"ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში თბილისის წიგნის მე-18 საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

"ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში თბილისის წიგნის მე-18 საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

"ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში თბილისის წიგნის მე-18 საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ღონისძიება საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით 26-29 მაისს იმართება.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის დირექტორმა, თინათინ ბერიაშვილმა აღნიშნა, წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებით დატვირთულია, ღონისძიებაზე 60-ზე მეტი მონაწილეა რეგისტრირებული.

"ეს დღე მკითხველებისთვის და გამომცემლებისთვის დიდი დღესასწაულია. ყველა მონაწილე გამორჩეულად ემზადება. თავიანთ სტუმრებს, მკითხველებს ფასდაკლებებს, საინტერესო პრეზენტაციებს და ღონისძიებებს უმზადებენ ", - აღნიშნა თინათინ ბერიაშვილმა.

დედაქალაქის მერის მოადგილემ, ნინა ხატისკაცმა ღონისძიებას წიგნის დღესასწაული უწოდა. "21-ე საუკუნეში, როდესაც ახალგაზრდებს ინფორმაციის მიღების ალტერნატიული საშუალებები აქვთ, ისინი ძალიან დიდი რაოდენობით არიან აქ წარმოდგენილები. ეს ნიშნავს, რომ წიგნი არ კარგავს აქტუალობას და ჩვენი ხვალინდელი დღის განუყოფელი ნაწილია", - აღნიშნა ნინა ხატისკაცმა.

ტრადიციულად, ფესტივალზე ყველაზე დიდი სტენდით არის წარმოდგენილი გამომცემლობა "პალიტრა L". გამომცემლობა მკითხველებს 2000-ზე მეტი დასახელების წიგნს 80%-მდე ფასდაკლებით სთავაზობს. "პალიტრა L"-ის წიგნების შეძენა ერთი ლარიდანაც შეიძლება. გამომცემლობას წარმოდგენილი აქვს როგორც ცნობილი სერიები, ასევე ახალი პროექტები, მათ შორის, "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ", "ჩემი რჩეული მსოფლიო". "ლურჯი ოკეანე", "ლიბერთინსი", "საქართველოს ილუსტრირებული ისტორია", "მსოფლიო კულინარია", საბავშვო ლიტერატურა.

სავაჭრო სივრცის გარდა, "პალიტრა L"-ს საგამოფენო სივრცეც აქვს მოწყობილი, სადაც თემატური "კუნძულებია" განთავსებული, მათ შორის წარმოდგენილია "ქართული მონეტების ოქროს კოლექცია", "ჩემი პირველი ენციკლოპედია".

განსაკუთრებით გამორჩეულია "პალიტრა L"-ის საბავშვო სივრცე. როგორც ცნობილია, "პალიტრა L" ცნობილი იტალიური ბრენდის, "ვინქს კლუბის" ოფიციალური წარმომადგენელი გახდა საქართველოში, შესაბამისად, საგანგებოდ მოწყობილ სივრცეში "ფერიები" ბავშვებს ართობენ და ასაჩუქრებენ.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს