ახალი ბესთსელერი, 1000-ზე მეტი თინეიჯერი და სურვილების დაფა "ბიბლუსი გალერეაში"

ახალი ბესთსელერი, 1000-ზე მეტი თინეიჯერი და სურვილების დაფა "ბიბლუსი გალერეაში"

"უამრავი წიგნი წამიკითხავს დაავადებულთა შესახებ, თუმცა "მე, ერლი და მომაკვდავი გოგონა" სრულიად განსხვავებულია. თუ აქ ეძებთ სიყვარულის ბანალურ ისტორიას - ბიჭი გოგონას მომვლელი და მცველი, მაშინ ეს ის არ არის! წიგნში მძიმე ამბავი იუმორითაა მოთხრობილი და რაც მთავარია, ოჯახისა და ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა აქ უმთავრესია. გირჩევთ, წაიკითხოთ "მე, ერლი და მომაკვდავი გოგონა", დამერწმუნეთ, ძალიან კმაყოფილი დარჩებით" - ასე აფასებს ამერიკელი მწერლის, ჯესი ენდრიუსის ნაწარმოებს ერთ-ერთი მკითხველი.

კიდევ ერთი თინეიჯერი წიგნს ასე ახასიათებს: "უპირველესი ინტრიგა წიგნის სათაურია - "მე, ერლი და მომაკვდავი გოგონა", საინტერესოა, არა?! გგონიათ, აქ მოთხრობილი ამბავი სევდიანი და გულისამაჩუყებელია? აბა, როგორ შეიძლება მომაკვდავი გოგონა ვახსენოთ და თან გავიცინოთ ან გავიღიმოთ? თუმცა ეს წიგნი სრულიად საპირისპიროს გვიყვება. აქ თინეიჯერების თავგადასავლებია, მათი ურთიერთობები, მეგობრობა და სიყვარულია...წარმოუდგენლად საინტერესო და სახალისო ნაწარმოებია არა მარტო თინეიჯერებისთვის, არამედ ყველა ასაკის მკითხველისთვის"

ჯესი ენდრიუსის წიგნმა, რომელიც გამომცემლობა "პალიტრა L"- მა თინეიჯერ მკითხველს შესთავაზა, პრეზენტაციაზე უამრავი ახალგაზრდა მკითხველი მიიზიდა. ღონისძიებას, ტრადიციისამებრ, "ბიბლუსი გალერეამ" უმასპინძლა.

"დღევანდელი აქცია განსაკუთრებული იყო, რადგან "ლიბერთინსმა" თავის საყვარელ მკითხველს წიგნი დიდი ფასდაკლებით შესთავაზა. ღონისძიებაზე 1000-ზე მეტმა თინეიჯერმა მოიყარა თავი. წიგნის ავტორი ჯესი ენდრიუსი ძალიან ცნობილი ამერიკელი მწერალია, რომელმაც ამ წიგნით მსოფლიოს თინეიჯერების ყურადღება მიიპყრო. წიგნი მსოფლიო ბესტსელერია, თარგმნილია 35 ენაზე და გაყიდულია მსოფლიოს მასშტაბით 10 მილიონზე მეტი ეგზემპლარი", - აღნიშნა ღონისძიების დასრულების შემდეგ გამომცემლობა "პალიტრა L"-ის პროექტების მენეჯერმა თინათინ ფეიქრიშვილმა AMBEBI.GE- სთან საუბრისას.

"ლიბერთინსის" აქციის ფარგლებში, პროექტის ორგანიზატორებმა ერთგულ ახალგაზრდა მკითხველს სურვილების დაფა წარუდგინეს. ნებისმიერ თინეიჯერს საკუთარი სურვილის წერილობითი სახით დაფაზე დატოვების შესაძლებლობა ჰქონდა. გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ინფორმაციით, "ლიბერთინსი" დაფაზე განთავსებული სურვილებიდან თვეში რამდენიმე მათგანს აასრულებს.

"ბიბლუსი გალარეაში" მისული თინეიჯერები აქტიურად ავსებდნენ სურვილების დაფას და მოუთმენლად ათვალიერებდნენ ახლადშეძენილ ბესტსელერს. ახალგაზრდა მკითხველების შეფასებით, წიგნის მიმართ განსაკუთრებული მოლოდინი სოციალურ ქსელში წინასწარ გაცნობილმა მოკლე შინაარსმა გამოიწვია.

როგორც ერთ-ერთმა მოზარდმა თორნიკე წილაურმა AMBEBI.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, ის ნაწარმოებით მისი სიუჟეტის გამო დაინტერესდა: "პირველ რიგში დამაინტერესა მისმა სიუჟეტმა იმიტომ, რომ ამ ჟანრის წიგნები ყოველთვის ძალიან კარგია ხოლმე. ყველაზე კარგი ის არის, რომ წიგნი ძალიან იაფი ღირდა. მისი ყდა კი შესანიშნავია", - ასე შეაფასა წიგნი თორნიკე წიკლაურმა.

"ლიბერთინსის" ერთ-ერთმა წევრმა, ხატია მარტიაშვილმა AMBEBI.GE-სთან წიგნის მთავარ სათქმელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნაწარმოები მკითხველს საინტერესო გამოცდილებას აძლევს: "ეს წიგნი გვასწავლის მეგობრობას, სიყვარულს, რთულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მარტივად მიღებას და როდესაც წიგნს ხურავთ, გრჩებათ განცდა, რომ ეს არის წიგნი, რომელიც ყველა თინეიჯერმა უნდა წაიკითხოს", - ამბობს ხატია მარტიაშვილი.

წიგნის ქართული ვერსიის ავტორი, ნათია ჩუბინიძე ფიქრობს, რომ ნაწარმოები, აქტუალური თემატიკიდან და თავისი ლიტერატურული სტილიდან გამომდინარე, ქართველი თინეიჯერებისთვის ძალიან საინტერესო იქნება.

რა მოხდება მას შემდეგ, როდესაც წიგნის პერსონაჟების: გრეგის, ერლისა და მომაკვდავი გოგონას გზები გადაიკვეთება და როდესაც ისინი უჩვეულო გარემოში ერთად მოხვდებიან, ამას თინეიჯერი მკითხველი უკვე ჯესი ენდრიუსის ნაწარმოებიდან შეიტყობს.

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს