"შენმა წერილმა მე მომკლა! დედიკო!..." - გალაკტიონის წერილები დედას

"შენმა წერილმა მე მომკლა! დედიკო!..." - გალაკტიონის წერილები დედას

დედა ნებისმიერი შვილის ცხოვრებაში მთავარი ადამიანია. ვინც არ უნდა იყოს, ყველას განსაკუთრებულად უყვარს საკუთარი დედა.

ახლა დიდი პოეტის, გალაკტიონის წერილებით გვინდა აღვადგინოთ ის ემოცია და დამოკიდებულება, რაც გენიოს პოეტს დედის მიმართ ჰქონდა.

გალაკტიონ ტაბიძე 1891 წლის 17 ნოემბერს სოფელ ჭყვიშში (ვანის რაიონი) დაიბადა. მამა - ვასილ ტაბიძე, სოფლის მასწავლებელი იყო, რომელიც ძალიან ადრე, გალაკტიონის დაბადებამდე, შვიდი თვით ადრე, 23 წლისა გარდაიცვალა.

დედა - მაკრინე ადეიშვილი, ვანის რაიონის სოფელ საპაიჭოდან გახლდათ. ავტობიოგრაფიაში პოეტი ასე წერს: "ჩემი წინაპრები დედის ხაზით მოდიან აფხაზეთის მეფეების, შერვაშიძეთა გვარიდან. ჩემი დიდედის, გურული ქალის, ბერიძის დედა იყო შერვაშიძის ასული. ამგვარად, ჩემში არის სამნაირი ქართული სისხლი: აფხაზების, გურულისა და იმერლის".

1899 წელს გალაკტიონი ქუთაისში, დეკანოზ ნესტორ ყუბანეიშვილის სახლში გახსნილ კერძო, ერთკლასიან მოსამზადებელ სკოლაში მიიყვანეს. 1900 წელს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში ჩაირიცხა. მოგვიანებით სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო... პოეტს დედისგან შორს ყოფნა ხშირად უწევდა, ამიტომ მასთან პერიოდულად წერილებით ჰქონდა ურთიერთობა:

საყვარელო დედა!

როგორც შენ დაიბარე, მე ნესტორ ყუბანეიშვილის სახლში გადავდეგი, მაგრამ შვიდ მანეთ-ნახევარ ნაკლებ არ დამიყენა და ისიც ამ ერთის თვით. შემდეგში კი რვა მანეთ ნაკლებ ვერ დაგაყენებო. ბინა ძალიან კარგია, მხოლოდ ეს არის, რომ ფულს წინდაწინვე თხოულობს, მე ჯერჯერობით ოთხი მანეთი მივეცი, შენგან გამოტანებულს სამს მანეთს პრისკილეს მოცემული მანეთი მივუმატე. კალოშებს ვერ ვყიდულობ. ხაზეიკის ფული, სამ მანეთ-ნახევარი, რაც შეიძლება, მალე გამოაგზავნე; სხვები აქ ყველა წინდაწინვე აძლევენ ორი თვის ფულს. გწერ შენი შვილი გ ა ლ ა კ ტ ი ო ნ ი.

ქუთაისი, 14 იანვარი, 1908 წ.

* * *

ძვირფასო დედა!

შენთან ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი, რომ ამდენხანს ვერ ჩამოვედი. მაგრამ იმედი მაქვს, ძალიან არ იწუხებ. მე ძალიან მალე ჩემოვალ. აქ იმდენი საქმეები მაქვს, და ისე დიდი სამქეები, რომ ნებას არ მაძლევს ასე ადვილად მივატოვო ქუთაისი.

მშვიდობით, საყვარელო დედა!

მე მალე ჩამოვალ.

შენს ამბებს ყოველთვის ვტყობილობ, მადლობა ღმერთს, რომ ავად არ ყოფილხარ.

ეხლა გამაგრდი, დედა! მთელი ქვეყანა გახარებულია თავისუფლებით. შენც უნდა იყო მხიარულად. მე სხვაფრივ კარგად ვარ.

შენი ერთგული და მუდმივად მოყვარული შვილი გ.

1917 წ. მარტი

* * *

ძვირფასო დედა! ჩემო დედა!

შენმა წერილმა მე მომკლა! დედიკო! რატომ იწერები, რომ მე შენთვის სანატრელი ვარ. არა, დედა, შენ გენაცვალე, ჩემზე ნუ ფიქრობ. თუ არ მოვკვდი, სწორედ ურცხვენელად, როგორც გინდა, გავატარებ ჩემს ახალგაზრდობას.

შენ იწერები "შენგან მოძულებული"(!)

ძვირფასო დედა, შენ არ შეგფერის სთქვა - "შენგან მოძულებული".

ო, ჩემო ძვირფასო დედა!.. დედა, რაც შეეხება ჩემს ეხლა ჩამოსვლას, ჩემთვის ძალიან ძნელია. დედიკო! რა ვქნა, სწორედ ეხლა იბეჭდება, დედიკო, ჩემი ოთხი წიგნი, შეიძლება ორი მაინც მალე გამოვიდეს. მე, თუ ეს მოთავდა, მოვალ.

ასე, დედიკო!

მშვიდობით!

წიგნის დაბეჭვდის შემდეგ მე შენთან ვარ.

1929 წლის აგვისტო

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა ლალი ფაციამ

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (ოცდამეორე თავი)

5 აუდიოწიგნი, რომელიც რიგში დროის გასაყვანად დაგეხმარებათ

28 მაისს, ჟურნალ „გზასთან“ ერთად, ნიკოლოზ ტოტოღაშვილის „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა” გამოიცემა