ავტორი:

დღეს ქართული ენის დღეა - საინტერესო ფაქტები ქართული დამწერლობისა და ანბანის შესახებ

დღეს ქართული ენის დღეა - საინტერესო ფაქტები ქართული დამწერლობისა და ანბანის შესახებ

დღეს 14 აპრილია და ქართული ენის დღეა. 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ გააპროტესტა სსრკ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილება საქართველოში ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი ხელისუფლებისგან ქართული ენის სახელმწიფო ენად დაკანონებას ითხოვდნენ. ანალოგიური დემონსტრაციები ბათუმშიც გაიმართა. პროტესტმა შედეგი გამოიღო და კონსტიტუციის 75-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსრ-ს სახელმწიფო ენად ქართული ენა გამოცხადდა.

მსოფლიოში 5000-მდე ენაა, დამწერლობა - მხოლოდ 14, რის გამოც თითოეული კულტურულ ენად იწოდება, მათ შორის არის ქართულიც.

არსებობს ისეთი ანბანებიც, რომლებიც რამდენიმე ენისთვის გამოიყენება, მაგალითად, ლათინური ანბანის საფუძველზე შედგენილ ანბანს ევროპის სახელმწიფოთა უმრავლესობა იყენებს, ამერიკასა და ავსტრალიაში, აფრიკის ქვეყნების უმრავლესობა, აზიის ზოგიერთი ქვეყანა... ქართულს მხოლოდ ქართველები ვიყენებთ.

ჩვენი ანბანი ერთ-ერთი უძველესი და სრულყოფილი ანბანური სისტემაა. უძველესი წერილობითი ძეგლები, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია, V საუკუნით თარიღდება. ბოლნისის სიონის ტაძრის წარწერა 493-494 წლებს განეკუთვნება.

მეცნიერულადაა დადასტურებული, რომ V საუკუნეში ქართველებს დამწერლობა უკვე ჰქონდათ. რეალური ქართული მწიგნობრობის ისტორია კი სათავეს V საუკუნიდან იღებს.

მნიშვნელოვანია XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსის - ლეონტი მროველის ცნობა ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ. მროველი ქართულ დამწერლობას ქართველთა მეფის - ფარნავაზის (IV-III ს. ძვ. წ.) შემოღებულად მიიჩნევს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ XI საუკუნის ისტორიკოსი უფრო ადრინდელი მემატიანის ცნობას ეყრდნობა. ისტორიკოს რამაზ პატარიძემ თავის კვლევაში დაადასტურა, რომ ქართული ანბანი მართლაც ფარნავაზის ეპოქაშია შექმნილი.

არსებობს ასეთი ჰიპოთეზაც, რომ ქართულ ანბანს საფუძველი საქართველოს გაქრისტიანების შემდეგ ჩაეყარა... განიხილება საკითხიც, რომ დიდი ალბათობით, ქართული ანბანი ბერძნულიდან მომდინარეობს...

ჩვენმა ანბანმა სამი საფეხური განვლო:

1. ასომთავრული ანუ მრგვლოვანი;

2. ნუსხური;

3. მხედრული.

თითოეულს თავისი გრაფიკული სტილი აქვს, მაგრამ ასო-მოხაზულობათა ცვალებადობის მიხედვით, ნუსხური დამწერლობა ასომთავრულის განვითარების შედეგია, ხოლო მხედრული - ნუსხურის.

ასომთავრულით (ანუ მრგვლოვანით) შექმნილი ხელნაწერები XI ს-ის ჩათვლით გვხვდება. ნუსხურის პირველი ნიმუშები - IX ს-დან, ხოლო მხედრული - X ს-ში. ნუსხური XIX საუკუნემდე მხედრულის პარალელურად არსებობდა. მხედრული ქართული დამწერლობა ახლაც გამოიყენება.

სამივე სახის დამწერლობისთვის სახასიათო ის არის, რომ ყოველ ბგერას თავისი შესაბამისი ასო-ნიშანი აქვს, რაც ზოგადად ჩვენი დამწერლობის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა.

მოამზადა ლალი ფაციამ

AMBEBI.GE

იხილეთ ასევე: მსოფლიოს ყველაზე ლამაზი დამწერლობის ხუთეულში ქართული შევიდა

„ბიბლუსში“ Lupen-ის პროდუქციაზე 25%-იანი ფასდაკლება გელოდებათ

"გარდასულები" _ თქვენს თაროზე "გარდასული" წიგნი

რომელი წიგნებით ინტერესდებიან ქართველი თინეიჯერები და როგორია მათი ლიტერატურული გემოვნება