):

-მაცხოვრის მიერ ეკლესიის დაარსებისთანავე, ეკლესიის მამები და მამამთავრები, ყოველთვის, საკუთარ სამწყსოს, ზეპირ ქადაგებებთან ერთად, ეპისტოლარულ ძეგლებსაც უძღვნიდნენ. ეკლესიის მმართველები ყველაზე მნიშვნელოვან სულიერ და ყოფით მოვლენებს ეხმაურებოდნენ, განმარტავდნენ ქრისტეს მოძღვრებებს, შეაგონებდნენ, ანუგეშებდნენ, აფრხილებდნენ, ასწავლიდნენ როგორ უნდა გაერჩია და გამოეცნო ხალხს მაცხონებელი კეთილი და წარმწყმედელი ბოროტი, რომელიც, ხშირად, სხვადასხვა ავბედობის ჟამს, სახელს და სახეს იცვლის ერში...

უკვე ახალი აღთქმის წმინდა წიგნებში ჩვენ გვაქვს ეპისტოლეები, როგორც საყოველთაო ხასიათის - კათოლიკე ეპისტოლეების სახით, ასევე კერძო ადრესატისადმი, მიძღვნილი რომელიმე ქვეყნის, ქალაქის, დასახლების ან პიროვნებისადმი. მაგალითად, ეპისტოლე, რომაელთა მიმართ, ან ტიმოთეს მიმართ, ანდაც თესალონიკელთათვის მიწერილი და ასე შემდეგ. ეკლესიის წერილობით საგანძურებში მოგვეპოვება უძველესი პაპების, პატრიარქების და მღვდელმთავრების ეპისტოლეები. ამიტომ დღესაც, ამ საეკლესიო ტრადიციის კვალდაკვალ, ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულებზე, რომელმაც კაცობრიობა შეცვალა და მიმართულება და საშუალება მისცა სამყაროს მარადიული სიცოცხლისა და სიყვარულისაკენ - მაცხოვრის შობას და მის დიდებულ აღდგომის ხსენების დღეს, საქართველოს ეკლესიის მამათმთავარი საჭირო ეპისტოლების ძეგლწერით ულოცავს, უქადაგებს და შეამტკიცებს ღვთივრჩეულ სამწყსოს...ასეთი, ეორტოლოგიურ-ეპისტოლარული მიმართვები, საყოველთაო მართლმადიდებელი ქვეყნების ტრადიციაა, ამიტომაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო და სააღდგომო ეპისტოლეები უმნიშვნელოვანესი საეკლესიო მოვლენაა ჩვენი ეკლესიისათვის.

როგორც, მაგალითად, საავადმყოფოებში თავს იყრის საერთო ჯანდაცვის სტატისტიკა, სამართალდამცავ ორგანოებში - დანაშაულთა მონაცემები, განსხვავებულ სამინისტროებში მრავალფეროვანი შემაჯამებელი ანგარიშები, ასევე, ეკლესიაში კარგად ჩანს და აისახება ერის სულიერი მდგომარეობა. გამომდინარე აქედან, უწმინდესი საყდრის საჭეთმპყრობელის ეპისტოლეები უმნიშვნელოვანესი სულიერი გზავნილია, რომელიც სულიერ დანაშაულებს, სულიერ ავადმყოფობებს ებრძვის და ამხელს, ხოლო ერის სულიერ-კულტურულ დონეს ამდიდრებს და უფალისაკენ მიმაახლებელ სიმაღლეზე აჰყავს.

თეა ცაგურიშვილი

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს