"გაუმარჯოს საქართველოს და პუტინის დედაც!" - "არაჩვეულებრივი გიჟი" ბეგბედერის თბილისური ვოიაჟის უცნობი დეტალები

"გაუმარჯოს საქართველოს და პუტინის დედაც!" - "არაჩვეულებრივი გიჟი" ბეგბედერის თბილისური ვოიაჟის უცნობი დეტალები

"...რა ლამაზი ქვეყანაა და რა საყვარელი ხალხია. ყოველ თვე დავბრუნდები!! გაუმარჯოს საქართველოს და პუტინის დედაც!" - ეს სიტყვები ფრედერიკ ბეგბედერს ეკუთვნის, რომელიც საქართველოში მის ერთ-ერთ მასპინძელს, ტელეწამყვან ოლგა ბაბლუანს გამოატანა ქართველებისთვის, საქართველოზე შეყვარებულმა ფრანგმა მწერალმა...

ამ ემოციურ სიტყვებამდე, არანაკლები ემოციითა და შთაბეჭდილებებით სავსე ორი დღე იყო, რომელიც ბესტსელერების ავტორმა თბილისში გაატარა. "ახლა მივხვდი, რას გრძნობს ჯასტინ ბიბერი", - აღმოხდა მწერალს, როცა მკითხველთან შესახვედრად "ბიბლუსი გალერეაში" მისულს, ათასობით მკითხველი დახვდა ფოტოებისა და ავტოგრაფების მოლოდინში.

"პალიტრა L"-ის მიერ ორგანიზებული შეხვედრა ქართველი მკითხველისთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა. გამომცემლობის დირექტორი, თინა ასათიანი AMBEBI.ge-ს "ბიბლუსი გალერეაში" გამართული შეხვედრის დეტალებზე უყვება: "შეხვედრა დაგეგმილი იყო 11 მარტს 15.30 საათზე. დიდი ხალხმრავლობა დახვდა ავტორს. სანამ მანქანიდან გადმოვიდოდა, ეს რიგი რომ დაინახა, მითხრა: "ასეთ რაღაცას არ ველოდი, შოკში ვარ, წავალ აფთიაქში, დამამშვიდებელს დავლევ და მოვალო. მართლაც წავიდა აფთიაქში, იყიდა წამალი და დაბრუნდა.

ყველაფერი ორგანიზებული იყო. გვყავდა დაცვა, იყო პატრული, მაგრამ იმდენი ხალხი მოვიდა, იმდენს უნდოდა ავტორისგან ავტოგრაფი, ფოტოს გადაღება თუ ავტორთან შეხება, რომ ხალხის გაკონტროლება შეუძლებელი გახდა, ბეგბედერის შენობაში შეყვანა ძალიან გაგვიჭირდა. ჩვენ დაგეგმილი გვქონდა ავტორთან კითხვა-პასუხის რეჟიმი. აუდიტორიას კითხვების დასმის საშუალება მიეცემოდა და შემდეგ დაიწყებოდა ავტოგრაფების დარიგება დამსწრეებისთვის", - იხსენებს თინა ასათიანი.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

კითხვა-პასუხის დაწყებამდე, "პალიტრა L"-მა მწერლის მცირე წარდგენა გააკეთა. თუმცა, "2 წუთიც არ იყო გასული, სკამზე ვეღარ ჩერდებოდა. დაგვიძახა და გვთხოვა ჩაგვეშალა კითხვა-პასუხის რეჟიმი, რადგან პირდაპირ ხალხში ჩასვლა სურდა. გადახტა სცენიდან და აუდიტორიას შეერია. ხალხმა ჯებირები მოარღვია, რიგი დაირღვა, რომლის გათვალისწინებითაც უნდა შემოსულიყვნენ, ავტოგრაფი მიეღოთ და გასულიყვნენ. მწერალს სურდა, რომ მკითხველთან ახლოს ყოფილიყო და მთელი პროცესი თავისი სურვილით წარმართა. ჩავიდა გულშემატკივრებთან, დაიწყო ავტოგრაფების დარიგება. თვითონ აკონტროლებდა სიტუაციას. დაიღლებოდა, ამოვიდოდა სცენაზე, შეისვენებდა და ისევ ჩადიოდა", - ამბობს თინა ასათიანი.

მისივე ინფორმაციით, მწერალს რამდენიმე ქართული ფრაზა ჰქონდა მომზადებული, რომლებიც მისალმებას, მიმართვას და მადლიერებას გამოხატავდა. ბეგბედერი განსაკუთრებით მოხიბლულა ქართული სუფრით და სიამოვნებით დააგემოვნა წითელი ღვინოც: "თქვა, რომ ამ ქვეყანაზე გიჟდება, ძალიან მოსწონს ქართული სუფრა და ჭაჭა მოითხოვა. "ბიბლუსი გალერეაში" ჭაჭა არ გვქონდა. შევთავაზეთ წითელი ღვინო, რომელიც ძალიან მოეწონა და მთელი შეხვედრის განმავლობაში სვამდა, ამბობდა სადღეგრძელოებს", - გვიყვება ასათიანი.

გამომცემლობა "პალიტრა L"-მა მწერალს ქართული ასოებით შესრულებული მისი სახელი და გვარი გადასცა. ქართულმა დამწერლობამ, ფრანგი მწერლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

ფრანგი მწერალი ქართველი ახალგაზრდების კითხვისადმი სიყვარულით აღფრთოვანდა: "ყველაზე მეტად გაუხარდა ის, რომ ამდენი ახალგაზრდა კითხულობს წიგნებს და უყვართ ლიტერატურა. გაუხარდა, რომ მისი ამდენი ნაწარმოებია ქართულ ენაზე გამოცემული და მკითხველი ჰყავს", - აღნიშნავს თინა ასათიანი.

"პალიტრა L" ბეგბედერის შემოქმედების ექსკლუზიური გამომცემელია საქართველოში. ამ ეტაპზე ქართველი მკითხველისთვის 6 ნაწარმოებია თარგმნილი. აპრილის შუა რიცხვებისთვის მისი სულ ბოლო ნაწარმოები "უნა და სელინჯერი" გამოვა.

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

ფოტო: ირაკლი შალამბერიძე