”საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის“ 24 ტომეულს კიდევ 6 წიგნი დაემატება

”საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის“ 24 ტომეულს კიდევ 6 წიგნი დაემატება

ისტორიკოსებისა და მკვლევარების მიერ აღდგენილმა ფაქტებმა, კარტოგრაფიულმა მასალამ, მოვლენების დეტალურად ილუსტრირებულმა რეკონსტრუქციამ ყველა თაობის მკითხველის ინტერესი გამოიწვია.

კონკრეტულად, რომელ ეპოქებსა და პერსონებს მოიცავს ახალი გამოცემები, რომელ პერიოდზე და მოვლენებზეა გამახვილებული ყურადღება და როდიდან შეძლებენ მკითხველები ახალი ტომების შეძენას, ამის შესახებ Ambebi.ge "საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" პროექტის ხელმძღვანელს, ჯაბა სამუშიას ესაუბრა.

-ბატონო ჯაბა, "საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" გამოცემა თავდაპირველად, 24 ტომად იგეგმებოდა. რა გარემოებებმა განაპირობეს ახალი ტომების დამატება?

-24 ტომი ეპოქებად არის დაყოფილი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველა ეპოქა და პიროვნება, რომელიც ჩვენს წარსულს ქმნიდა, სერიაში ვერ მოხვდა. ამიტომ საჭიროდ მივიჩნევთ, ამა თუ იმ ეპოქისადმი დამატებითი ტომების მიძღვნას. განსაკუთრებით გამოვყავით მე-11 საუკუნე, ალექსანდრე დიდი და საქართველოს დაშლის პერიოდი, მე-19 საუკუნე.

-რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ექვსიდან პირველი დამატებული ტომი "ბრძოლის საუკუნე" იქნება. რომელ ეპოქაზე მოუთხრობს აღნიშნული გამოცემა მკითხველს?

-დიახ, "ბრძოლის საუკუნე" - ასე დავარქვით ეპოქას, როდესაც ერთიანი საქართველოს ფორმირება ხდება. ეს არის მე-11 საუკუნის ეპოქა, ბრძოლა ბიზანტიასთან, სელჩუკებთან, არაკეთილმოსურნე ზოგიერთ მეზობელთან, რომელთან ბრძოლაში ფაქტობრივად ერთიანი საქართველოს კონტურები ჩამოყალიბდა, რომელსაც შემდგომ დავით აღმაშენებლის დროინდელი საქართველო დაეფუძნა. ეს არის გამორჩეული ქართველი მეფეების ეპოქა - გიორგი პირველი, ბაგრატ მეოთხე, გიორგი მეორე და ნაწილობრივ, მცირე პერიოდი, დავით აღმაშენებლის ხელისუფლებაში მოსვლა. სწორედ ამ ტომით, "ბრძოლის საუკუნით" დაიწყება დამატებული ტომების გამოცემა, რის შემდეგაც მკითხველს არანაკლებ საინტერესო ტომებს შევთავაზებთ.

-24 ტომიდან ერთ-ერთია "ქართული კინო და თეატრი", ასევე გამოცემულია "ქართული მხატვრობა", ახლა კი "ქართული ხუროთმოძღვრება" გამოვა. რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი თემატური გამოცემები არა მარტო ისტორიით, არამედ, მაგალითად, ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანებისთვის?

-დიახ, გამოცემებს "ქართული კინო და თეატრი" ასევე, "ქართულ მხატვრობას" ახლა ემატება "ქართული ხუროთმოძღვრება" , რადგან ილუსტრირებული ისტორია არ არის მხოლოდ ქრონოლოგიურ რიგზე დალაგებული საქართველოს ისტორია. ეს ასევე არის თემატურად საქართველოს ისტორიის საინტერესო მომენტები.

- ახალი ტომებიდან, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინტერესის საგანი "საქართველო და რუსეთის იმპერია"გახდება.

გამოცემების დამატების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ერთ-ერთი მთავარი აქცენტი სწორედ მე-19 საუკენეზე, საქართველოსა და რუსეთზე იყო. ეს მოვლენები იწყება გეორგიევსკის ტრაქტაქტიდან, საქართველოს დაპყრობიდან, 1801 წლიდან და გრძელდება 1917 წლამდე. ფაქტობრივად, ეს არის მეფის რუსეთის იმპერიაში საქართველოს ყოფნის პერიოდი.

- "საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" აქამდე გამოცემული ტომები გამორჩეული იყო თვალსაჩინოებებით, საგანგებოდ შექმნილი რუკებითა და ილუსტრაციებით. ამ მხრივ, როგორი იქნება ახალი გამოცემები?

-სტილი არ იცვლება, იგივე იქნება გამოცემის ფორმატიც. ჩვენ გვაქვს უამრავი წყარო. მთლიანობაში, ვეცადეთ, რომ ეს გამოცემა მაქსიმალურად მრავალფეროვანი გაგვეხადა.

-გამორიცხავთ, რომ სამომავლოდ სერიას კიდევ რამდენიმე ტომი დაემატოს?

-პროექტი "საქართველოს ილუსტრირებული ისტორია" 30 ტომით სრულდება, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ სხვა პროექტთან დაკავშირებით, ვინაიდან, ისტორია აუცილებლად უნდა მივიდეს მკითხველამდე.

"საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" ახალი ექვსი ტომის პირველი გამოცემა 12 სექტემბერს გამოვა და თვეში ერთხელ, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გაიყიდება.

ანა მარშანია

AMBEBI.GE

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს