ტოპ 5 თრილერი, მათთვის, ვისაც ეს ჟანრი უყვარს

ტოპ 5 თრილერი, მათთვის, ვისაც ეს ჟანრი უყვარს

დაძაბული ატმოსფერო, ლაბირინთივით ჩახლართული სიუჟეტი, ფსიქოლოგიური რებუსები მოულოდნელი დასასრულით - ეს ყველაფერი ისე გითრევს, რომ შენც უნებლიედ ამ ისტორიის მონაწილე ხდები... გრძნობ, როგორ გივლის სხეულში ჟრუანტელი, კანზე ბეწვი წამოგეშლება და სისხლში ადრენალინის მოზღვავებას გრძნობ. შეიძლება ისე აღმოჩნდე შთაბეჭდილების ქვეშ, რომ ღამე, ქუჩაში ეჭვის თვალით დაუწყო ყურება დაბურულ მინებიან შავ მანქანას, რომელიც მიყრუებულ ადგილზე დგას... ან, შიშით შეკრთე, როდესაც უკნიდან ვიღაც უცნობის ჩრდილი წამოგეწევა...

ეს ყველაფერი ძალიან ამაღელვებელია და თუ თქვენც გიზიდავთ მძაფრი შეგრძნებები, თუ არ შეგიძლიათ დაძინება საშიში ზღაპრის წაკითხვის გარეშე, გიჟდებით საზარელი ფსიქოლოგიური თავსატეხების ამოხსნაზე - ეს წიგნების სია ნამდვილად გამოგადგებათ!

1. პოლა ჰოპკინსი - გოგონა მატარებელში

ყოველდღე ერთი და იგივე. რეიჩელი ყოველდღე ერთი და იმავე მატარებლით მგზავრობს. მან იცის, რომ ის ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე შუქნიშანზე გაჩერდება, საიდანაც სახლების მწკრივის უკანა ეზოები ჩანს. მას უჩნდება გრძნობა, რომ იცნობს ადამიანებს, რომლებიც ერთ-ერთ სახლში ცხოვრობენ და მათი ცხოვრება სრულყოფილი ეჩვენება. მერე ის ხედავს რაღაცას, რაც შოკში აგდებს. ახლა ყველაფერი შეიცვალა - რეიჩელს ეძლევა შანსი, იმ ადამიანების ცხოვრების ნაწილი გახდეს, რომლებსაც შორიდან ადევნებდა თვალს.

2. გილიან ფლინი - გაუჩინარებული ქალი

ეს ამბავი იმ დღეს იწყება. იმ დღეს, ვაჟი კარგავს ქალს. ქალი მისი ცოლია. ცნობილი მწერლების ნებიერა ქალიშვილი. პოლიცია ცდილობს გაუჩინარების მიზეზების ამოხსნას. მალე, ქმარს ცოლის მკვლელობაში სდებენ ბრალს. იწყება გამოძიება, თუმცა, ამ ამბავში ლოგიკური ძაფები იოლად წყდება და იბურდება. როგორც ყველა წიგნი, ეს წიგნიც მთავრდება ათი თვის, ორი კვირის და ექვსი დღის შემდეგ. ოღონდ ის არ მთავრდება მკითხველის გონებაში, შეგრძნებებში. რატომ? ამის გარკვევის ბედნიერება თქვენ ახლა ხელთ გაქვთ.

წიგნის გამოსვლის შემდეგ მალევე გამოჩნდა კინოეკრანებზე იმავე სახელწოდების ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ჰოლივუდის ვარსკვლავი ბენ აფლეკი თამაშობს.

3. ჰარლან ქობენი - არავის უთხრა

დევიდ ბეკი დანაკარგს ვერ ურიგდება. რვა წელია, ყოველდღე თავიდან განიცდის მომხდარს. მთვარის მკრთალი შუქით განათებული კამკამა ტბა. შემზარავი კივილი. შორეული ლანდი. ასეთი იყო ღამე, როცა დევიდ ბეკს ცოლი მოსტაცეს. მას ეუბნებიან ახლა, გონს მოეგოს და სამუდამოდ დაივიწყოს წარსული. ის ვერ ივიწყებს! ერთხელაც ყველაფერი იცვლება. კომპიუტერზე ჩნდება გზავნილი - ფრაზა, რომელიც მხოლოდ მან და მისმა ცოლმა იცოდნენ. დევის ეჭვი უჩნდება, რომ ქალი ცოცხალია...თუმცა გზავნილის ავტორი კიდევ ერთ ფრაზას გზავნის:"არავის უთხრა!"

4. მერი ჰიგინს კლარკი&ალაფეა ბერკი - კონკიას მკვლელობა

სკანდალური სატელევიზიო შოუ "ეჭვქვეშ" დიდი ხნის წინანდელ გაუხსნელ დანაშაულებს ეძღვნება. პროგრამის ავტორი, ჟურნალისტი ლორი მორენი, მორიგი გადაცემისთვის შეარჩევს ტრაგედიას,

რომელმაც თავის დროზე მთელი ქვეყანა შეძრა:

ოცი წლის წინათ ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდის მახლობელ პარკში, სტუდენტი გოგონა, სიუზენ დემფსი მოკლეს.

იმ საბედისწერო საღამოს გოგონა ერთ რეჟისორთან, რომელმაც თავის მომავალ ფილმში როლი შესთავაზა, აპირებდა მისვლას, მაგრამ... ამის ნაცვლად, მკვლელს შეხვდა... სიუზენმა გაქცევა სცადა, მაგრამ მდევარმა აჯობა... როდესაც მეორე დღეს მოკლული გოგონა იპოვეს, მას მხოლოდ ცალი ფეხსაცმელი ეცვა. ამიტომაც შეარქვეს ჟურნალისტებმა ამ საქმეს "კონკიას მკვლელობა".

ვინ მოკლა კონკია?! რისთვის?! ვის სჭირდებოდა მისი სიკვდილი?!

5. სტივენ კინგი - ქრისტინი

ეს ერთი ნახვით სიყვარული იყო. 17 წლის არნი კანინგემი ქრისტინის დანახვისთანავე მიხვდა, რომ მის დასაუფლებლად ყველაფერს იზამდა. ქრისტინი ქალი არ არის, მაგრამ არნი კანინგემს თავდავიწყებით უყვარს. ქრისტინი ქალი არ არის, მაგრამ არნის შეყვარებული გოგონა მაშინვე ხვდება, რომ ის მისი მეტოქეა და მისი უჩვეულო ძალა აფრთხობს.

ქრისტინი ავტომანქანაა, ძველი "პლიმუთი", რომელშიც ავი სულით შეპყრობილი მოხუცის სულია ჩასახლებული და ამქვეყნად ყველა და ყველაფერი სძულს, გარდა თავისი პატრონისა...

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს